აკაურთის ეკლესია

აკაურთის ეკლესია

აკაურთის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთაში მდებარეობს. იგი V ს-ის II ნახევრით თარიღდება, მიიჩნევა, რომ მისი მშენებლობის პერიოდი V-VI საუკუნეთა მიჯნას არ უნდა გადასცდეს. სოფელ აკაურთას იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი, თუმცა არაფერს წერს კონკრეტულად ეკლესიაზე: “აკაურთას და ტანძიას ქვითკირის შენებულებანი მრავალნი”. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე, სარკმლის ქვემოთ, ჩუქურთმით შემკული წაგრძელებული ქვის ზედა ნაწილში, შემორჩენილია ეკლესიის აგების თანადროული საამშენებლო წარწერის ფრაგმენტი, რომელიც დღეს ძალიან ცუდად განირჩევა: “უ(ფალ)ო შეიწყალე… რონ…ც…დ…დ”. ტაძრის მთელი დასავლეთ ნაწილი და ფასადების ზედა ნაწილები განახლებულია XX საუკუნის დასაწყისში, ადგილობრივთა ცნობით, არღუთინსკის მიერ. ეკლესიას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა XX საუკუნის 70-იან წლებში და XXI საუკუნის დასაწყისში, თუმცა ძეგლზე ამჟამადაც მიმდინარეობს დაზიანაბის გარკვეული პროცესები და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას. 

 

ძეგლის აღწერა

აკაურთის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკა იყო. დღეისათვის ნავთ გამყოფი ბურჯები შემორჩენილი არ არის და ნაგებობა დარბაზული ეკლესიის იერსახითაა შემორჩენილი, თუმცა არქეოლოგიური სამუშაოებისას გამოვლინდა სვეტების საყრდენი ბაზისები და დადგინდა, რომ ტაძრის სივრცე ორი წყვილი (როგორც ჩანს, გეგმაში წრიული) სვეტით იყოფოდა სამ ნავად. სამწუხაროდ, რეაბილიტაციისას ტაძარში ერთიანი ფიცრული იატაკი დაიგო და წარმოჩენილი არ იქნა ძეგლის გეგმარებითი კომპოზიცია. შესასვლელი სამი ყოფილა, სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით, მაგრამ ჩრდილოეთის შესასვლელი ამჟამად ამოქოლილია. შესასვლელები არქიტრავულია. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ღრმა, მცირედით ნალისებრი, შვერილი, ექსტერიერში ხუთწახნაგა აფსიდით სრულდება. ნალისებრია სატრიუმფო თაღიც. აფსიდი გადახურულია კონქით. საკურთხევლის სატრიუმფო თაღის ზევით საკმაოდ მაღალი შუბლია. ნავების გამყოფი სვეტები კვადრატულ ბაზისებს ეყრდნობოდა. სატრიუმფო თაღი მცენარეული და გეომეტრიული სახეებით შემკულ, მოჩუქურთმებულ იმპოსტებს ეყრდნობა. ინტერიერი ოთხი სარკმლით ნათდება, თითო სარკმელია გაჭრილი სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში და საკურთხევლის აფსიდში. სარკმელთაგან პირვანდელია აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფართო სარკმლები, ადრეული შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი პარალელური წირთხლებით. თავიდან სამხრეთ კედელში მეორე სარკმელიც ყოფილა გაჭრილი. სარკმლების გადამხურავი თაღებიც ნალისებრია. საკურთხევლისა და სარკმლების თაღები გამოყვანილია სოლისებრი ქვებით. სარკმელთა თაღების კლიტის ქვები მცირედით ჩამოწეულია და ამგვარადაა აქცენტირებული. ეკლესია ნაგებია დიდი ზომის სუფთად თლილი კვადრებით. ბაზილიკის სამივე ნავი ერთიან ორფერდა გადახურვაშია მოქცეული, დამოუკიდებელი გადახურვა აქვს შვერილ აფსიდს. გეგმარებით აკაურთის ბაზილიკა საერთოს პოულობს ივრის სიონის ბაზილიკასთან. 

აკაურთის ეკლესიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საფასადო დეკორს. აღმოსავლეთის სარკმელი სადაა, თუმცა, როგორც ჩანს სამხრეთის სარკმლის თაღი რელიეფური დეკორით იყო შემკული, რომელიც დღეს აღარ განირჩევა. უხვადაა შემკული სამხრეთის პორტალი. შესასვლელის არქიტრავის ცენტრში გამოსახულია კომპოზიცია — დანიელი ლომთა ხაროში. ძველი აღთქმის ეს სიუჟეტი ქრისტეს ვნებებისა და აღდგომის წინასწარმეტყველებად მიიჩნევა. კიდურა ნაწილებში კი გამოსახულია ხეებთან მისული ირმები, რაც ადრექრისტიანულ ხანაში გავრცელებული იკონოგრაფიული თემაა და ევქარისტიული დატვირთვა აქვს. არქიტრავს ნაწილობრივ გეომეტრიული ორნამენტების ზოლები აჩარჩოებს, ასევე გეომეტრიული ორნამენტებითაა შევსებული ფონის ზოგიერთი ცარიელი ადგილიც. შესასვლელს გვერდებზე ვერტიკალურად ერთმანეთზე გადახლართული ვაზის ლერწების ორნამენტი დაუყვება, ფოთლებითა და მტევნებით. სამხრეთ ფასადზე გვხვდება კიდევ ერთი საინტერესოდ გადაწყვეტილი რელიეფი — ფარშევანგის გამოსახულება, რომელიც ფიალისებურად ჩაღრმავებულ მედალიონზეა გამოკვეთილი. ჩრდილოეთ ფასადზე სარკმლის ქვემოთ წაგრძელებული ქვაა, რომელიც გეომეტრიული ორნამენტითაა დაფარული და რომელზეც მოთავსებულია ასევე ზემოაღნიშნული წარწერა. ჩუქურთმა დღეს რთულად განირჩევა. ეს ქვა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთის შესასვლელის ზღუდარი უნდა ყოფილიყო. ჩრდილოეთ ფასადზე გვხვდება კიდევ ერთი დეკორატიული ელემენტი, ფილა ფოთლებში მოქცეული ჯვრის გამოსახულებით. აკაურთის მორთულობა საერთოს ამჟღავნებს ბოლნისის სიონის მორთულობის წრესთან, თუმცა აკაურთის ჩუქურთმები და რელიეფები ნაკლებ პლასტიკურია. 

 

 

იხილეთ მსგავსი ტიპის ძეგლები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *