გელათის სოხასტერი

გელათის სოხასტერი

გელათის სოხასტერი

გელათის სოხასტერი იმერეთში მდებარეობს, ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ზე, გელათის მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მისგან 200 მეტრის დაშორებით, შემაღლებულ ადგილას. ძეგლი განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. სოხასტერი ეწოდებოდა ბუნებრივ ან საგანგებოდ გაკეთებულ შენობას, სადაც ბერები განმარტოებულ, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდნენ. გელათის სოხასტრის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერს: “კვალად არს გელათის პირისპირ, აღმოსავლეთად, მონასტერი გუნბათიანი, დიდშენი, სოხასტერად ხმობილი. უზის წინამძღვარი”. ისტორიულ წყაროებში მონასტრის შესახებ ფაქტობრივად არაფერია ცნობილი. კომპლექსი ცუდ მდგომარეობაშია, დაწყებულა ეკლესიის რესტავრაცია, თუმცა ძალიან უხეშად, ლავგარდნის მცირე ნაწილი გარედან შეცემენტებულია, იატაკი და კანკელი სრულიად შეუსაბამო მასალითაა გაკეთებული, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებს არ აქვს გადახურვა და წვიმისას წყალი დგება, ეკლესიის აღმოსავლეთით ჩანს კედლების ნაშთები, რომლებიც მცენარეებშია ჩაფლული და გეგმა არ იკითხება. გელათის სოხასტერი თავისი კომპოზიციითა და არქიტექტურული თავისებურებებით მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სათანადო გამოკვლევასა და ყურადღებას.

 

არქიტექტურა

გელათის სოხასტერი მოიცავს მაცხოვრის ეკლესიას, ორსართულიან შენობას, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებსა და გალავანს. სოხასტრის მაცხოვრის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამი მხრიდან მინაშენებით. ნაგებობას ეტყობა მრავალგზის გადაკეთების კვალი. როგორც ჩანს, თავდაპირველად მარტივი დარბაზული ეკლესია აუგიათ, შემდეგ ჩრდილოეთის, სამხრეთის ფრთები და დასავლეთის დახურული გალერეა მიუშენებიათ, სულ ბოლოს კი კარიბჭე უნდა იყოს აგებული (მთავარი ეკლესიისა და მინაშენების კედლების წყობებს ბმა არ აქვს, ასევე მინაშენების ცოკოლები უფრო დაბალია, ღია კარიბჭის წყობა განსხვავებულია შენობის დანარჩენი ნაწილისგან და გალერეის დასავლეთის სარკმელს ნაწილობრივ ფარავს). შენობა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი გამოყოფილია აფსიდის მხრებითა და სატრიუმფო თაღით. აფსიდის მხრები კაპიტელებით სრულდება, რომელთა პროფილს თარო და წრეთარგი შეადგენს. აფსიდში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა განთავსებული. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა, მოხატულობისგან უმცირესი ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ეკლესიის გრძივ კედლებში სწორკუთხა გასასვლელებია, რომლითაც ის გვერდითა მინაშენებს უკავშირდება. კარის ღიობი დასავლეთითაც არის, რომლითაც ეკლესია დაკავშირებულია დასავლეთის დახურულ გალერეასთან. ორივე მინაშენი აღმოასვლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება და ორივეგან აფსიდში ტრაპეზის ქვა დგას. დასავლეთის გარეასთან კარითაა დაკავშირებული ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებიც, თუმცა ჩრდილოეთის მინაშენის დასავლეთ შესასვლელი მოგვიანებით ამოუშენებიათ და ამჟამად იქ მოხვედრა მხოლოდ ეკლესიიდანაა შესაძლებელი. გალერეიდან სამხრეთის მინაშენში შესასვლელს თაღოვანი გადახურვა აქვს, თაღს დაბრტყელებული ფორმა აქვს. დასავლეთის გალერეა მსხვილ პილასტრებზე გადაყვანილი თაღებით სამ ნაწილადაა გაყოფილი (პილასტრებს დახრილი სიბრტყისა და თაროსგან შექმნილი მასიური კაპიტელები აქვს), სამხრეთის ნაწილს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დამხრობილი მეოთხედსფერული გადახურვა აქვს, სავარაუდოდ ასეთივე გადახურვა უნდა ჰქონოდა ჩრდილოეთის ნაწილსაც, თუმცა ამჟამად მორღვეულია. მოხატული ყოფილა გალერეაც. გალარეის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თაღოვანი სარკმლებია გაჭრილი. გალერეა არქიტრავული გასასვლელით ღია კარიბჭეს უკავშირდება, კარი ორივე მხრიდან თაღებშია მოქცეული. კარიბჭე მთლიანი ნაგებობის სიგანესთან შედარებით, უფრო მოკლეა. გალერეის მსგავსად ისიც სამ ნაწილიდაა თაღებით გაყოფილი. კარიბჭე სამხრეთითა და ჩრდილოეთით თითო დიდი თაღით, დასავლეთით კი უფრო მომცრო, მსხვილ ბურჯზე დაყრდნობილი, ორი თაღითაა გახსნილი. ეკლესიის ფასადები სრულიად სადაა, არ აქვს არავითარი მორთულობა. ფასადებს წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესიის მხატვრულ ეფექტს დიდი ზომის თლილი ქვების წყობა და კარიბჭის თაღები ქმნის. ეკლესიას აზიდული პროპორციები ჰქონია, თუმცა მინაშენებმა შენობის პროპორციები შეცვალა და ეს აზიდულობა აღარ აღიქმება. გალერეას ორფერდა გადახურვა აქვს, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენების გადახურვებს ერწყმის, კარიბჭეს კი ცალფერდა გადახურვა აქვს. ეკლესიის აღმოსავლეთით კვადრატული გეგმის მქონე სამსართულიანი, ბუხრიანი შენობა დგას, რომელიც თლილი ქვითაა მოპირკეთებული. სართულშიუა გადახურვები ხის იყო. კედლებში ფართო სარკმლებია გაჭრილი. გარშემო სხვადასვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი. ჩანს გალავანი საკმაოდ დიდ ტერიტორიას საზღვრავდა. გალავანს მთავარი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, შესასვლელის ორივე მხარეს თითო მსხვილი კოტრფორსია. ამ კარიბჭით იზოლირებულ ეზოში ვხვდებით, რომელიც არქიტრავული შესასვლელით უკავშირდება კომპლექსის დანარჩენ ნაწილს (კარი შიგნითა მხრიდან თაღშია მოქცეული). გარდა ეკლესიისა და ორსართულიანი შენობისა, კომლექსის ყველა შენობა ნაგებია დაუმუშავებელი, უხეშად ზედაპირმოსწორებული ქვით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია თლილი ქვაც (კუთხეებში, თაღზე, წირთხლებზე და ა.შ.).

 

 

გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი იმერეთის მხარეში მდებარეობს, ქალაქ ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე. იგი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დავით აღმაშენებელმა დააარსა 1106 წელს. სწორედ გელათის ტაძარის შესასვლელშია დაკრძალული საქართველოს უდიდესი მეფე. Read more

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი იმერეთის მხარეში, ქუთაისში მდებარეობს, უქიმერიონის გორაზე. იგი 1003 წლით თარიღდება. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი მოცემულია ნაგებობის ჩრდილოეთის სარკმელთან განთავსებულ წარწერაში: “ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223”. თუკი ამ თარიღს ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე გადმოვიტანთ, 1003 წელი გამოდის. ეს წარწერა არის საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების უძველესი ნიმუში. ბაგრატის ტაძარს თავისი მხატვრული Read more