სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სვანეთში, მესტიაში მდებარეობს. იგი 1936 წელს დაარსდა. მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X საუკუნის მაცხოვრის ხატი, XI საუკუნის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII საუკუნის ორმოცი მოწამის ხატი და ჯვარცმის ხატი, ღვთისმშობლის IX—X საუკუნეების ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები — IX—XIV საუკუნეების სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI—XIII საუკუნეების ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა. მუზეუმში პირველი დარბაზი სვანეთში აღმოჩენილ ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ მასალას ეთმობა. მას მოსდევს ნუმიზმატიკური კაბინეტი, IX-XVIII საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების საგანძური, IX-XIX საუკუნეების ნაბეჭდი წიგნების, სასულიერო და საერო ხელნაწერების ექსპოზიცია. მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპოზიციებს ეთმობა.
ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი(ე.წ. “თამარის სამჭედლო”, სვანურად – “ლაშქ-დუირია”)სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის აღმოსავლეთით, შემოსასვლელში, მაღალ, კლდოვან მთის ბაქანზე მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეების ძეგლია და ჩაჟაშის საფორთიფიკაციო სისტემის ერთიან სტრუქტურაში შედიოდა თამარის ზედა ციხესთან ერთად. კომლექსიდან, რომელიც შედგებოდა ეკლესიისა და ოთხი კოშკისგან, ამჟამად ორი კოშკი და ეკლესიაა შემორჩენილი. თუმცა ამ ბორცვს არა აქვს გალავანი, თვითნ რთულად ასასვლელი რელიეფი და კლდოვანი ქანი ამ გალავნის ფუნქციას ასრულებს. თითქოს შემოსაზღვრულიც კია ქვემო ნაწილში, მით უფრო, რომ აღმოსავლეთიდან მას ხელოვნურად შეუქმნეს ძირი, ე.წ. სუბსტრუქციაზე აღმართეს. კლდოვანი ქანის ბუნებრიობა შენარჩუნებული და გამოყენებულია. ციხე-კომპლექსიდან შესანიშნავი ხედები იშლება მთელს უშგულზე. გადმოცემის თანახმად ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.
კოშკები
ციხის ოთხი კოშკიდან გადარჩენილია მხოლოდ დასავლეთის და სამხრეთის განაპირა კოშკის ნაწილი. ეკლესიის სიახლოვეს, მის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს არსებული კოშკები მთლიანად დანგრეულია. ზურაბ ნიჟარაძის კოშკი კომპლესის აღმოსავლეთ კიდეში, ყველაზე მაღალ ადგილასაა აღმართული. იგი წარმოადგენს შედარებით მსხვილი და ვიწრო ფიქალის შესანიშნავი წყობით ნაგებ შენობას, მხოლოდ ძირში დიდი ზომის რიყის ქვებია გამოყენებული. კოშკი ერთიან, დაუნაწევრებელ, მძლავრ დომინანტად აღიქმება. კოშკის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები სადაა. აღმოსავლეთით, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულის დონეებზე სიბრტყის სხვადასხვა მონაკვეთში მცირე ზომის სარკმელია გაჭრილი. დასავლეთი ფასადის, რომელიც სოფლისკენ არის მიმართული, მეორე და მეოთხე სართულებზე კარის ღიობებია შემორჩენილი კოჭის ბუდეებით, რაც აივნების არსებობაზე მეტყველებს. მესამე სართულის დონეზე პატარა სარკმელია გაჭრილი. კოშკს გამორჩეული დასრულება აქვს. იგი სრულდება ყოველი კედლის ცენტრში მოწყობილი ძლიერად შვერილი მაშიკულით. კოშკი განიერია, მძლავრია,მირე ენტაზისით. მეორე კოშკის ნანგრევი ანსამბლის სამხრეთით კლდის დამრეც ფერდზეა აგებული. სამხრეთიდან შეყენებული დიდი ზომის რიყის ქვებზე დგას. ვინაიდან კოშკის ნახევარია შემორჩენილი ჩამოკვეთილია მთელი დასავლეთი მხარე. იგი ჭრილივით იკითხება. 5-6 მეტრის სიმაღლეზე კოშკის ძირი ერთიან შევსებულ მასივს წარმოადგენდა. I სართული ძალიან მაღლაა გაჭრილი და მისგან მხოლოდ კარის ღიობია შემორჩენილი. ისიც დასავლეთით, ჩაჟაშისკენ მიმართული. კარის თავზე თეთრი ფერის დიდი არქიტრავის ქვაა გადებული. შირში მოცემული კოჭის ბუდეები, რაც აქაც აივნის არსებობის მანიშნებელია.
ეკლესია
ერთი ციდა, დამჯდარი პროპორციების, ფიქალის ლოდებით ნაგები დარბაზული ეკლესია სოფ. ჩაჟაშის ციტადელის ტერიტორიაზე, მაღალი კლდოვანი ბორცვის სამხრეთ-დასავლეთი ფერდის ხელოვნურად გამაგრებულ ბაქანზე, დგას, ციტადელისგან შემორჩენილი, ბაქნის დასავლეთ კიდეში აღმართული მაღალი კოშკის სიახლოვეს. გეგმაში მართკუთხა ფორმის, დაბალი დარბაზი ვიწრო, გადაკეთების გამო, უხეიროდ ამოყვანილი, ვიწრო, ფართო კონქიანი აფსიდით სრულდება, რომელსაც, დარბაზის მხარეს, მთელს სიმაღლეზე, მსუბუქად შვერილი მხრები აქვს. აფსიდის ცენტრში ერთი დიდი, სწორკუთხა მოხაზულობის სარკმელია, განიერი, ღრმა წირთხლებით. აფსიდის კედლის სამხრეთ კიდეში ღრმა, მომცრო მართკუთხა ნიშაა. აფსიდში კედელზე მიდგმული, დაბალი (როგორც სჩანს, ამჟამად, მისი ზედა ნაწილი მოშლილია), ფიქალითვე ამოყვანილი ტრაპეზია. დარბაზი და აფსიდი გამიჯნულია ფიქალითვე ნაშენი, შეულესავი კანკელით – ერთიანი კედელი, ცენტრში ღიობით აფსიდში შესასვლელად (აღსავლის კარი) და მის ორსავ მხარეს, მოზრდილი, სამკუთხა, ღრმა წირთხლებიანი ღიობებით ხატებისთვის. კანკელის ზედა ნაწილი მორღვეულია – არ არის ანტაბლემენტი და აღსავლის კარის თაღი, გვერდითა ნაწილების (აღსავლის ორსავ მხარეს) კიდეებიც უსწორმასწოროდაა “დასაფეხურებულ-დაკბილული”. აფსიდი ერთი საფეხურითაა ამაღლებლი დარბაზის იატაკის დონიდან, ოღონდ ეს დამოუკიდებელი საფეხური კი არაა (როგორც, ჩვეულებრივ, სვანეთის ეკლესიებში შეიძლება ვნახოთ), არამედ კანკელის კედლის ძირია, რომელიც, აღსავლის კარის “ღიაობის” გამო, აფსიდში შესასვლელი საფეხურის როლს ასრულებს. კონქის ზედა ნაწილი და მთელი კამარა შემორჩენილი არ არის და მათ მაგივრობას ფიქალის ლოდები სწევს, რომლებიც ერთგვარ “ბრტყელ გადახურვას” უქმნის ეკლესიას (ესეც, როგორც სჩანს, გვიანი გადაკეთების შედეგია). ეკლესიაში შესასვლელი ერთადერთი კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი (გარედან დარბაზში ერთი საფეხურით ქვემოთ ჩავდივართ). უშგულის სხვა ეკლესიათა მსგავსად, ისიც საკმაოდ დაბალია, ფართო წირთხლებიანი; დარბაზის მხრიდან იგი თაღოვანია, ოდნავ “შეისრული” ფორმისა, ხოლო საფასადო მხრიდან – სწორკუთხაა, უზარმაზარი მართკუთხა ბალავრით გადახურული. კარის გარდა, დასავლეთ კედელში ერთი სარკმელიცაა გაჭრილი, იგივე ფორმისა, რაც აფსიდში, ოღონდ ბევრად უფრო დაბალი და უფრო ღრმა წირთხლების მქონე. ფასადებზე ორივე სარკმელი ბოლოებ-გაფართოვებული ღრიჭოებივით აღიქმება. გრძივი კედლების ქვედა ნაწილს ვიწრო, დაბალი საფეხური გასდევს. დარბაზის შიდა სივრცე, სრულიად სადა, შეუმკობელ-დაუნაწევრებელი, როგორც სჩანს, ერთიანად იყო შებათქაშებული. ამჟამად შებათქაშება მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზეა შემორჩენილი. ეკლესიას თავდაპირველი კარები შერჩენილი არ აქვს. ახლა აქ არის შედარებით ბოლოდროინდელი, ჩაჟაშის ერთ-ერთი მკვიდრის შენაწირი, ხის, კვეთილობიანი კარი – ცენტრში დიდი ბოლნური ჯვარი მედალიონში, საფეხუროვან კვარცხლბეკზე, ხოლო კარის დანარჩენ არეზე მედალიონებია განაწილებული, მათში ჩასმული ბორჯღალებითა და სტილიზებული როზეტებით; კარის ქვედა ნაწილზე, ლითონის განიერი ფირფიტაა მიმაგრებული, მსხვილი დეკორატიული მოტივით შემკული. ამჟამად, ეს ფირფიტა კარის ხის საფუძველს საგრძნობლადაა მოშორებული. ეკლესიის სრულიად სადა, შეუმკობელი ფასადები, ინტერიერის მსგავსად, ერთიანად იქნებოდა შებათქაშებული. ამჟამად შებათქაშება, ფრაგმენტულად, მხოლოდ ჩრდილოეთ ფასადზეა შემორჩენილი. ეკლესია ფიქალის ფილებითაა გადახურული.
ჟაბეშის მაცხოვრის ეკლესია X-XI საუკუნეების ძეგლია, რომელიც სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჟაბეშში მდებარეობს, სოფლის განაპირას, შემაღლებულ ბორცვზე. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს და ნაგებია თლილი შირიმის კვადრებით. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადებს მთის ფერდობი ესაზღვრება, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ფასადები ადვილად მისასვლელი და აღქმადია. აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებული ეკლესია მწყობრი პროპორციებით იქცევს ყურადღებას. სრულიად უნიკალურია სწორკუთხა გეგმარებით ამოყვანილი და ორფერდა საბურავის ქვეშ მოქცეული საფასადო კედლების მხატვრული გადაწყვეტა, რომელიც თაღედის არქიტექტურულ კომპოზიციას ეფუძნება. ეს უკანასკნელი, როგორც ეპოქისთვის ნიშნეული მხატვრული ტენდეცია და ტაძრის დამათარიღებელი ერთ-ერთი გარემოება, ამავდროულად, აღნიშნული არქიტექტურული მოტივის რეგიონალური სახესხვაობის წარმომჩენიცაა. ეკლესიის მკაცრად განსაზღვრულ აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძს დამატებით გამოკვეთს სწორედ საკურთხევლისა და ცენტრალური შესასვლელის გასწვრივ, კედლის სიბრტყეზე გაშლილი სამთაღედი. თაღედის მოხაზულობა კედლის ზედა ნაწილში მრავალმნიშვნელოვნად იმეორებს სვანური კოშკების გვირგვინებისთვის დამახასიათებელ, დაკბილულთაღებიანი სალოდეების მონახაზს, როდესაც თითოეული ფასადის შესაბამისად, სალოდეები სამთაღოვან პარაპეტშია ჩასმული. სწორედ სამთაღედის კომპოზიცია უდევს საფუძვლად ეკლესიის საფასადო გაფორმებას: სამთაღედის შიდა წყვილი ,,კბილი“ შეწყვილებული ლილვებით ,,უკავშირდება“ საფასადო კედლის ქვედა მხარეს – ცოკოლს. აღმოსავლეთ ფასადის შუა თაღში (სამივე თაღი ერთი სიმაღლისაა), ასევე თაღოვანი მოხაზულობის, მაღალი და ვიწრო, ტაძრის ერთადერთი სარკმელია გაჭრილი, ხოლო დასავლეთ კედლის შუა თაღი (შუა თაღი სიმაღლით აღემატება დანარჩენ ორს) შესასვლელს ეთმობა, რომელშიც სწორკუთხა, რკინის შეჭედილი კარია შებმული. ამჟამად, ეკლესიის შესასვლელს უხეშად ფარავს უახლოეს წარსულში მიშენებული სტოა, რომლის იატაკი და კიბის საფეხურები მეტლახის ფილებით არის მოპირკეთებული. ეს უკანასკნელი გარემოება ტაძარზე განხორციელებული უკანონო არქიტექტურული ჩარევის სავალალო შედეგია, რომელმაც დასავლეთ ფასადის გარდა, მოიცვა სამხრეთ ფასადიც. სამხრეთ ფასადზე ცალქანობა გადახურვის ქვეშ მოქცეული მინაშენი მიედგა. ორივე მინაშენი ნაგებია ბლოკითა და ბეტონით და გადახურულია თუნუქით; თუნუქით გადახურულია ტაძრის განახლებული საბურავიც, რომელიც ხის ახალ კონსტრუქციებზეა გადაყვანილი. ცუდად ხვდება თვალს საფასადო წყობაზე გამოვლენილი ბზარების ცემენტით ამოლესილი ნაპრალები და ეკლესიის ცოკოლის ბეტონით გადალესილი ზედაპირი (ჩრდილოეთ ფასადზე). მაცხოვრის ეკლესიის ინტერიერის ნახვა ვერ მოხერხდა. თუმცა ცნობილია, რომ ტაძარი მე-12 საუკუნით დათარიღებული ფრესკული მხატვრობით იყო შემკული, რომლის კვალიც თითქმის აღარაა დარჩენილი. არ შემორჩა ტაძრის დროინდელი ჯვარ-ხატებიც. სოფელ ჟაბეშის მაცხოვრის სახელობის (სვანურად – მაცხვარ) დარბაზული ეკლესიის მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობა სცილდება ლოკალური რეგიონის საზღვრებს და ის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად მოიაზრება, რომლის დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობისათვის.
ხალდეს მაცხოვრის ეკლესია XIX საუკუნის ძეგლია, რომელიც სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, კალის თემის სოფელ ხალდეში მდებარეობს. იგი ფიქლით ნაშენი დარბაზული ნაგებობაა. დღევანდელი ტაძარი განვითარებული შუასაუკუნეების ეკლესიის ადგილას არის აგებული, რომელიც ხალდეს აჯანყებისას რუსებმა სრულიად გაანადგურეს. ეკლესია მოხატული ყოფილა, ტაძრის მხატვრობა აღწერილი აქვს დიმტრი ბაქრაძეს. ექვთიმე თაყაიშვილი თავის ემიგრანტულ ნაშრომებში წერს: “როდესაც ბაქრაძე იყო იქ, მაშინ იქ ჯერ კიდევ ძველი ეკლესია არსებობდა მაცხოვრისა. მან ყურადღება მიაქცია ფრესკებს, რომლის შესახებ სწერს: სამხრეთის კედელზე წარმოდგენილნი არიან მთელი რიგი წმიდათა; ზოგნი მათგანი ცხენებზე სხედან და გაბრწყინებულნი არიან სინათლით თავების ირგვლივ; სხვები თოფებით არიან; მამაკაცნი ზოგნი წვერებით, ზოგნი უწვეროდ. საზოგადოთ რაოგორც მამაკაცები, ისე დედაკაცები შავის საბურავით არიან და გვირგვინებით. ომია, ზოგი მკვდარია და მიწაზე არიან გაფრთხობილნი. წარწერა: წჲ გი. აქა ესთუმრა: წჲ გი : ნეოფასთესა. (დ. ბაქრაძე, გვ. 115). ამის მეტს ამ ეკლესიის შესახებ დ. ბაქრაძე არაფერს არ ამბობს”. ძველი ეკლესიისგან შემორჩენილი კარნიზის ქვები გამოყენებულია ახალი ნაგებობის დეკორისთვის. ხალდეს მაცხოვრის ეკლესიაში დაცულია X საუკუნის, ჭედური, მცირე ზომის წმ. გიორგის ხატი. ტაძრის დასავლეთ კედელში თაღოვანი შესასვლელია. ინტერიერიცა და ექსტერიერიც შებათქაშებული ყოფილა, თუმცა დღესდღეობით ბათქაში მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი. ხის, მოჩუქურთმებული კარი და კანკელი ახალია და ადგილობრივი ხეზე მკვეთის, ჯაბა ჯოხაძის მიერაა შენაწირი.