სალხინოს სასახლე

სალხინო – დადიანების საზაფხულო რეზიდენცია

სალხინოს სასახლე

დადიანების საზაფხულო რეზიდენცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მდებარეობს, მდინარე წაჩხურას ნაპირზე. სასახლე სამეგრელოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. დადიანების საზაფხულო რეზიდენცია განსაკუთრებით ცნობილია ულამაზესი ეზოთი Read more

მარტვილის მონასტერი

მარტვილის მონასტერი

მარტვილის მონასტერი

მარტვილის მონასტერი სამეგრელოში, ქალაქ მარტვილში, კონცხად გამოწეულ მთის თხემზე მდებარეობს. ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი ტაძრის აგების თარიღად VI-VII საუკუნეებს მიიჩნევენ. მონასტრიდან თითქმის მთელი იმერეთი და სამეგრელო მოჩანს.

 

არქიტექტურა

მარტვილის სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის გალავანი, ოთკუთხა სათავსი, მთავარი ტაძარი, ჩიქვანების ეკლესია, სამრეკლო და ეკვდერი. ანსამბლს მაღალი, მძლავრ ბურჯებზე დაყრდნობილი გალავანი აქვს შემოვლებული. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა იგი ძალიან დააზიანა. X საუკუნეში შეკეთების დროს ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს და მოუშენეს ეკვდერები. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით. სამხრეთით და ჩრდილოეთით შედარებით უფრო ვრცელი შვერილები ჰქონდა, ვიდრე აღმოსავლეთით და დასავლეთით. შვერილთა შუბლზე ერთ კომპოზიციურ ჩარჩოშია ჩასმული მთელი ლავგარდანი, რომელშიც რელიეფურად ამოჭრილი რამდენიმე კომპოზიცია უწყვეტ მოთხრობად გრძელდება ერთიმეორის მიყოლებით. ტაძარს თავდაპირველად აბსიდებზე დაყრდნობილი უფრო მცირე გუმბათი ჰქონია, შემდეგ იგი მაღალი და უფრო ნათელი თქვსმეტ ფანჯრიანი ნაგებობით შეუცვლიათ. მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი -უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც – ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ. ტაძარში შემორჩენილია XIV, XVI, და XVII საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი.
ჩრდილოეთის გალავანში დგას X საუკუნეში აგებული პატარა, სამსართულიანი, ჯვრის ტიპის ჩიქვანების ეკლესია. ამ ნაგებობის პირველი სართული გალავნის ქვემოთაა ამოყვანილი. სართულშორის გადახურვა თაღოვანი აქვს. სათავსი სწორკუთხოვანია და აქვს თაღოვანი ჭერი. აქ დღესაც დაცულია თლილი ქვის ტრაპეზი. ტაძრის გუმბათოვან ჭერს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაზიანებულია, მაინც ეტყობა მაღალმხატვრული გემოვნებით შესრულებული ფრესკების კვალი.

 

 

სვანეთის მუზეუმი

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

სვანეთის მუზეუმი

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სვანეთში, მესტიაში მდებარეობს. იგი 1936 წელს დაარსდა. მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X საუკუნის მაცხოვრის ხატი, XI საუკუნის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII საუკუნის ორმოცი მოწამის ხატი და ჯვარცმის ხატი, ღვთისმშობლის IX—X საუკუნეების ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები — IX—XIV საუკუნეების სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI—XIII საუკუნეების ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.
მუზეუმში პირველი დარბაზი სვანეთში აღმოჩენილ ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ მასალას ეთმობა. მას მოსდევს ნუმიზმატიკური კაბინეტი, IX-XVIII საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების საგანძური, IX-XIX საუკუნეების ნაბეჭდი წიგნების, სასულიერო და საერო ხელნაწერების ექსპოზიცია. მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპოზიციებს ეთმობა.

 

 

ჩაჟაშის ქვედა ციხე

ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი

ჩაჟაში

ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი (ე.წ. “თამარის სამჭედლო”, სვანურად – “ლაშქ-დუირია”) სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის  აღმოსავლეთით, შემოსასვლელში, მაღალ, კლდოვან მთის ბაქანზე მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეების ძეგლია და ჩაჟაშის საფორთიფიკაციო სისტემის ერთიან სტრუქტურაში შედიოდა თამარის ზედა ციხესთან ერთად. კომლექსიდან, რომელიც შედგებოდა ეკლესიისა და ოთხი კოშკისგან, ამჟამად ორი კოშკი და ეკლესიაა შემორჩენილი. თუმცა ამ ბორცვს არა აქვს გალავანი, თვითნ რთულად ასასვლელი რელიეფი და კლდოვანი ქანი ამ გალავნის ფუნქციას ასრულებს. თითქოს შემოსაზღვრულიც კია ქვემო ნაწილში, მით უფრო, რომ აღმოსავლეთიდან მას ხელოვნურად შეუქმნეს ძირი, ე.წ. სუბსტრუქციაზე აღმართეს. კლდოვანი ქანის ბუნებრიობა შენარჩუნებული და გამოყენებულია. ციხე-კომპლექსიდან შესანიშნავი ხედები იშლება მთელს უშგულზე. გადმოცემის თანახმად ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.

 

კოშკები

ციხის ოთხი კოშკიდან გადარჩენილია მხოლოდ დასავლეთის და სამხრეთის განაპირა კოშკის ნაწილი. ეკლესიის სიახლოვეს, მის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს არსებული კოშკები მთლიანად დანგრეულია. ზურაბ ნიჟარაძის კოშკი კომპლესის აღმოსავლეთ კიდეში, ყველაზე მაღალ ადგილასაა აღმართული. იგი წარმოადგენს შედარებით მსხვილი და ვიწრო ფიქალის შესანიშნავი წყობით ნაგებ შენობას, მხოლოდ ძირში დიდი ზომის რიყის ქვებია გამოყენებული. კოშკი ერთიან, დაუნაწევრებელ, მძლავრ დომინანტად აღიქმება. კოშკის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები სადაა. აღმოსავლეთით, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულის დონეებზე სიბრტყის სხვადასხვა მონაკვეთში მცირე ზომის სარკმელია გაჭრილი. დასავლეთი ფასადის, რომელიც სოფლისკენ არის მიმართული, მეორე და მეოთხე სართულებზე კარის ღიობებია შემორჩენილი კოჭის ბუდეებით, რაც აივნების არსებობაზე მეტყველებს. მესამე სართულის დონეზე პატარა სარკმელია გაჭრილი. კოშკს გამორჩეული დასრულება აქვს. იგი სრულდება ყოველი კედლის ცენტრში მოწყობილი ძლიერად შვერილი მაშიკულით. კოშკი განიერია, მძლავრია,მირე ენტაზისით. მეორე კოშკის ნანგრევი ანსამბლის სამხრეთით კლდის დამრეც ფერდზეა აგებული. სამხრეთიდან შეყენებული დიდი ზომის რიყის ქვებზე დგას. ვინაიდან კოშკის ნახევარია შემორჩენილი ჩამოკვეთილია მთელი დასავლეთი მხარე. იგი ჭრილივით იკითხება. 5-6 მეტრის სიმაღლეზე კოშკის ძირი ერთიან შევსებულ მასივს წარმოადგენდა. I სართული ძალიან მაღლაა გაჭრილი და მისგან მხოლოდ კარის ღიობია შემორჩენილი. ისიც დასავლეთით, ჩაჟაშისკენ მიმართული. კარის თავზე თეთრი ფერის დიდი არქიტრავის ქვაა გადებული. შირში მოცემული კოჭის ბუდეები, რაც აქაც აივნის არსებობის მანიშნებელია.

 

ეკლესია

ერთი ციდა, დამჯდარი პროპორციების, ფიქალის ლოდებით ნაგები დარბაზული ეკლესია სოფ. ჩაჟაშის ციტადელის ტერიტორიაზე, მაღალი კლდოვანი ბორცვის სამხრეთ-დასავლეთი ფერდის ხელოვნურად გამაგრებულ ბაქანზე, დგას, ციტადელისგან შემორჩენილი, ბაქნის დასავლეთ კიდეში აღმართული მაღალი კოშკის სიახლოვეს. გეგმაში მართკუთხა ფორმის, დაბალი დარბაზი ვიწრო, გადაკეთების გამო, უხეიროდ ამოყვანილი, ვიწრო, ფართო კონქიანი აფსიდით სრულდება, რომელსაც, დარბაზის მხარეს, მთელს სიმაღლეზე, მსუბუქად შვერილი მხრები აქვს. აფსიდის ცენტრში ერთი დიდი, სწორკუთხა მოხაზულობის სარკმელია, განიერი, ღრმა წირთხლებით. აფსიდის კედლის სამხრეთ კიდეში ღრმა, მომცრო მართკუთხა ნიშაა. აფსიდში კედელზე მიდგმული, დაბალი (როგორც სჩანს, ამჟამად, მისი ზედა ნაწილი მოშლილია), ფიქალითვე ამოყვანილი ტრაპეზია. დარბაზი და აფსიდი გამიჯნულია ფიქალითვე ნაშენი, შეულესავი კანკელით – ერთიანი კედელი, ცენტრში ღიობით აფსიდში შესასვლელად (აღსავლის კარი) და მის ორსავ მხარეს, მოზრდილი, სამკუთხა, ღრმა წირთხლებიანი ღიობებით ხატებისთვის. კანკელის ზედა ნაწილი მორღვეულია – არ არის ანტაბლემენტი და აღსავლის კარის თაღი, გვერდითა ნაწილების (აღსავლის ორსავ მხარეს) კიდეებიც უსწორმასწოროდაა “დასაფეხურებულ-დაკბილული”. აფსიდი ერთი საფეხურითაა ამაღლებლი დარბაზის იატაკის დონიდან, ოღონდ ეს დამოუკიდებელი საფეხური კი არაა (როგორც, ჩვეულებრივ, სვანეთის ეკლესიებში შეიძლება ვნახოთ), არამედ კანკელის კედლის ძირია, რომელიც, აღსავლის კარის “ღიაობის” გამო, აფსიდში შესასვლელი საფეხურის როლს ასრულებს. კონქის ზედა ნაწილი და მთელი კამარა შემორჩენილი არ არის და მათ მაგივრობას ფიქალის ლოდები სწევს, რომლებიც ერთგვარ “ბრტყელ გადახურვას” უქმნის ეკლესიას (ესეც, როგორც სჩანს, გვიანი გადაკეთების შედეგია). ეკლესიაში შესასვლელი ერთადერთი კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი (გარედან დარბაზში ერთი საფეხურით ქვემოთ ჩავდივართ). უშგულის სხვა ეკლესიათა მსგავსად, ისიც საკმაოდ დაბალია, ფართო წირთხლებიანი; დარბაზის მხრიდან იგი თაღოვანია, ოდნავ “შეისრული” ფორმისა, ხოლო საფასადო მხრიდან – სწორკუთხაა, უზარმაზარი მართკუთხა ბალავრით გადახურული. კარის გარდა, დასავლეთ კედელში ერთი სარკმელიცაა გაჭრილი, იგივე ფორმისა, რაც აფსიდში, ოღონდ ბევრად უფრო დაბალი და უფრო ღრმა წირთხლების მქონე. ფასადებზე ორივე სარკმელი ბოლოებ-გაფართოვებული ღრიჭოებივით აღიქმება. გრძივი კედლების ქვედა ნაწილს ვიწრო, დაბალი საფეხური გასდევს. დარბაზის შიდა სივრცე, სრულიად სადა, შეუმკობელ-დაუნაწევრებელი, როგორც სჩანს, ერთიანად იყო შებათქაშებული. ამჟამად შებათქაშება მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზეა შემორჩენილი. ეკლესიას თავდაპირველი კარები შერჩენილი არ აქვს. ახლა აქ არის შედარებით ბოლოდროინდელი, ჩაჟაშის ერთ-ერთი მკვიდრის შენაწირი, ხის, კვეთილობიანი კარი – ცენტრში დიდი ბოლნური ჯვარი მედალიონში, საფეხუროვან კვარცხლბეკზე, ხოლო კარის დანარჩენ არეზე მედალიონებია განაწილებული, მათში ჩასმული ბორჯღალებითა და სტილიზებული როზეტებით; კარის ქვედა ნაწილზე, ლითონის განიერი ფირფიტაა მიმაგრებული, მსხვილი დეკორატიული მოტივით შემკული. ამჟამად, ეს ფირფიტა კარის ხის საფუძველს საგრძნობლადაა მოშორებული. ეკლესიის სრულიად სადა, შეუმკობელი ფასადები, ინტერიერის მსგავსად, ერთიანად იქნებოდა შებათქაშებული. ამჟამად შებათქაშება, ფრაგმენტულად, მხოლოდ ჩრდილოეთ ფასადზეა შემორჩენილი. ეკლესია ფიქალის ფილებითაა გადახურული.

 

წყარო: memkvidreoba.gov.ge