არმაზციხე (ბაგინეთი)

არმაზციხე

არმაზციხე, ბაგინეთი, ქართლი — სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი, ძველი მცხეთის შიდაციხე. არმაზციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს, მტკვრის მარჯვენა ნაპირას, მცხეთის სამხრეთ ნაწილში. მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო არმაზციხე ბატონობდა მცხეთისაკენ მიმავალ გზებზე. ნაქალაქარიდან სვეტიცხოვლის, ჯვრის მონასტრისა და მცხეთის შესანიშნავი ხედებით დატკბებით. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს – ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს: – “ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა… და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ-ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისი თჳსა ქართლი” სახელწოდება “არმაზციხე” ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას არმაზს უკავშირდება. გათხრები წარმოებს 1943 წლიდან. აღმოჩნდა სამი მკაფიოდ განსხვავებული კულტურის ფენა: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) – ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) – I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი საფეხური. პირველი: უმთავრესი სამშენებლო მასალ ქვათლილი და ალიზაგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკვლებზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთიმეორესთან ე. წ. უწყვეტითაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა (ძვ. ე. IV – III სს.); მეორე: მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი (ძვ. წ. III საუკუნიდან). არმაზციხის გათხრებისას აღმოჩენილია უნიკალური ნაკეთობები, რომლებიც ამჟამად ეროვნულ მუზეუმშია განთავსებული.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *