ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი

ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი

ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში მდებარეობს. არქიტექტურული კომპლექსი მოიცავს ციხე-გალავანს, სასახლეს, წმ. გიორგის ეკლესიას, მარანსა და სხვა სამეურნეო ნაგებობებს. ციხე-გალავანი XVIII საუკუნით თარიღდება. მისი მშენებლობის შესახებ ცნობები არ შემონახულა, თუმცა, სავარაუდოდ, ქსნის ერისთავის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის მიერ უნდა იყოს აგებული. სასახლე XIX საუკუნის I ნახევარში აუგია ივანე ორბელიანს მისი მეუღლის, ნინო ერისთავის მამისეულ მამულში, ამიტომაც იგი ორბელიანების სასახლის სახელითაა ცნობილი. XIX საუკუნის შუა წლებში მისი უკანასკნელი მეპატრონეები იყვნენ ალექსანდრე ორბელიანი და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი. ნინო ერისთავმა (ალექსანდრე ორბელიანის დედა) სასახლე მამულებით რძალს – მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს უბოძა. ორბელიანთა სასახლის ლიტერატურულ სალონში იკრიბებოდნენ ისეთი ცნობილი მოღვაწეები, როგორიც არიან ივანე ჯავახიშვილი, კიტა აბაშიძე, ვახტანგ ორბელიანი და სხვ. თავად მარიამ ჯამბაკურ ორბელიანიც ლიტერატორი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო. სასახლეს გააჩნდა მდიდარი საგვარეულო ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკაში ივ. ჯავახიშვილს ქართლის ცხოვრების უძველესი და მნიშვნელოვანი ხელნაწერი აღმოუჩენია. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში სასახლეში ადმინისტრაციული დანიშნულების დაწესებულებები იყო განთავსებული, 1922-30 წლებში კი – ლამისყანის კომუნა, კომუნის გაუქმენის შემდეგ სასოფლო საბჭო, კოლმეურნეობის გამგეობა, ფოსტა, ბიბლიოთეკა და სხვ. ამჟამად სასახლის კომპლექსი მუზეუმს წარმოადგენს. 

 

არქიტექტურა

ლამისყანის ორბელიანთა სასახლის კომპლექსი მოიცავს გალავანს, სასახლეს, გალავანთან არსებულ დარბაზულ ეკლესიას, მარანს, თავლას, და დამხმარე სათავსებს. ციხეს ახასიათებს გვიანი შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნები, როგორიცაა ვაკე მდებარეობა, ოთხკუთხა გალავანი კუთხეებში კოშკებით, ცეცხლსასროლი ღიობების დახვეწა, ძლიერად დაცული განიერი შესასვლელი და ნისკარტისებური ფორმის მაშიკულები. გალავანი აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებულ მართკუთხა ტერიტორიას საზღვრავს. გალავნის ოთხივე კუთხეში წრიული გეგმის მქონე ორსართულიანი კოშკი დგას. გალავანს  ჩრდილოეთიდან დიდი თაღოვანი შესასვლელი აქვს. ამ მხრიდან გავაკებული მისადგომია და ადვილი იყო თავდასხმებისას სოფლის მოსახლეობის შეხიზვნა. გალავნის კედლები ორიარუსიანია, ზედა იარუსი საბრძოლო იყო და სათოფურებითაა აღჭურვილი, ქვედა იარუსზე ნაკლები სათოფურია. გალავანსა და კოშკებს ქონგურები შემოუყვება. კოშკები აღჭურვილია ასევე ნისკარტისებრი მაშიკულებით. კოშკებს თითო შესასვლელი აქვთ ეზოს მხრიდან, არის ასევე საბრძოლო ბილიკზე გამავალი ღიობები. გალავანსა და კოშკებში გვხვდება სათოფურების სხვადასხვა ტიპი. კოშკებში გაჭრილია სარკმლებიც. გალავნის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში, საბრძოლო ბილიკის დონეზე, შემორჩენილია ნახევარწრიული ფორმის საპირფარეშოების ფრაგმენტები. სამხრეთის კოშკებზე სასახლის მშენებლობისას სწორკუთხა ოთახები დაუშენებიათ. გალავანი ნაგებია რიყის ქვით, კარ-სარკმლებისთვის გამოყენებულია ბრტყელი კვადრატული აგური. 

გალავნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ორბელიანთა სასახლე. ნაგებობა ორსართულიანია, ბებმით მართკუთხა ფორმის. ორივე სართულზე ოთახები ორ მწკრივად ანვილადურადაა განლაგებული. ორივე სართულზე ერთ რიგში ხუთ-ხუთი, მეორე რიგში კი სამ-სამი ოთახია, რომელთაგან შუა ოთახი დიდ დარბაზს წარმოადგენს. პირველი რიგის განაპირა ოთახები კარით კოშკებს უკავშირდება. მეორე სართულს ოთხივე მხრიდან ხის დიდი აივნები ეკვრის. გასათბობად ბუხრები და კედლის ღუმლები გამოიყენებოდა. ინტერიერი მთლიანად შელესილია. სასახლე ნაგებია რიყის ქვითა და ბრტყელი კვადრატული აგურით, აქვს კრამიტის ოთხვერდა გადახურვა. 

ორბელიანთა სასახლის კომპლექსში შედის ასევე წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც გალავნის გარეთ, ჩრდილოეთ კედელთან დგას. იგი აგებულია გვიან შუა საუკუნეებში და შეკეთებულია XIX ს-ში. ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი შებრტყელებული, უსწორმასწორო მოხაზულობის აფსიდით. შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან. აფსიდი დარბაზისგან ფართო მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდის განაპირა ნაწილებში გეგმაში სწორკუთხა, თითო თაღოვანი ნიშია. ინტერიერი ოთხი თაღოვანი სარკმლით ნათდება, თითო სარკმელი აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი, ორი კი – ჩრდილოეთის კედელში. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესია ნაგებია რიყის ქვისა და აგურის მწკრივების მონაცვლეობით. აგურის რიგებში გვხვდება, როგორც ჩვეულებრივი, ასევე დახრილი წყობა. სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში თაღოვანი ნიშია. ნაგებობა გადახურულია კრამიტით. 

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *