ეთნოგრაფიული

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი

ეთნოგრაფიული

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი 1966 წელს დაარსდა და პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში. მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი და განმახორციელებელი იყო ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. მუზეუმი საქართველოს ეთნოკულტურის მრავალფეროვნებას ასახავს. იგი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა – საბუნებისმეტყველო, მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცავი. ღია ცის ქვეშ მუზეუმი 50 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. აქ 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობაა ექსპონირებული საქართველოს შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, სვანეთი, ქართლი, კახეთი. ერთი ზონა ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს ეთმობა, რომელთა შორისაა V-VI საუკუნეების სიონის ბაზილიკა და აკლდამა, ძვ. წ. II ათასწლეულის დოლმენი აფხაზეთიდან და საფლავის ქვების მდიდარი კოლექცია. მუზეუმის პირველი ექსპონატი სწორედ თიანეთის სოფელ სიონში აღმოჩენილი ქვის აკლდამა იყო, რომელიც სიონის დაგუბების გამო დაშლილი და მუზეუმში გადმოტანილი ეკლესიის ქვეშ მდებარეობდა. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნახავთ მოჩუქურთმებულ ოდა სახლებს, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს, ქართული კულტურისთვის დამახასიათებელ ეთნოგრაფიულ მასალასა და  ულამაზეს დარბაზულ სახლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომელთა შორის ყველაზე ძველი XVII საუკუნის ჯავახური დარბაზია. გარდა კულტურული მნიშვნელობისა, ეთნოგრაფიულ მუზეობს შესანიშნავი გარემო აქვს და საუკეთესოა მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად განტვირთვისთვის, ქალაქის აურზაურისგან თავის დასაღწევად.
მუზეუმში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ, პრაქტიკულად შეისწავლონ ტრადიციული სამჭედლო და სამეთუნეო ტექნოლოგიები.

 

ლისის ტბა

ლისის ტბა

ლისის ტბა

ლისის ტბა თბილისში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 624 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბა წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. წყლის დონე მაქსიმუმს გაზაფხულზე აღწევს. წყლის ზედაპირის ფართობი 0,47 კმ²-ა. წყალი მომლაშოა, მოშენებულია თევზი. ლისის ტბა პოპულარული ადგილია როგორც ბუნებაში დასვენების, სირბილისა და ველოსპორტის, ასევე საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთათვის. ტბის ირგვლივ გამწვანებისთვის 1400-მდე ჯიშის ხეა დარგული. ტბის გარშემო ტერიტორია კეთილმოწყობილია. აქ არის სარბენი და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, სპორტული და საბავშვო მოედნები, ღია კაფე, სანაოსნო პუნქტი, პლაჟი გარუჯვის მოყვარულთათვის და გოგირდის აბანო. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს ახალი იპოდრომი. ლისის ტბა თბილისის ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია ქალაქის ხმაურისგან თავის დასაღწევად, ბუნების სიმშვიდეში განტვირთვისა და დასვენებისთვის.

 

 

თრელიგორები

თრელიგორების ნასახლარი

თრელიგორები

თრელიგორების ნასახლარი მდებარეობს თბილისში, დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის დასავლეთით და 1.5კმ-ზეა გადაჭიმული. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ აღინიშნება ჩვ.წ.მდე IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ადრეშუასაუკუნეების ჩათვლით. თრელიგორების პირველი მოსახლენი იყვნენ ე.წ. მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ტომები. მეცნიერთა აზრით, თრელიგორების ნასახლარის მტკვარ-არაქსის კულტურის არქეოლოგიური ობიექტები აღნიშნული კულტურის უადრეს პლასტადაა მიჩნეული. 2015 წლის საველე კვლევის შედეგად გორის თხემზე დასტურდება ოთხი სამშენებლო პერიოდი. აღმოჩენილი კერამიკული მასალები ძვ.წ. I ათასწლეულის II ნახევრით თარიღდება. თრელიგორების ნასახლართან ახლოს თრელის სამაროვანი მდებარეობს, სადაც 200-მდე სამარხი გაითხარა. შუაბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილი კერამიკა და დადასტურებული დაკრძალვის წეს-ჩვეულება ადასტურებს ამიერკავკასიის მჭიდრო უერთიერთობას წინა აზიასა და ეგეოსურ სამყაროსთან ძვ. წ. II ათასწლ. I ნახევარში. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში (ძვ. წ. XV-VI სს) თრელიგორები კავკასიაში ყველაზე დიდი დასახლება იყო. გვიანბრინჯაოს ხანის სამარხთა შორის განსაკუთრებულია ძვ. წ. XIII ს-ის წარჩინებული მეომრის სამარხი, სადაც აღმოჩენილი ბრინჯაოს აბზინდა, ცხენზე ამხედრებული მამაკაცის გამოსახულებით, კავკასიაში მხედრის უადრესი გამოსახულებაა. ამავე სამარხში აღმოჩენილია ფოლადის დანა, რაც ჯერ კიდევ გვიანბრინჯაოს ხანაში რკინის მეტალურგიისა და ფოლადის წრთობის არსებობას ცხადყოფს.