ბიეთის ტაძარი

ბიეთის ტაძარი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელთან ახლოს მდებარეობს. იგი XIV საუკუნის II სახევრით თარიღდება. ნაგებობამ ჩვენამდე ძალიან დაზიანებული სახით მოაღწია, ჩამონგრეულია გუმბათი, კამარები და კედლების ნაწილი. გიორგი ბოჭორიძის ცნობით, ის 1930 წელს მეხის დაცემამ დაანგრია. ტაძარს შემორჩენილი აქვს სამშენებლო წარწერა: “ქრისტე, ადიდე ხ˜ში, რომელ ესე საყდარი აღაშენა”, “წმიდაო ღთისმშობელო, მეოხ ეყავ ხშ˜სა შვილითურთ ორთავე შინა ცხორებასა”. მინაშენის წარწერის თანახმად, ეკვდერი 1493 წელს აგებულა: “ქწ. მე თოხასძემან ზაალ აღვაშენე წმიდა ესე ეკვტერი შესავედრებლად მშობელთა და [ ] მიცვალებულთათვის, ქორონიკონს რპა (1493)”. ბიეთის ტაძარი მხატვრული გადაწყვეტითა და შესრულების ხარისხით, რა თქმა უნდა, დიდად ჩამორჩება უფრო ადრეულ ძეგლებს, თუმცა მასში ნათლად აისახა XIII ს-ის II ნახევრისა და XIV საუკუნეების ტენდენციები და შესაბამისად ის ქართული კულტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია. XIII საუკუნის II ნახევრიდან ჩნდება მისწრაფება ერთიანი, დაუნაწევრებელი სიბრტყეებისკენ, დაბლდება გუმბათის ყელი, მოკლდება ჯვრის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავები, ეს მიმართულებები, შეიძლება ითქვას, კულმინაციას აღწევს ბიეთის ეკლესიაში. აქ სამხრეთ-ჩრდილოეთის მკლავები იმდენად დამოკლდა და გუმბათის ყელი დადაბლდა და გაგანივრდა, რომ გუმბათი ლამის მთელს სიგანეზე სწვდება ნაგებობას. ტაძრის არქიტექტურაში გუმბათის წამყვანი როლი გადაჭარბებითაც კი არის წინ წამოწეული. ჩუქურთმების კვეთილობა აღარ არის ღრმა, მორთულობა მოკლებულია ცოცხალობას, მშრალია და, შეიძლება ითქვას, გაუაზრებელიც. ნაგებობის მასებში დაკარგულია სიმკვეთრე, თითქოს ერთიანი გლუვი ფორმა იქმნება. ბიეთის ეკლესიაში საკმაოდ დაგრძელებულია დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძი, თუმცა გეგმარების, სივრცეთა განაწილებისა და ურთიერთშეფარდების გამო სიგრძივობის შთაბეჭდილება თითქმის არ იქმნება. ამ პერიოდის ძეგლებში ირღვევა ის არქიტექტურული თავისებურებები რაც შემუშავდა ბეთანია-ქვათახევის ტიპის ძეგლებში. ეს შესაძლოა დაპირისპირებადაც აღვიქვათ ადრეული პერიოდის ტაძრების რაფინირებულობასთან, თუმცა ეს დაპირისპირება ვერ ქმნის ჩამოყალიბებულ სტილს, ვერ აღწევს სისრულეს. ბიეთის ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რომელიც მუქი კოლორიტით ხასიათდება. საბოლოო ჯამში, ბიეთის ტაძარი თავისი პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ნიმუშია, რომელშიც მკვეთრად აისახა ეპოქის მხატვრული მისწრაფებები.

 

ძეგლის აღწერა

ბიეთის ტაძარი ჩახაზული ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, დასავლეთის კარიბჭითა და მოგვიანებით მიშენებული ეკვდერით. კარიბჭისგან ნაშთებია დარჩენილი. აღმოსავლეთის მკლავი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც ბემითაა დაგრძელებული. ბემა ეკლესიის ცენტრისკენ ფართოვდება. საკურთხევლის ორივე მხარეს აფსიდალური პასტოფორიუმებია. გუმბათი ბემის მხრებსა და ორ ცალკე მდგომ ბურჯს ეყრდნობოდა. სამკვეთლოსა და სადიაკვნეში შესასვლელები დარბაზიდანაა, სამკვეთლოს დამატებით მეორე კარიც აქვს, რომელიც ბემაშია გაჭრილი. ტაძრის უჩვეულო თავისებურებაა, რომ გუმბათს ექსტერიერში გუმბათქვეშა კვადრატი არ ჰქონდა. გუმბათს 6 ნამდვილი და 6 ცრუ სარკმელი ჰქონდა. გუმბათქვეშა ბურჯებსა და დასავლეთის კედლის პილასტრებს შორის გადაყვანილი თაღები შეისრული ფორმისაა. შესასვლელი ორია – დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ორივე მათგანი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. ორივე შესასვლელს ორნამენტული მოჩარჩოება აქვს. გუმბათის სარკმლების თავზე ორნამენტით შემკული გირჩები იყო განლაგებული და შეწყვილლილვებიანი სადა საპირით იყო შემკული. ფასადებიდან სხვებზე უკეთ აღმოსავლეთის ფასადია გადარჩენილი, რომელიც უჩვეულოდ წაგრძელებულ სარკმელზე დაყრდნობილი დიდი საფასადო ჯვრითაა დეკორირებული. სარკმელიცა და ჯვარიც მოჩუქურთმებულია. ამავე ფასადზე გამოდის სიმეტრიულაგ განლაგებული პასტოფორიუმების თაღოვანი სარკმლები, რომელთაც ორნამენტული საპირეები აქვთ. დასავლეთის ფასადს ქართული ხუროთმოძღვრებისათვის ჩვეული გადაწყვეტა აქვს – შესასვლელი კარი, სიმეტრიულად განლაგებული სამი სარკმელი და სავარაუდოდ ფრონტონის არეში დეკორატიული ჯვარიც უნდა ყოფილიყო. ფასადებზე ყველგან გეომეტრიული ორნამენტია გამოყენებული, ორნამენტის რეპერტუარი XIII-XIV საუკუნეებისათვის ჩვეულია. სამკვეთლოდან საკურთხეველში გასასვლელი ღიობის ზემოთ ორი სამშენებლო წარწერაა და ორივე იხსენიებს მშენებელს: „ქ: ად~დე ხ~ში რ~ლ ესე საყდარი აღაშენა“, „ქ: წ~ო ღთის მშობელო მეოხ ეყავ ხ~შსა შვილითურთ ორთ~ვე შ~ნა ცხორებასა ა~ნ“. ტაძრის ამშენებელი – “ხ~ში” უცნობია. მოგვიანებით მიშენებული ეკვდერის შესრულების ხარისხი ჩამოუვარდება თავად ტაძრისას. მინაშენის წარწერის თანახმად ის 1493 წელსაა აგებული: „ქ: მე თოჴასძემან ზაალ აღვაშენე წმიდა ესე ეკვტერი [ბოსაი სადრბლდ (შესავედრებელად?)] მშობელთა და შვილთა მიცვალებულთათვის, ქორონიკონსა რპა. ა~ნ“. ბიეთის ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოხატული ყოფილა, შემორჩენილია ფრესკების ფრაგმენტები. კონქში გამოსახული ყოფილა ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელია, რომელიც თითქმის მთლიანად განადგურებულია. ბემაში ამაღლების სცენაა. მოხატულობაში გვხვდება ბზობის, მოციქულთა ზიარების, ჯვარცმის და სხვა კომპოზიციები. ეკლესია მოპირკეთებულია სუფთად თლილი ქვით. ტაძრის სამხრეთით სამრეკლოც მდგარა, რომლისგანაც მხოლოდ ნანგრევია შემორჩენილი. ეკლესიასთან ახლოს შემორჩენილია შუასაუკუნოვანი თაღოვანი ხიდი. ხიდის ქვეშ დღესდღეობით წყალი დამშრალია და სხვა ადგილას ჩამოედინება, თუმცა ნაღვარევი შესამჩნევია.

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *