ბოლნისის სიონი ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბოლნისში მდებარეობს. იგი 478-493 წლებით თარიღდება. ლეონტი მროველის ცნობით, იგი ფარსმან IV-ს აუგია, “მოქცევაი ქართლისაი” კი მის აგებას ბაკურ III-ს მიაწერს: „დაჯდა მეფედ ძე ვარაზ-ბაქარისი, ძისწულის წული ფეროზისი სახელით ფარსმან… ესე ფარსმან იყო კაცი მორწმუნე, მხედარი შემმართებელი… და განაახლნა ეკლესიანი ყოველსა ქართლსა შინა და აღაშენა ეკლესია ბოლნისისა“; „…მეფობდა ბაკურ (ბაკურ III), ძე თრდატისი, და მთავარ ებისკოპოსი იყო ელია. და ამან აღაშენა ეკლესიაი ბოლნისს და იმიერ განვიდა და განაახლნა არმაზნი სპარსთა შიშისათვის“. აღნიშნული ცნობები ბოლნისის სიონს IV-V საუკუნეთა მიჯნით ათარიღებს, თუმცა სამშენებლო წარწერითა და სტილისტური ნიშნების მიხედვით ის V საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ტაძრის სამშენებლო წარწერა ერთ-ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლია საქართველოში (ორიგინალი გადატანილია მუზეუმში, ადგილზე ჩასმულია ასლი): „[…]ისა სამებისაითა, ო[ც წლ]ისა პერო[ზ მე]ფე[…] /2[…] ამის ეკლესიაისაი და ათხუთმეტ წლის[ა…] /3[…]ნ აქა შინა თავყანისხცეს, ღ(მერთმა)ნ შეიწყალენ და ვინ ა[…] /4[…]პისკოპოსსა ხულოცოს, იგიცა ღ(მერთმა)ნ შეიწყა[ლ]ენ […]“. წარწერა დაზიანებულია და მის წაკითხვასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ამ ეტაპზე გაზიარებული ვერსიით, ტაძრის შენება დაიწყო სპარსეთის მეფის – პეროზის მეფობიდან 20 წლის შემდეგ, 15 წელში კი დასრულდა. ტაძრის სხვადასხვა პერიოდის წარწერებს შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ასევე დავით ეპისკოპოსისა და აზარუხტის წარწერები: „ქ[რისტ]ე დ[ავი]თ ეპ[ისკ]ოპისი კრებ[უ]/2ლითურთ და ამას ეკ/3ლესია[ს]ა შინა შენდ/4ა მიმართ თავ/5ყანისმცემელ/6ნი შეიწყალენ და/7 [მშრ]ომელთა ამას ეკლე/8[სიასა] [ში]ნა შეხეწიე. ი[ყავნ] ი[ყავნ]“; „[შეწევ]ნითა ქ[რისტ]ესითა მ[ე]ფარნ[ავაზ? ევან?] და აზარუხტ შეხუა[ბ]თ ესე კარი სალოცველად [ჩ(უე)ნ(და)] [დ]ა [შვილთა] [ჩ(უე)ნთა]“. ჯუანშერის ცნობით, ბოლნისის საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასალმა დააარსა. 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილე ქართველ მამამთავართა შორის იხსენიება ბოლნელი ეპისკოპოსი დავითი. გვიან შუა საუკუნეებამდე ბოლნისის სიონის შესახებ ისტორიული ცნობები თითქმის არ მოიპოვება. ტაძარი ძალიან დაზიანებულა 1634 წელს, სპარსელთა შემოსევისას, თუმცა იგი მალევე, XVII საუკუნის პირველ ნახევარშივე აღუდგენიათ მარიამ დედოფლისა და როსტომ მეფის ბრძანებით. XVII საუკუნის მუწურულს ბოლნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ტაძარი კვლავ შეაკეთა და მოახატვინა, მანვე ააგო სამრეკლოც, გიორგი XI-ის ბრძანებით. ხშირი დარბევების გამო, ბოლნისის საეპისკოპოსო XVIII საუკუნის დასაწყისში გაუქმდა, ამ ხანებში ლეკებს ბოლნისი არაერთხელ აუოხრებიათ. ლეონ ბატონიშვილის 1780 წლის წერილიდან ვიგებთ, რომ ბოლნისიდან მოსახლეობა გახიზნულა. ბოლნისის სიონის ტაძარი ამჟამად მოქმედია.
ძეგლის აღწერა
ბოლნისის სიონის არქიტექტურული კომპლექსი მოიცავს: V საუკუნის ბაზილიკას, VIII საუკუნის სამლოცველოს, XVII საუკუნის სამრეკლოსა და გალავანს. ბოლნისის სიონი ე.წ. პირველი „დიდი ბაზილიკების“ ჯგუფს მიეკუთვნება (სვეტიცხოვლის ბაზილიკა, ურბნისის სიონი, კაწარეთის სამება, ჯავახეთის წყაროსთავი, ვაზისუბნის ბაზილიკა, ხირსის ბაზილიკა) და ერთ-ერთი უადრესი მასშტაბური ბაზილიკაა საქართველოში. ძეგლი ხასიათდება ფორმათა სიცხადით, მონუმენტურობით და ძალიან მოზომილად გამოყენებული დახვეწილი დეკორით. ფუნქციური და მხატვრული მხარეები ჰარმონიულ თანხმობაშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაგებობა გარკვეულწილად მკაცრია, რაც სახასიათოა ადრეული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისთვის, ის არ არის მძიმე, დასრულებულ ფორმებსა და სიმკაცრეს ორგანულად ერწყმის ცოცხალობა, სიმსუბუქე და უშუალობა.
ბოლნისის სიონის ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. შესასვლელი ოთხია – თითო – დასავლეთითა და სამხრეთით, ორი – ჩრდილოეთით (დასავლეთის შესასვლელი გაჭრილია XVII ს-ში). ჩრდილოეთის შესასვლელების არქიტრავების ზემოთ ნალისებრი მოხაზულობის ლუნეტებია, დასავლეთის შესასვლელი შეისრულთაღოვანია. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. გვერდითა ნავები უაფსიდოა. ეკლესიას არ აქვს უპასტოფორიუმები. ნავები ერთმანეთისგან გაყოფილია ჯვრული გეგმის მქონე ბურჯების ხუთი წყვილით. სატრიუმფო და ნავების გამყოფი თაღები ნალისებრია. მთავარი ნავის კამარის საბჯენი თაღები შეისრულია (აღდგენილია გვიან შუა საუკუნეებში). შუა ნავი ცილინდრული კამარით უნდა ყოფილიყო გადახურული, თუმცა გვიანი შუა საუკუნეების აღდგენისას თაღბსშორისი თითოეული მონაკვეთი გოთიკური კამარის მსგავსი ისრული კამარით გადახურეს, გვერდითა ნავები კი ნახევარკამარებითაა გადახურული. ეკლესიას ჩრდილოეთით, თაღოვანი გალერეა გასდევს, რომელიც აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება. ქართულ ხუროთმოძღვრებაში უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს გალერეის თაღების საყრდენი პილასტრები – ისინი სამი, გეგმაში ნახევარწრიული, მოცულობისგან შედგება, რომელთაგან ცენტრალური ბევრად მსხვილია. სამხრეთით ტაძარს ორაფსიდიანი სანათლავი და ორი თაღით გახსნილი გალერეა ეკვრის. სანათლავი, გალერეასთან შედარებით, უფრო განიერია და მთლიანი მოცულობისგან მცირედით შვერილია. ორაფსიდიანი სანათლავის ანალოგი საქართველოში არ მოგვეპოვება. მთავარი ნავი, გვერდითა ნავებთან შედარებით, უფრო ფართო და მაღალია, მაგრამ სამივე ნავი ორფერდა გადახურვაშია მოქცეული. VIII საუკუნეში, აღმოსავლეთიდან ტაძარს დარბაზული ტიპის სამლოცველო მიაშენეს, რომლის ქვეშ კრიპტაა მოწყობილი. ეკლესია ნაგებია სუფთად თლილი მომწვანო ფერის ტუფის კვადრებით, გვიანი აღდგენისას გამოყენებულია ტუფის წვრილი ქვები და აგური. გეგმარებითი და დეკორატიული გადაწყვეტით ბოლნისის სიონი ყველაზე ახლო პარალელს სვეტიცხოვლის ბაზილიკასთან პოულობს, რომელიც არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა სვეტიცხოვლის გუმბათოვანი ტაძრის ქვეშ.
ბოლნისის სიონში რელიეფური მორთულობა ცოტაა, მხოლოდ მახვილებადაა გამოყენებული, თუმცა შესრულების ოსტატობითა და მხატვრული ღირებულებით, მისი რელიეფები შუა საუკუნეების ქართული მქანდაკებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. ბოლნისის რელიეფებს შორის ყურადღებას იქცევს, საქართველოში ბოლნური ჯვრის სახელით ცნობილ, ჯვრის მედალიონისებრი გამოსახულებები. ამ ტიპის ჯვრის რელიეფები გავრცელებულია აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში. ბოლნიშში გვხვდება, როგორც გეომეტრიული, ასევე ზოომორფული და მცენარეული რელიეფები. საკურთხევლის აფსიდის პილასტრების კაპიტელებზე გამოსახულია ლომებს შორის მოქცეული ჯიხვი და დათვი, რომელიც კურდღელს მისდევს, რაც მორწმუნე სულის ბოროტი ძალებისგან ხსნის სიმბოლოა. სანათლავის პილასტრის კაპიტელზე ხარის თავის ჰორელიეფს რქებს შორის ჯვრით, რაც წარმართული ღვთაების ან ურწმუნო სულების გაქრისტიანებას უნდა აღნიშნავდეს. ტაძარში გვხვდება ასევე ევქარისტიული სიმბოლური დატვირთვის მქონე გამოსახულებები.
ტაძრის დასავლეთით დგას სამრეკლო-კოშკი, რომელიც კვადრატული გეგმის მქონე სამსართულიან ნაგებობას წარმოადგენს. პირველი სართული თაღითაა გახსნილი, რომელიც XVIII საუკუნეში, როცა ლეკების თავდასხმები გახშირდა, დაუპატარავებიათ. ამავე პერიოდშია აგებული გალავანი. ზედა სართულზე ასასვლელი შიგნიდან არ არის მოწყობილი, იქ მოხვედრა მხოლოდ გარედან, ხის კიბითაა შესაძლებელი. მესამე სართული ოთხ მხრივ თაღებით გახსნილი სამრეკლოა. შენობა ნაგებია მქისედ დამუშავებული საშუალო ზომის ქვით კირის დუღაბზე. სამრეკლოს დასავლეთ ფასადზე განთავსებულია ქვა ლაპიდარული წარწერით, რომელშიც სამრეკლოს მაშენებელი, ნიკოლოზ ბოლნელი, იხსენიება.
იხილეთ მსგავსი ტიპის ძეგლები ⇒
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- შ. ამირანაშვილი – ქართული ხელოვნების ისტორია. 1961. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ვ. ბერიძე – ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. 1974. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ვ. ბერიძე – ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტომი I. 2014. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- დ. ბერძენიშვილი – ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან. 2014. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- გ. გამყრელიძე, ზ. ბრაგვაძე, დ. მინდორაშვილი, მ. კვაჭაძე – ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი. 2013. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- თ. დადიანი, ე. კვაჭატაძე, თ. ხუნდაძე – შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება. 2017. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- მოქცევაი ქართლიასი, შატბერდის კრებული. 1979. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ლ. მროველი – ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, ქართლის ცხოვრება. 1955. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ლ. მუსხელიშვილი – ბოლნისი, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე, ტომი III. 1938. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ვ. სილოგავა – ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები. 1994. თბილისი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 2. 1977. თბილისი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 5. 1980. თბილისი.
- გ. ყიფიანი – ბოლნისის სიონის უძველესი წარწერა, ბიზანტიოლოგია საქართველოში – 3, ნაწილიII. 2011. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ნ. შოშიაშვილი – ქართული წარწერების კორპუსი, ტომი I. 1980. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- გ. ჩუბინაშვილი – ქართული ხელოვნების ისტორია, ტომი I. 1936. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ჯუანშერი – ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება. 1955. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
რესურსები ინტერნეტში:
- ბოლნისის სიონი. ძეგლის ბიბლიოგრაფია. nplg.gov.ge ⇒
- ბოლნისის სიონი. memkvidreoba.gov.ge ⇒
- ბოლნისის სიონი. ტაძარი. memkvidreoba.gov.ge ⇒
- ბოლნისის სიონი. სამრეკლო. memkvidreoba.gov.ge ⇒
- სამაროვანი (ბოლნისის სიონის ტაძრის ეზო). memkvidreoba.gov.ge ⇒
- ბოლნისის სიონი. dzeglebi.ge ⇒
- ბოლნისის სიონი. novators.ge ⇒
- ბოლნისის სიონი. saunje.ge ⇒
- ბოლნისის სიონი. ka.wikipedia.org ⇒
- ბოლნისის სიონი. nplg.gov.ge ⇒