ზემო ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ზემო ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მდებარეობს. იგი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. XVI საუკუნის I ნახევარში ტაძარი საფუძვლიანად შეუკეთებიათ და ინტერიერი მოუხატავთ. მხატვრობა 1529 – 1531 წლებშია შესრულებული ლევან მეფის დაკვეთით. ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომელსაც სამხრეთიდან ორსართულიანი სამრეკლო ეკვრის. სამრეკლო კარიბჭის ფუნქციას ითავსებს. ეკლესიის შიდა სივრცე სამ ნავად დაყოფილია ორი წყვილი ჯვროვანი გეგმის ბურჯით და მათზე გადაყვანილი ნახევარწრიული თაღებით. გვერდითა ნავები მთავარ ნავთან შედარებით უფრო ვიწრო და დაბალია. შუა ნავი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი დანარჩენი სივრციდან აგურის კანკელითაა გამოყოფილი. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით სადიაკვნე და სამკვეთლოა განლაგებული. ეკლესია სუსტად ნათდება, რადგან ვიწრო და მცირე ზომის სარკმლები აქვს, სივრცე კი საკმაოდ დიდია. იტაკი მოგებულია კვადრატული აგურით. გვერდის ნავები გადახურულია სხმული კამარით, რომლებსაც საბჯენი თაღები არ აქვთ. ინტერიერი შელესილი და მოხატულია. მოხატულობაში თბილი და პასტელური ტონები ჭარბობს. კომპოზიციები მრავალფეროვანია, გვხვდება, როგორც რელიგიური სცენები, ასევე წმინდანთა და საერო პირთა ცალკეული გამოსახულებები. ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. სამრეკლო თითქმის აგურითაა ნაგები. მისი პირველი სართული სამი ფართო შეისრული თაღით გახსნილ კარიბჭეს წარმოადგენს, რომელიც შეისრული კამარითაა გადახურული (ორი თაღი ამჟამად ამოშენებულია). მეორე სართული რვაწახნაგაა და მის ყოველ წახნაგში თითო მაღალი შეისრულთაღიანი ღიობი იყო, თუმცა დღესდღეობით ამ ღიობების ნაწილიც ამოშენებულია. სართული გადახურულია წესიერი ფორმის გუმბათოვანი კამარით. სამრეკლო აგურით ნაწყობი რვაწახნაგოვანი პირამიდული ფორმის სახურავით სრულდება. ეკლესიის სამხრეთით გეგმით სწორკუთხა ერთსართულიანი შენობის კედელია შემორჩენილი, დასავლეთით – მარნის კედლის მცირე ნაწილი და რამდენიმე ქვევრი. ეზოს ნატეხი ქვით ნაგები წრიული გალავანი ჰქონდა შემოვლებული, თუმცა მისგან მხოლოდ მცირე ნაშთებია შემორჩენილი. ეკლესიიდან ალაზნის ველისა და ალავერდის ტაძრის შესანიშნავი ხედები იშლება. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *