ბადაანის ცხრაკარა

ბადაანის ცხრაკარა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ბადაანთან ახლოს, მდინარეების – ივრისა და ორხევის შესართავთან. ძეგლი სასახლის კომპლექსს წარმოადგენს და გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ცხრაკარას სტრატეგიულად მოხერხებული და ამავე დროს ძალიან ლამაზი მდებარეობს აქვს, ის ოთხივე მხარეს დიდ ტერიტორიას აკონტროლებს. კომპლექსიდან ტყით დაფარული მთებისა და თეთრად მოელვარე მყინვარწვერის შესანიშნავი ხედები იშლება. ბადაანის ცხრაკარას მიმდებარედ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას გამოვლენილმა მასალამ დაადასტურა, რომ ეს ტერიტორია ენეოლითის ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე ინტენსიურად ყოფილა დასახლებული. ცხრაკარას მიდამო დიდი ქალაქური ცხოვრების კვალს ატარებს, მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ადგილი უნდა იყოს კახეთის პოლიტიკური ცენტრი – ჩელეთი. ანსამბლი მოიცავს გალავანს, სასახლეს, მცირე ეკლესიას და კოშკებს, შემორჩენილია მარცვლეულის ხაროები, წყალსადენი სისტემის ნაშთები და ა.შ. ნაგებობები დროის მოკლე მონაკვეთშია აგებული, მათ შორის უადრესია ეკლესია. ცხრაკარას კომპლექსი ამჟამად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, სასახლეცა და ეკლესიაც ნახევრად ამოვსებულია ნაშალითა და მიწით, ასევე ნაგებობათა შიდა სივრცეში ამოსულია ხეები. ძეგლი აუცილებლად საჭიროებს ყურადღებასა და საფუძვლიან გამოკვლევას.

 

არქიტექტურა

ბადაანის ცხრაკარა საკმაოდ მასშტაბური კომპლექსია და მოიცავს, გალავანს, სასახლეს, კოშკებსა და ეკლესიას. კომპლექსის მისასვლელთან კედლის ნაშთია, აქ სავარაუდოდ კარიბჭე უნდა ყოფილიყო. ანსამბლში გვხვდება ორი გალავანი: პირველი ფერდის ძირს მიუყვება, მეორე კი სასახლის ძირითად ნაგებობებს გასდევს. სასახლის გარეთა კედელი და ეზოს შემომსაზღვრელი გალავანი ნახევარწრიული კონტრფორსებითაა გამაგრებული. კომპლექსის ნაგებობები ერთმანეთთან მიჯრითაა განლაგებული. ანსამბლის აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას. იგი გეგმაში არაწესიერ ოთხუთხედს წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ტაძარს ერთი თაღოვანი სარკმელი აქვს – აღმოსავლეთით. სარკმლის ორივე მხარეს, თითო შეისრულთაღოვანი ნიშია. საკურთხეველში კედელზე მიდგმული, აგურით ნაგები, ტრაპეზია. საკურთხევლის წინ მოგვიანებით აგურის თაღოვანი კანკელი აუგიათ, რომელიც ნაწილობრივაა შემორჩენილი. შესასვლელი ერთია, თაღოვანი, სამხრეთის მხრიდან. ფასადები სრულიად მოურთველია და აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით სრულდება. დარბაზი გადახურული იყო ნახევარწრიული კამარით, გადახურვა ამჟამად ჩამოქცეულია. ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით. მშენებლობაში გამოყენებულია აგურიც, რაც სავარაუდოდ გვიანდელ აღდგენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. სასახლე გეგმით სწორკუთხედს უახლოვდება და ტერასულად განლაგებული ორი თითქმის თანაბარი სიდიდის ნაწილისაგან შედგება. ზედა ნაწილში სამი სხვადასხვა ფართობის ოთახია, ქვედაში კი – ორი. ზედა ნაწილის ჩრდილო ნახევარიცა და ქვედა ნაწილიც ორსართულიანი ყოფილა. ორივე სართულის აღმოსავლეთით მდებარე ოთახები ეკლესიის დასავლეთ კედელზეა მიშენებული. ოთახებში გვხვდება ბუხრები და ნიშები. სასახლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე მოგვიანებით გეგმით ნახევარწრიული კოშკი მიუშენებიათ, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კოშკის ინტერიერში, კედლის მთელ სიგრძეზე, ხუთ რიგად განლაგებულია მცირე ზომის კვადრატული ნიშები, რომლებსაც, სავარუდოდ აფთიაქის დანიშნულება ჰქონდა. აქვეა სამეურნეო დანიშნულების სათავსები, სადაც მარცვლეულის ხაროები გვხვდება. კომპლექსის აღმოსავლეთ შიდა ეზოს უჭირავს. ეზოს აღმოსავლეთ კიდეში დგას გეგმით წრიული პატარა კოშკი. სასახლე ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *