ანჩისხატის ტაძარი

ანჩისხატის ტაძარი

ანჩისხატის ტაძარი თბილისში, ი. შავთელის N1-ში მდებარეობს. ძეგლი თარიღდება VI საუკუნით. იგი ადრეული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. ტაძარმა ჩვენამდე მრავალგზის აღდგენილი და გადაკეთებული სახით მოაღწია. ნაგებობას ახასიათებს თავისი ეპოქის ისეთი ნიშნები, როგორიცაა ღია ლუნეტები შესასვლელების თავზე, კედლის მთელს სისქეზე ერთი სიგანის ფართო სარკმლები, სიგრძივი ღერძის დამოკლება და საფასადო დამუშავების სიმკაცრე. მიიჩნევა, რომ ეკლესია VI საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ გორგასლის შვილის – დაჩი უჯარმელის მეფობის პერიოდშია აგებული, რასაც დასავლეთ ვასადზე შემორჩენილი წარწერა ადასტურებს. წარწერას რ. გვერდწითელი შემდეგნაირად აღადგენს: “უფალო, მეფესა დაჩის შეხეწიე”. ითვლება, რომ იგი უნდა იყოს “მოქცევაი ქართლისაიში” მოხსენიებული მარიამ-წმინდის ეკლესია, რომელიც საკათალიკოსო ტაძარს წარმოადგენდა და მასთან ახლოსვე საკათალიკოსო სასახლეც აუგიათ VII საუკუნეში. არსებობს მოსაზრება, რომ ტაძარს “ზარის ეკლესიაც” ეწოდებოდა. XVII საუკუნეში ქართლის კათოლიკოსმა დომენტი III-მ თბილისელი ვაჭრისაგან კლარჯეთიდან, ანჩის მონასტრიდან, ჩამოტანილი ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხატი ხატი შეიძინა (ანჩის მაცხოვრის ხატი). ხატი წმ. მარიამის ეკლესიაში განატავსეს, სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა ტაძრის ახალი სახელი – ანჩისხატის ეკლესია. ამავე პერიოდში აღადგინეს დაზიანებული ნაგებობა აგურით, ასევე გადააკეთეს მისი ინტერიერი და ააგეს სამრეკლო. გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო და აქ მიმდინარეობდა ქართველ უფლისწულთა აღზრდაც. ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში, მისივე ხელშეწყობით, ტაძართან საერო სკოლა და სასულიერო სემინარია ჩამოყალიბდა. სემინარიაში გარდა საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიისა, გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, არითმეტიკას და ქართულ ენას ასწავლიდნენ. სემინარიამ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე იარსება. სემინარიას ჰქონდა წარწერა, რომელიც მოგვიანებით სამრეკლოს წყობაში იქნა ჩართული: “ვითარ საშინელ არს ადგილი ესე და არა არს ესე გარნა სახლისა ღმრთისაი ესე არს ბჭეი ცათაი. მეფობასა თეიმურაზისა და ძისა მისა ირაკლისა, პატრიარქობასა ანტონისა”, წარწერის მარჯვნივ მითითებულია თავი “შესაქმიდან” – შესაქმე 28-17, მარცხნივ კი – აგების თარიღი – 17-9-55. შემოსევისას დაზიანებული ანჩისხატის ტაძარი XIX საუკუნის დასაწყისში კვლავ აღადგინეს. 1814 წელს იგი თავიდან მოუხატავთ. 70-იან წლებში ტაძარი ისევ შეაკეთეს, ყალბი გუმბათი დაადგეს, დასავლეთიდან კი მრავალსართულიანი სამრეკლო მიაშენეს. 1958-64 წლების რესტავრაციისას ნაგებობას დაუბრუნეს ის სახე, რაც მას XVII საუკუნეში ჰქონდა.

 

ძეგლის აღწერა

ანჩისხატის ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. შუა ნავი, გვერდითებთან შედარებით, გაცილებით მაღალია. გვერდითა ნავებს ცალფერდა გადახურვები აქვთ, შუა ნავს კი – ორფერდა. შესასვლელი სამია – სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე შესასვლელი არქიტრავულია, არქიტრავების თავზე კი ნალისებრი ფორმის ლუნეტებია. ტაძრის გეგმაში აქცენტირებულია სიგრძივი ღერძი. ნავები ერთმანეთისგან ბურჯების ორი წყვილით იყოფა. ბურჯები გეგმაში წრიული ფორმისაა. თავდაპირველად ნავები გეგმაში ჯვრული მოხაზულობის ბურჯების სამი წყვილით იყო დაყოფილი, ამჟამინდელი ბურჯები XVII საუკუნისაა. შუა ნავი, გვერდითა ნავებთან შედარებით, ორჯერ განიერი და მაღალია. მთავარი ნავი აღმოსავლეთით სწორკუთხედში მოქცეული ნალისებრი აფსიდით სრულდება. ნალისებრი ფორმისაა ასევე სატრიუმფო თაღი და სარკმლები. საკურთხევლის ორივე მხარეს სწორკუთხა პასტოფორიუმია მოწყობილი. ჩრდილოეთის პასტოფორიუმი მთლიანი სწორკუთხედის ხაზს არღვევს და ჩრდილოეთით მცირედით შვერილია. დამხმარე სათავსებს შესასვლელები დასავლეთიდან, შესაბამისი ნავებიდან აქვთ, ისინი საკურთხეველს არ უკავშირდება. პასტოფორიუმებს აღმოსავლეთიდან გასასვლელები ჰქონია, რაც დიდი იშვიათობაა. მთავარი ნავი ისრული კამარითაა გადახურული, გვერდითები კი – ნახევარკამარებით. ნალისებრი სატრიუმფო თაღის ზევით მაღალი არქიტექტურული შუბლია, რომლის უკან (კონქის თავზე) სამალავია მოწყობილი. ნაგებობას სამხრეთიდან და დასავლეთიდან მინაშენები ეკვროდა. სამხრეთის მინაშენი სავარაუდოდ თაღედით უნდა ყოფილიყო გახსნილი. ეკლესიის ინტერიერი XVII საუკუნეში მოიხატა, ამ მოხატულობის ნაშთები გამოვლინდა აფსიდში და ვერტიკალურ შუბლზე (აფსიდში – “მოციქულთა ზიარების” სცენა, აფსიდის შუბლზე – “იესეს ხე”), XIX საუკუნის მხატვრობის მოშორების შემდეგ. ტაძრის გარე მასები სადა და ლაკონურია. ფასადები თითქმის სრულიად მოურთველია, დეკორი შემოიფარგლება დასავლეთ ფასადზე ჯვრის ამაღლების რელიეფის ნაშთით (თავიდან რელიეფი სამხრეთ შესასვლელის თავზე იყო მოთავსებული), დასავლეთის არქიტრავზე ბოლნური ჯვრით და აღმოსავლეთის სარკმლის ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი, დეკორატიული თაღებისგან შედგენილი კბილანა სათაურით. ანჩის ხატის სარკმლის სათაურის უახლოეს პარალელს ვპოულობთ ზემო ნიქოზის გუმბათოვანი ტაძრის ძველი ნაწილის (V საუკუნის ბაზილიკის ნაშთის) აღმოსავლეთ ფასადზე. კედლებს დაზიანებამდე ნალისებრი დეკორატიული თაღებისგან შედგენილი კბილანა ლავგარდანი ასრულებდა, რომლის მცირე ფრაგმენტი არქეოლოგიური სამუშაოებისას გამოვლინდა. ეკლესია ნაგებია ტუფის თლილი კვადრებით, გვიანი შუა საუკუნეების აღდგენისას გამოყენებულია აგური. 

ანჩისხატის სამრეკლო ორსართულიანი ნაგებობაა და გვიანი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების საინტერესო ნიმუშია. სამრეკლო აგურით  ნაგები კუბური მოცულობაა, რომლის ცენტრში გასასვლელის შეისრული თაღია გაჭრილი. თაღი კვადრატულ მოჩარჩოებაშია ჩასმული. შესასვლელის ორივე მხარეს დეკორატიული ნიშებია ორ სართულად განლაგებული. ნიშების ზემოთ ყვითელი ფერის ფილაა სამშენებლო წარწერით: “ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონის შვილმან კათოლიკოზმან დომენტი, აღუაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლისა შაჰნავაზისსა ტნიგ (1675)”. შენობის გვერდითა ნაწილებში მცველთა მცირე სადგომებია შექმნილი. საცხოვრებელი ოთახია მოწყობილი ასევე გასასვლელის თაღის ზემოთ. მეორე სართულზე მცირე ზომის სათავსებია. საკუთრივ ზარებისთვის განკუთვნილი ნაწილი ქვით ნაგებ ფანჩატურს წარმოადგენს.

 

 

იხილეთ მსგავსი ტიპის ძეგლები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *