აბულის ციხე, დიდი აბული, ჭიქიანის მენჰირი

მწვერვალ დიდი აბულის სალაშქრო მარშრუტი ერთ-ერთი საოცარი და შთამბეჭდავია საქართველოს მრავალფეროვანი მარშრუტებიდან. დიდი აბული სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. იგი აბულ-სამსარის ქედსა და ჯავახეთის ზეგანზე ყველაზე მაღალი მთაა, ამიტომაც მისი მწვერვალიდან უკუდეგანო სივრცეები, ტბები, ჯადოსნური ხედები გვეშლება თვალწინ. დიდი აბული ჩამქრალი ვულკანია და მისი სიმაღლე 3305 მეტრია. ჩვენ მიერ გავლილი ბილიკის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა აბულის ციხეა. აბულის ციხე ციკლოპური ნაგებობაა, რომელიც მთა პატარა აბულზე, ზღვის დონიდან 2670 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება. აბულის ციხე შესანიშნავადაა შემონახული და თავისი გრანდიოზულობითა და გეგმარებით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ამ მოგზაურობისას კიდევ ერთ მეგალითს, ჭიქიანის მენჰირს მოვინახულებთ, რომელიც ვერტიკალურად დადგმულ ქვის მონოლითს წარმოადგენს. მენჰირებს სავარაუდოდ სარიტუალო დანიშნულება ჰქონდათ. აბულის ციხისა და დიდი აბულის მონახულების შემდეგ შეგიძლიათ გზა ულამაზესი ლევანის ტბისკენ განაგრძოთ. ლევანის ტბიდან სოფელ ტამბოვკისკენ მიმავალ გზაზე კი შაორის ციკლოპური ციხეც მოინახულოთ. ჩვენ ამჯერად დიდი აბულიდან საწყის წერტილთან ახლოს, სოფელ ფოკაში დავბრუნდით და ამ მარშრუტს შემოგთავაზებთ.

 

დღე პირველი

გზა აბულის ციხისკენ სოფელ განძიდან იწყება. მთა პატარა აბულის ძირთან მიდის სამანქანო გრუნტის გზა, თუმცა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით არის შესაძლებელი მისვლა. სოფლიდან აბულის ციხემდე 8 კმ-ა, გზა მარტივია. დაბლიდან ციხე თითქმის არ გაირჩევა, მაგრამ როგორც კი პატარა აბულის მორენებით დაფარულ აღმართს აივლით, იგი მთელი დიდებულებითა და მშვენიერებით ამოიმართება თქვენ წინ. გირჩევთ ზედაპირული თვალის შევლებით არ შემოიფარგლოთ და აბულის ციხესთან დაბანაკდეთ. გარდა ციხე-სიმაგრის მთავარი ნაწილისა, გარშემო, ქვების გროვებში მრავალი დარბაზი და სამალავია. პატარა აბულის ფერდობზე არის წყარო, თუმცა ზუსტი ლოკაცია არ ვიცოდით და ვერ ვიპოვნეთ. ამ წყაროს გარდა დიდ აბულთან მდებარე ტბამდე წყალი მთელი გზის განმავლობაში არსადაა, ამიტომ ორი დღის სამყოფი წყალი აუცილებლად უნდა წაიღოთ. ამ უძველეს, საუკუნეების წინ მიტოვებულ, უდიდესი ისტორიის მქონე კედლებთან ღამისთევას ერთგვარი მისტიკურობაც ახლავს. თუკი ამინდმა გაგიმართლათ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ვარსკვლავთცვენა კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდის თქვენს მოგზაურობას. აქ შეიძლება მართლა დაიჯერო, რომ ვარსკვლავის ჩამოვარდნისას ჩაფიქრებული სურვილი ნამდვილად აგიხდება.

 

დღე მეორე

მეორე დღეს გზას დიდი აბულისკენ განაგრძობთ. შეგიძლიათ პატარა აბულის მწვერვალზეც ახვიდეთ და ზევიდან გადმოხედოთ აბულის ციხეს, ან აღმოსავლეთიდან შემოუაროთ მწვერვალს. პატარა აბულიდან დაბლა უნდა დაეშვათ, სამანქანო გრუნტის გზისკენ, რომელიც მაღლიდანაც კარგად ჩანს. გზას გადაჭრით და შეუყვებით დიდი აბულისკენ მიმავალ აღმართებს. სამანქანო გზის გადაჭრის შემდეგ აბულამდე დაახლოებით 6 კმ-ა. აბულის ძირიდან მწვერვალამდე კი – 2კმ. დიდი აბული მთლიანად მორენებითაა დაფარული, როგორც აბულ-სამსარის ქედის უმეტესი ნაწილი, თუმცა ბილიკი შესამჩნევია. ეცადეთ ბილიკს არ ასცდეთ, ეს ბევრად გაართულებს სიარულს, რადგან აღმართი ძალიან მკვეთრია და სიარულისას ქვები ცვივა. მთის წვერთან ახლოს ბილიკი ძალიან ფართოვდება და მწვერვალამდე სესანიშნავი, განიერი გზა ადის. რაც უფრო მაღლა ადიხართ ხედები უფრო და უფრო შთამბეჭდავი ხდება. აბულ-სამსარის ქედის ყველაზე მაღალი მწვერვალიდან (3305მ) საოცარი, ულამაზესი სივრცეები გადაგეშლებათ თვალწინ. ფარავნის ტბა, ლევანის ტბა, სხვა მცირე ზომის ტბები, მთები, სერები და ნისლების მოძრაობა დაუვიწყარ პეიზაჟს ქმნის, მუნჯდები და აღარ იცი რომელ მხარეს გაიხედო, რა გააკეთო, როგორ დაიტიო ემოციების შტორმი. მეორე ღამე შიდიძლიათ დიდი აბულის ძირთან გაატაროთ და უმშვენიერესი მზის ამოსვლით დატკბეთ. ან თუ დაღამებამდე ბევრი დრო გრჩებათ გზა განაგრძოთ და სხვა საბანაკე ადგილი შეარჩიოთ. 

 

დღე მესამე

მესამე დღეს სოფელ ფოკისკენ გაემართებით. თუკი დიდი აბულის ძირთან დაბანაკდით სოფლამდე დაახლოებით 15 კმ გექნებათ გასავლელი. სირთულეები არ გელით, გზა ძალიან მარტივია. ფოკაში შეგიძლიათ მოინახულოთ ფოკას ციკლოპური სიმაგრე. ჩვენი მოგზაურობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი ჭიქიანის მენჰირია. მენჰირი ყველაზე მარტივი მეგალითური ნაგებობაა, იგი ვერტიკალურად მდგარ ლოდს წარმოადგენს. მენჰირები ზოგჯერ სრულიად დაუმუშავებელი, ბუნებრივი ფორმის ქვაა, ზოგჯერ კი დამუშავებულია და მის ზედაპირზე ფიგურებია ამოკვეთილი. ფოკადან ჭიქიანის მენჰირამდე დაახლოებით 16კმ-ა. შეგიძლიათ ავტოსტოპით წახვიდეთ, ნინოწმინდის გზაზე ბევრი მანქანა დადის და დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ. მენჰირი ტრასიდან 500 მეტრითაა დაშორებული და გზიდანაც კარგად ჩანს. წინარექრისტიანული, ათასწლეულების მეგალითი მოგზაურობის ბოლო წერტილია. ბედნიერ ლაშქრობას გისურვებთ…

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *