ალპინიზმი

თეთნულდი და გისტოლა

ადამიანი უხსოვარი დროიდან ესწრაფვოდა შეუცნობელ და მიუვალ ადგილებს. სახლდებოდა გამოქვაბულში, აგებდა ციხე-სიმაგრეებსა და საცხოვრისებს კლდეებსა და მაღალ მთებზე, მოგზაურობდა და სახლდებოდა მანამდე უცნობ ტერიტორიებზე. ერთი შეხედვით სახიფათო ადგილები ამავე დროს დაცულობისა და საკუთარი ძალების შეგრძნებას ბადებს. ის რაც შენ უკვე შეიცანი და გაიშინაურე სხვისთვის ჯერ კიდევ უცხო და მიუვალია, ეს უპირატესობას განიჭებს. საბოლოოდ კი თვითგადარჩენის ინსტინქტით ნაკარნახევი თავდაცვითი სწრაფვა სულის საჭიროებად გადაიქცა და თავისუფლების განცდისა და თვითგამოხატვის საშუალებაც კი გახდა. სწორედ აქ იწყება ალპინიზმის ისტორიაც. გზა მწვერვალებისკენ სავსეა უდიდესი ხიფათებით, ეს ბეწვის ხიდზე გავლაა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, თუმცა ყოველ ასვლას ახლავს სამყაროს სიდიადის, სიცოცხლისა და ადამიანის უკიდეგანო შესაძლებლობების მძაფრი შეგრძნება. მწვერვალზე ყოველი ასვლა თითქოს ზღვრის გადალახვაა. „მწვერვალზე ასვლა თავისებური გამოწვევაა, მაგრამ ხელოვნება ის კი არ არის სიკვდილი ვეძიოთ, არამედ ის, რომ ამ ორთაბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდეთ“- ეს სიტყვები მთამსვლელობის ლეგენდას, რაინჰოლდ მესნერს ეკუთვნის.

 

ალპინიზმის ისტორია

ადამიანმა მრავალი საუკუნის წინ დაიწყო მთების გადალახვა, თუმცა თანამედროვე ალპინიზმის დასაბამად 1786 წელი ითვლება, როდესაც შვეიცარიელმა გლეხმა ჟაკ ბალმა და ფრანგმა ექიმმა მიშელ-გაბრიელ პაკარიმ პირველი სპორტული ასვლა განახორციელეს მონბლანზე (4807 მ). ერთი წლის შემდეგ კი მონბლანზე შვეიცარიელი ნატურალისტი და ფიზიკოსი ორას ბენედიქტ დე სოსიური ავიდა და მეტეოროლგიური, გეოლოგიური და გლაციოლოგიური დაკვირვებები ჩაატარა. იმ დროისთვის მონბლანის დაპყრობა უდიდესი მოვლენა იყო. ერიკ შიპტონი ჟაკ ბალმასა და მიშელ-გაბრიელ პაკარის შესახებ წერდა: „მათ საოცარი მამაცობა და გამბედაობა გამოიჩენს. ეს იყო ალპინიზმის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ამასთანავე ამ ორმა ადამიანმა ისეთი მიწები გაიარეს, რომლებიც მანამდე გაუვალ ადგილებად იყო მიჩნეული.“ პირველი ალპინისტური ასვლიდან 167 წლის შემდეგ კი ადამიანმა დედამიწის უმაღლეს წერტილზეც დადგა ფეხი. პირველი წარმატებული ექსპედიცია ევერესტზე 1953 წლის 29 მაისს ჯონ ჰანტის ინგლისური ექსპედიციის წევრებმა: თენსინგ ნორგეიმ და ედმუნდ ჰილარიმ განახორციელეს. იმ დროისთვის ჯომოლუნგმა 12 მთამსვლელის დაღუპულ სიცოცხლეს ითვლიდა.

ედმუნდ ჰილარი და თენსინგ ნორგეი
ედმუნდ ჰილარი და თენსინგ ნორგეი

ნორგეი და ჰილარი იხსენებდნენ როგორ აძვრა ჰილარი კლდოვან “ჟანდარმსა” (“ჟანდარმი” მთამსვლელთა ენაზე ხერხისებურად დაკბილულ კლდეს ნიშნავს) და უშველებელ “კარნიზსს” (თოვლის კარნიზი – მტკიცე თოვლის მძლავრი დაგროვება მთათა თხემებზე და მწვერვალებზე) შორის ამავალ ნაპრალში დიდი გაჭირვებით, თენსინგი კი მას ქვემოდან იცავდა. როცა იმ “ჟანდარმის” თავზე მოექცნენ მათ წინ კვლავ ასეთივე დაბრკოლება აღიმართა. მომდევნო სირთულეც რომ გადალახეს, იგივე სურათი განმეორდა, თითქოს ეს გზა აღარ დასრულდებოდა. შემდეგ კი თხემმა მოულოდნელად ქვემოთ დაიწყო დაშვება და როცა ირგვლივ მიმოიხედეს აღმოჩნდა, რომ ისინი დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე იდგნენ. მათ ევერესტზე გაერთიანებული ერების, დიდი ბრიტანეთის, ნეპალისა და ინდოეთის დროშები, ტკბილეული “ცის მბრძანებლისთვის”, თენსინგის შვილის გამოტანებული ფერადი ფანქრები და ჰანტის გამოტანებული თილისმა – შავი ნაჭრის, თეთრთვალება ფისო დატოვეს.

 

ალპინიზმი საქართველოში

მყინვარწვერი
მყინვარწვერი

1923 წელს მყინვარწვერზე ერთდროულად ორი ასვლა განხორციელელდა. პირველ ექსპედიციას ქართველი მათემატიკოსი და გეოგრაფიული საზოგადოების დამფუძნებელი გიორგი ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა. მისი გუნდი 17 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 3 ქალი იყო, ჯგუფის წევრები იყვნენ: გიორგი ნიკოლაძე, იაგორ კაზალიკაშვილი, მარიამ ბეჟანიშვილი, ელენე ლორთქიფანიძე, ასმათ ნიკოლაიშვილი, მარიამ ტყავაძე, ლიდა ჩხეიძე, ატო აღნიაშვილი, ალექსანდრე კილაძე, ზაქარია მამამთავრიშვილი, მიხეილ მათიაშვილი, ვასილ მჭედლიშვილი, მიხეილ ჯინჭარაძე, აბზი ბეზურთანოვი და გამყოლები: ალექსანდრე ჩუმიხინი, კურტ პაკენდორფი, გიორგი ალიხანოვი, ფრიდრიხ ბაუმჰაუერი. გიორგი ნიკოლაძის გუნდი მყინვარწვერზე 28 აგვისტოს ავიდა.

პირველი ექსპედიციის წევრები
პირველი ექსპედიციის წევრები

მეორე ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: გახა წიკლაური, ალექსანდრა ჯაფარიძე, იოსებ ასლანიშვილი, ანდრია თოფაძე, ვალენტინ თულაშვილი, არნოლდ ვეისი, ტარასი ზაგაშვილი. ამ ექსპედიციას ალექსანდრე დიდებულიძე ხელმძღვანელობდა. ისინი მყინვარზე 3 სექტემბერს ავიდნენ. ქართული და ასევე საბჭოთა ალპინიზმის დასაბამად სწორედ 1923 წელი ითვლება. “ეს მწვერვალია. მოწინავეებმა საფეხურების ჭრას თავი დაანებეს და პირდაპირ ზევით აირბინეს. მიზანი მიღწეულია. აღსრულდა მრავალი წლის ოცნება. მრავალი დღის შრომა და მზადება ბრწყინვალედ დაგვირგვინდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა” – წერდა მყინვარწვერზე პირველი ქართული ასვლის შესახებ გიორგი ნიკოლაძე. ალექსანდრა ჯაფარიძე კი თავის ჩანაწერებში ასე აღწერს მყინვარწვერთან პირველ შეხვედრას: “გიზიდავს თავისკენ და ისე ძლიერად, რომ იშვიათად თუ ვინმე გაუძლებს მას. გინდა ახლოს მიხვიდე, შეეხო, თავზე ხელი გადაუსვა და მიუალერსო. ეს ერთადერთი გმირია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო და დაიმონა”.

მეორე ექსპედიციის წევრები
მეორე ექსპედიციის წევრები

1925 წელს, კვლავ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით, განხორციელდა 19 კაციანი ასვლა კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე – იალბუზზე. ამ ექსპედიციაში ხუთივე ქალი მონაწილეობდა მყინვარწვერზე პირველი ასვლის შემადგენლობიდან. 1927 წელს სიმონ ჯაფარიძემ დასთან – ალექსანდრასთან, გახა წიკლაურთან და იაგორ კაზალიკაშვილთან ერთად კვლავ დალაშქრა მყინვარწვერი სრულიად ახალი გზით – გერგეტის მყინვარის გავლით. ამ მარშრუტს “სიმონ ჯაფარიძის გზას” უწოდებენ და დღემდე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ გზად ითვლება. ამ ასვლისას სიმონმა მწვერვალზე დადგა ჯიხური, რომელშიც თვითმწერი მეტეოროლოგიური ხელსაწყოები განათავსა ამინდზე დაკვირვებისთვის. ერთი კვირის შემდეგ კი კვლავ ავიდა მყინვარწვერზე ავტომატური ჩანაწერის მოსახსნელად. იმ დროისათვის ეს მსოფლიოში პირველი ავტომატური ჩანაწერი იყო ასეთ სიმაღლეზე. კვლევის შედეგები დაიბეჭდა ინგლისის გეოგრაფიული საზოგადოების ჟურნალში, მწვერვალიდან მოხსნილი დიაგრამა კი პარიზში, მსოფლიო მიღწევათა გამოფენაზე გაიგზავნა.

ალიოშა ჯაფარიძე, დავით დონდუა, სიმონ ჯაფარიძე
ალიოშა ჯაფარიძე, დავით დონდუა, სიმონ ჯაფარიძე

სიმონ ჯაფარიძის სახელთანაა დაკავშირებული საქართელოს ალპინიზმის ისტორიაში პირველი უბედური შემთხვევა, რომელსაც ალპინისტების სიცოცხლე შეეწირა. 1927 წელს განხორციელდა ექსპედიცია თეთნულდზე, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. 27 აგვისტოს მწვერვალისკენ გავიდა სამკაციანი ჯგუფი. ასვლისას პიმენ დვალი ყინულს მოსწყდა, სიმონ ჯაფარიძე მის დასახმარებლად წავიდა და გადარჩენის მცდელობისას ორივე ფერდობზე გადაეშვა. პიმენ დვალის ცხედარი მაშველმა ჯგუფმა მალევე იპოვნა, სიმონ ჯაფარიძის პოვნა კი ათი დღის შემდეგ მოხერხდა. მთამსვლელთა დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგ ალიოშა ჯაფარიძემ, სიმონ ჟაფარიძის ძმამ, თეთნულდზე სოლო ასვლა განახორციელა. ასვლიდან ორი დღის შემდეგ კი მან კვლავ დალაშქრა თეთნულდი მის დასთან – ალექსანდრა ჯაფარიძესთან, ადსილ ავალიანთან და იაგორ კაზალიკაშვილთან ერთად.

თეთნულდი
თეთნულდი

ქართული ალპინიზმისათვის 1934 წელი გარდამტეხი იყო. ამ წელს ე.წ. “უშბის ექსპედიციის კომიტეტი” შეიქმნა და განხორციელდა უშბის მწვერვალზე ასვლა. ექსპედიციის შემადგელობაში იყვნენ: ალიოშა ჯაფარიძე, სანდრო გვალია, ალექსანდრა ჯაფარიძე, იაგორ კაზალიკაშვილი, გიო ნიგურიანი, ლევან მარუაშვილი, მიქელ პატარიძე. უშბის მწვერვალის დალაშქვრამ საბჭოურ ასვლებსა და ტექნიკურად რთული მწვერვალების ათვისებას დაუდო სათავე. 1934 წელს პროლეტარული ტურიზმისა და ექსკურსიების საზოგადოების ცენტრალურმა საბჭომ “ალპინიზმის ოსტატის” წოდება დააფუძნა, რომელიც 1940 წელს გადაკეთდა წოდებად – “სსრ კავშირის სპორტის ოტსატი ალპინიზმში”. აღნიშნული წოდება პირველებს ალიოშა ჯაფარიძეს, სანდრო გვალიასა და დავით წერეთელს მიენიჭათ. 1936 წელს დაარსდა საქართველოს ალპური კლუბი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული ალპინიზმის განვითარებაში. კლუბი 1945 წლიდან ალიოშა ჯაფარიძის სახელს ატარებს.

ალექსანდრა ჯაფარიძე
ალექსანდრა ჯაფარიძე

1940 წელს მთასვლელთა ჯგუფმა ე.წ. “ცენტრალური კავკასიონის დიდი ტრავერსი” გაიარა, თეთნულდიდან შარი-თაუმდე. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეები, გაბრიელ და ბექნუ ხერგიანები, გოჯი ზურებიანი, ლევან სუჯაშვილი, ვახტანგ ქირიკაშვილი. მათ 20-ზე მეტი მწვერვალი გაიარეს. ეს მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში პირველი ტრავერსი იყო, რომელშიც ქალი მონაწილეობდა. საქართველოს მთების დალაშქვრის შმდეგ ქართველი მთამსვლელები პამირ-ტიან-შანის მთებითაც დაინტერესდნენ. ისინი კავკასიონის, პამირისა თუ ტიან-შანის მთებში მრავალ მწვერვალზე პირველამსვლელები არიან და ასევე ბევრი ახალი, ურთულესი მარშრუტის გამკვალავები. 1957 წელს პამირში დარვაზის ქედის ტრავერსი გაიარეს ჯუმბერ მეძმარიაშვილმა, თეიმურაზ კუხიანიძემ, ოთარ და რევაზ ხაზარაძეებმა, ლევან და ზურაბ ახვლედიანებმა, აგი აბაშიძემ, ილია გაბლიანმა, ბექნუ ხერგიანმა, ჭიჭიკო ჩართოლანმა. ისინი შვიდ 6000-იან მწვერვალზე ავიდნენ და ტრავერსის კლასში ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. ლეგენდარულმა ქართველმა მეკლდეურმა მიხეილ ხერგიანმა 1964 წელს სვანეთში ძლიერი მთასვლელების გუნდი შეკრიბა, რომლითაც ქართული ალპინიზმი გააძლიერა. გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ჯოკია გუგავა, შალვა მარგიანი, ჯუმბერ კახიანი, გივი წერედიანი, მიხეილ ხერგიანი-უმცროსი, “უშბის კედელი” ამავე წელს გაიარა და საკავშირო ოქროს მედალი მოიპოვა.

უშბა
უშბა

განსაკუთრებული იყო 1976 წელი, საქართველოს მთამსვლელთა ორმა გუნდმა მოიპოვა ჩემპიონობა პამირსა და ტიანშანში. 1991 წლის 10 ოქტომბერს ქართველმა ალპინისტმა რომან გიუტაშვილმა ევერესტი დალაშქრა. 1999 წელს ევერესტზე ერთდროულად ორი ქართული ჯგუფი ავიდა. ქართველმა ალპინისტებმა სხვადასხვა დროს ჰიმალაის სხვა მწვერვალებიც დალაშქრეს. ეს მთასვლელები არიან: აფი გიგანი, ბიძინა გუჯაბიძე, ირაკლი უგულავა, გია თორთლაძე, მერაბ ნემსიწვერიძე, გელა ოთარაშვილი, ლევ სარქისოვი, ბენო ქაშაყაშვილი, ავთანდილ ცინცაძე, მერაბ ციხესელი, მერაბ ხაბაზი. 2003 წელს ამადაბლამზე ავიდა სოფო თვარაძე. ის პირველი ქართველი ქალი ალპინისტი იყო ჰიმალაებში. 2004 წელს კი ლენინის პიკზე ლიკა ნოზაძე ავიდა, რომელიც პირველი ქართველი მთამსვლელი ქალია, ვინც შვიდიათასიანზე ავიდა.

მიხეილ ხერგიანი
მიხეილ ხერგიანი

ალიოშა ჯაფარიძე  და დავით წერეთელი 1936 წელს “პამირის გმირებად” აღიარეს. 1960 წელს მიხეილ ხერგიანს და იოსებ კახიანს “კლდის ვეფხვის” წოდება მიენიჭათ. 1967 წელს პირველი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები გახდნენ მიხეილ ხერგიანი, გიორგი (აგი) აბაშიძე, დიმიტრი დანგაძე და შოთა მირიანაშვილი. რომა გიუტაშვილს (პირველი ქართველი, რომელიც ევერესტზე ავიდა. 1991 წელი), ბიძინა გუჯაბიძეს, აფი გიგანს, თამაზ შარაშენიძესა და ლევონ სარქისოვს “თოვლის ჯიქის” წოდება მიენიჭათ. ევრაზიის მთამსვლელთა კავშირის ორდენით – “ედელვაისით” დაჯილდოვდნენ ბენო ქაშაკაშვილი და ლევონ სარქისოვი. ქართველი მთამსვლელები წარმატებულ ასვლებს ახორციელებენ ქართული ალპინიზმის დასაწყისიდან დღემდე და მათ საპატიო ადგილი უჭირავთ მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში.

 

გიორგი ნიკოლაძე და ალექსანდრე დიდებულიძე
გიორგი ნიკოლაძე და ალექსანდრე დიდებულიძე

 

ალპინიზმი უძველეს დროში

ისტორიულ-ლიტერატურული და ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება, რომ კავკასიელები, მათ შორის ქართველებიც, უძველესი დროიდან იცნობდნენ ალპინისტური ტექნიკის საფუძვლებს და იყენებდნენ მთაში სიარულისთვის საჭირო ძირითად საჭურველს, როგორიცაა: წრიაპი, რკინის პალოები, წერაყინი, თოკი და ჯაჭვი, საცოცი ტყავები და თხილამურები. კავკასიონის მთების შესახებ ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი (ძვ. წ. I ს.) წერს: “მწვერვალები ზამთრობით გაუვალია, მხოლოდ ზაფხულობით ადიან ფეხებზე ლურსმნებით დაჭედილი, დამუშავებული ტყავით ამოკრულები. ხოლო ეს ტყავები სიფართოვით დაფის ოდენაა და ამას იკეთებენ თოვლისა და ყინულის გამო”. სულხან-საბა ორბელიანის “სიტყვის კონაში” განმარტებული ბევრი სიტყვა კი დღევანდელ ალპინიზმშიც ადრინდელი მნიშვნელობით გამოიყენება. მყინვარწვერის ფერდობზე, 4 100 მეტრის სიმაღლეზე, კლდეში ნაკვეთ ხელოვნურ გამოქვაბულში შუა საუკუნეების ნივთები და მონეტებია ნაპოვნი. კავკასიონის მწვერვალებზე პირველამსვლელებად ინგლისის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ალპინისტები ითვლებიან. მათ გამყოლებად როგორც წესი, ქართველები ახლდნენ, რომლებმაც მთაში მოძრაობის ტექნიკა და მთის პირობები კარგად იცოდნენ. ცნობილია ზოგიერთი მათგანის სახელიც: გიო ლობჟანიძე, მიტო არღვლიანი, კოტე ფიცხელაური, ლალა ხუციშვილი, მურათბი კიბოლანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *