ბატეთის ტბა შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე, ძამის ხეობაში. ხეებში ჩაფლული გამჭვირვალე ტბა, რომელიც სარკისებურად ირეკლავს გარემოს, ულამაზეს და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ეს ადგილი შემოდგომაზე განსაკუთრებით საოცარია, ტბის გარშემო შერეული ტყეა და სიმწვანე და შემოდგომის ცეცხლოვანი ფერები ერწყმის ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. წყლის სარკის ზედაპირის ფართობი 0,02 კმ²-ა, უდიდესი სიღრმე კი – 12 მ. ტბა დეკემბრიდან მარტამდე გაყინულია. ბატეთის ტბა ძალიან მოხერხებულია საპიკნიკედ, საბანაკედ, ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის. ტბაში ბანაობა შესაძლებელი არ არის. სამანქანო გზიდან ტბამდე დაახლოებით 3 კმ-ა ფეხით გასავლელი, ტბამდე სამანქანო გზაც მიდის, თუმცა ძალიან ცუდი გზაა და მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა გადაადგილება შესაძლებელი. ძამის ხეობაში ბატეთის ტბასთან ერთად მრავალი კულტურული ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ, როგორიცაა: ყინწვისი, ქოზიფას მონასტერი და სხვა.