ბეთანიის მონასტერი

ბეთანიის მონასტერი

ბეთანიის მონასტერი თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში მდებარეობს, მდინარე ვერეს ხეობაში. იგი ქართულ ხუროთმოძღვრებაში საეტაპო ძეგლია, ამ პერიოდის ძეგლებში (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი…) საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ტაძრის კანონიკური სახე. ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ეკლესია XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. დღევანდელი ტაძრის ადგილას X-XI საუკუნეების პატარა აგურის ეკლესია მდგარა, რომელიც ორბელიანთა საგვარეულო საძვალეს წარმოადგენდა. 1196 წელს მთავარი ტაძრის გვერდით იოანე ორბელიანის მეუღლემ, რუსუდანმა,  მცირე ზომის წმინდა გიორგის ეკლესია ააგო. ბეთანიის მონასტრის შესახებ ცნობები მწირია, ფრესკებიდან და წარწერებიდან ჩანს, რომ ტაძარი მრავალჯერ დანგრეულა და აღდგენილა. ეს ადგილი დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო, 1851 წელს კი გრიგოლ ორბელიანმა, ნადირობისას იგი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. რუსმა მხატვარმა გ. გაგარინმა ჩამონგრეული ქვების გასუფთავებისას აღმოაჩინა თამარ მეფის ფრესკა, რომელიც ბეთანიის მონასტრის ერთგვარ სახედაც იქცა. მხატვარმა საკუთარი ხარჯებით აღადგინა ტაძრის ფრესკები, მათი ჩანახატები გააკეთა და წიგნიც გამოუშვა. XIX საუკუნის მიწურულს კი ბერებმა მონასტრის აღდგენა დაიწყეს. პირველად აქ მღვდელ-მონაზონი სპირიდონი მოვიდა და მარტო ცხოვრობდა მონასტერში, შემდეგ მას თოთხმეტი წლის გლეხი ბიჭი ვასილ მაისურაძე (შემდგომ უკვე არქიმანდრიტი იოანე) შეუერთდა. ბეთანიის მონასტერი თანდათან გამოცოცხლდა და საბჭოთა პერიოდიშიც კი არ შეუწყვეტიათ ბერებს აქ მოღვაწეობა. საბჭოთა რეჟმის დროს ბეთანიის მონასტერი ერთადერთი ადგილი იყო სადაც წირვა-ლოცვა, ჯვრისწერები და ნათლობები აღესრულებოდა. ოფიციალურად კი მას კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონდა, სადაც ბერები (მამა იოანე, მამა გიორგი და მამა ბასილი) თითქოსდა დარაჯები იყვნენ. ამ პერიოდში ბერებს დარაჯის შესაბამის ხელფასსაც კი უხდიდნენ. მამა იოანეს, მამა გიორგისა და მამა ბასილის გარდაცვალების შემდეგ მონასტერი მცირე ხნით დაცარიელდა, თუმცა 1978 წელს კვლავ აღდგა და მას შემდეგ აქ სამონასტრო ცხევრება აღარ შეწყვეტილა.

არქიტექტურა

ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ეკლესია XII-XIII საუკუნეების ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. დასავლეთიდან ეკლესიას მცირე ტაძარი აქვს მიშენებული. ბეთანიასა და ამ პერიოდის ტაძრებში მრავალი ცვლილება მოხდა როგორც გეგმარების, ასევე მორთულობის თვალსაზრისით და საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ტაძრის კანონიკური სახე. ეკლესიის გეგმა კვადრატს მიუახლოვდა, ოთხი ცალკე მდგომი ბურჯის ნაცვლად მხოლოდ ორი დარჩა, აღმოსავლეთის ბოძები შერწყმულია საკურთხევლის კედლებთან. დასავლეთის მკლავში აღარ არის ბოძები, მას ორივე მხარეს თითო თაღოვანი მალი აქვს. შეცვლილია პროპორციებიც: შენობის კორპუსი დადაბლდა, გუმბათის ყელი კი კიდევ უფრო დაგრძელდა. ცვლილებებია ფასადთა დამუშავებაშიც, თანდათან გაქრა დეკორატიული თაღები, რომლებიც მანამდე ფასადთა კომპოზიციის საფუძველს წარმოადგენდა. გაჩნდა ახალი, სპეციფიური მოტივი – უხვად მოჩუქურთმებული საპირეებით მორთული შეწყვილებული სარკმლები და მათ შორის ჩასმული მოჩუქურთმებული ჯვარი (დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებზე). მორთულობის კულმინაცია კი უხვად შემკული გუმბათის ყელია. ამ პერიოდის ეკლესიები XI საუკუნის საეპისკოპოსო ტაძრებთან შედარებით ბევრად მცირე ზომისაა და მეტი ინტიმურობა ახასიათებთ. ბეთანიის მთავარი ტაძრის გუმბათი ოდნავ აღმოსავლეთისკენაა გადანაცვლებული. შესასვლელი ორია, სამხრეთითა დასავლეთით. სამხრეთის შესასვლელს ვარსკვლავისებური კამარით გადახურული კარიბჭე აქვს მიშენებული. ტაძარი გარედან თლილი ქვითაა მოპირკეთებული. 

მოხატულობა

ბეთანიის ღვთისმშობლის ტაძრის ინტერიერი მოხატულია, ფრესკები 1207 წლით თარიღდება. ბეთანიის მოხატულობაში აღსანიშნავია თამარ მეფის ფრესკა, სადაც იგი მამასთან და შვილთან ერთადაა გამოსახული. საკურთხევლის კონქში “ვედრება” იყო გამოსახული, თუმცა დღესდღეობით მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტებია შემორჩენილი. საკურთხევლის აფსიდის კედლებზე, კონქის ქვემოთ წინასწარმეტყველთა მთლიანი ფიგურებია წარმოდგენილი, ხელში გაშლილი გრაგნილებით, რომელზედაც ქართული წარწერებია, ცენტრში კი დავით წინასწარმეტყველის გამოსახულებაა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზეც წინასწარმეტყველთა გამოსახულებებია, რომელთა ნაწილიც ძალიან დაზიანებულია. წინასწარმეტყველთა ქვემოთ მოციქულთა რიგია. ბეთანიის ტაძარში ასევე გვხვდება ვნებათა ციკლის, ძველი აღთქმის სცენების, განკითხვის დღის, ამაღლების, ღვთისმშობლის მიძინების, დიაკონთა, მღვდელმთავართა და საერო პირთა ამსახველი ფრესკები. გუმბათის მოხატულობა შემორჩენილი არ არის. 

როგორ მივიდეთ

ბეთანიის მონასტერი თბილისის დასავლეთ ნაწილში, ვერეს ხეობაში მდებარეობს. მონასტრამდე მიდის სამანქანო გრუნტის გზა. ასევე შეგიძლიათ წახვიდეთ წყნეთის ავტობუსით, თბილისი-კოჯორის გზატკეცილიდან ფეხით 7 კმ გექნებათ გასავლელი. არსებობს საცალფეხო ბილიკიც, რომელიც, სოფელ ბეთანიიდან იწყება, დაბურულ ტყეს გაივლის და ჯვარს მიადგება. ადგილიდან, სადაც ჯვარი დგას ულამაზესი ხედი იშლება და ბეთანიის ტაძარი მოჩანს. აქედან უკვე მდ. ვერეს ხევში დაეშვებით და ჩრდილოეთ მხრიდან მიადგებით მონასტერს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *