ახალსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია

ახალსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარეობს. იგი IX-X საუკუნის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი, ოდნავ ნალისებრი აფსიდით სრულდება. ნაგებობა დამჯდარი, სასიამოვნო პროპორციებით ხასიათდება და საინტერესოა არქიტექტურული გადაწყვეტითა და მხატვრული მიდგომით. მცირედით ნალისებრი მოხაზულობისაა აგრეთვე საბჯენი თაღები და სარკმლის თაღები. ტაძრის ცილინდრული კამარა სატრიუმფო და დასავლეთის თაღებს ეყრდნობა. იატაკზე ქვის ფილებია დაგებული, კედლებს კი ქვის ხარისხი შემოუყვება. საკურთხეველში მოჩუქურთმებული ქვის ტრაპეზი დგას. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან. იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. შესასვლელი მოგვიანებით გადაუკეთებიათ და მის თაღს ოდნავ შეისრული მოყვანილობა აქვს. ეკლესია ნაგებია რუხი ფერის ბაზალტის უხეშად თლილი კვადრებით. ფასადები სადა, თაროსებრი ლავგარდნით სრულდება. მორთულობა გვხვდება აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლებზე. აღმოსავლეთის სარკმელს ორნამენტირებული, გაკეცილბოლოებიანი თავსართი და რელიეფი ამკობს, რომელზეც გამოსახულია დანიელი ლომების ხაროში. დასავლეთის სარკმელი მორთულია კიდეებგადაკეცილი ორმაგი თავსართითა და გოლგოთის ჯვრის რელიეფით. ტაძარი რესტავრირებულია. ეკლესიის ეზოში გვხვდება რელიეფური საფლავის ქვები. სოფელში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ წმ. გიორგის ეკლესია, პეტრე-პავლეს ეკლესია და ბრინჯაოს ხანის მენჰირი. ახალსოფლის მიდამოებში კი შეგიძლიათ ესტუმროთ ბედენის ლოდოვანსა და აძიკვის ეკლესიას.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.