ვარძია

ვარძია

ვარძია

ვარძია XII-XIII საუკუნეების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. იგი ქართული კულტურის გამორჩეული ძეგლია ისტორიული, კულტურული და მხატვრული მნიშვნელობით.
ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა. 1203 წელს მონასტერმა თამარ მეფე და საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი მიიღო. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმთა კოალიციის ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში. მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომი, რომელსაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო.

 

მშენებლობის ეტაპები

1970-1971 ვარძიაში ჩატარებული გათხრების შედეგად სამი კულტურული ფენა გამოვლინდა. მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156–1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად. მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184–1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186–1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. 1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306).

 

არქიტექტურა

ვარძიის კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში. ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე — მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის — ტაძრის გარშემო. ვარძიის ქვაბულები გრძივად დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, 500 მ-იანი ფრონტითაა გადაშლილი. ქვაბულები განთავსებულია იარუსებად. ცალკეულ მონაკვეთებში გვხვდება ხუთი, ექვსი და შვიდი იარუსი. აღმოსავლეთ ნაწილში ქვაბულთა 13 იარუსი დასტურდება. ერთიანი სისტემით აქ 19 იარუსია. ვარძიაში დღეისათვის დადასტურებულია 641 კლდეში ნაკვეთი სათავსო.
ვარძიაში შემორჩენილია 15 კლდოვანი ეკლესია. კომპლექსი არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაული სამლოცველოთა კედლის მხატვრობაა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184-1186), სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენამდე მოღწეულ თამარ მეფის პორტრეტებს შორის ვარძიისა ყველაზე ადრეულია. აქ იგი გვირგვინით, მაგრამ გათხოვილი ქალის თავსაბურავის გარეშეა და თან ხელთ ნაგებობა უპყრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვარძიის მანასტრის მშენებლობა და მასზე ზრუნვა გათხოვებამდე დაუწყია.
გვირაბი ვარძიის ცენტრალურ ნაწილში დაკავშირებულია წყლით მომარაგებასთან. იგი შედის წყალგამტარ ფენაში, მისი სიგრძე 16 მ-ია. გვირაბები, რომლებიც ტაძრის ჩრდილოეთ მხრიდან იწყება, მიემართება მონასტრის სალაროსაკენ, მათი სიგრძე — 64 მეტრია. სამონასტრო ანსამბლის აღმოსავლეთ ნაწილში გვირაბით შექმნილია „გასასვლელი“, კლდეში გაჭრილი მაგისტრალი 220 მ-ის სიგრძისაა.
ვარძიაში ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები — საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები — ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით.
წყალსადენი გამოყვანილია სოფელ ზედა ვარძიიდან. 3,5 კმ-ის სიგრძის ტერასის ერთი მესამედი, კლდეში გაკაფულ გვირაბებშია გამართული, კერამიკული მილებისათვის საგანგებო „საწოლებია“ შექმნილი. ტრასის შუალედურ მონაკვეთში, კერამიკული, საკონტროლო რეზერვუარებია. წყლის დებეტი დღე-ღამეში 166000 ლიტრი უნდა ყოფილიყო, რაც დაახლოებით 50000 ადამიანს დააკმაყოფილებდა.
რეზერვუარი ვარძიის დასავლეთ ნაწილშია ამოკაფული. იტევდა დაახლოებით 630000 ლიტრ წყალს.
ბუნებრივი წყარო ღვთისმშობლის ეკლესიის სიახლოვესაა მის ჩრდილოეთ მხარეს, კლდის სიღრმეში. მისი აუზი 8 მ³ წყალს შეიცავს. მისი მუდმივი ტემპერატურა 11°-ია.
ვარძიაში 28 მარანია შემორჩენილი (6 დარბაზი, 22 სათავსო). მარნები მთლიანობაში 235 ქვევრს მოიცავდა. მისი საერთო ტევადობა 100000 ლიტრია.

 

 

ზედა ვარძიის კომპლექსი

ზედა ვარძიის კომპლექსი

ზედა ვარძიის კომპლექსი

ზედა ვარძიის კომპლექსი (ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია) სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიის კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 3 კმ-ზე მდებარეობს, მთის ფერდობზე, ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე. ძეგლი თარიღდება X-XI საუკუნეებით. ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის თავზე ამოკვეთილია საქტიტორო წარწერა: “წ. დედაო ღვთისაო, მეოხ ეყავ ერისთავთ ერისთავსა ლიპარიტს და შვილთა მისთა დღესა მას საშინელსა, რომელმან გულსმოდგინებით აღგიშენა წმიდაი ესე ეკლესიაი ამინ”. წარწერაში მოხსენიებული ტაძრის მაშენებელი ლიპარიტის ვინაობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებებია გამოთქმული, შესაძლებელია ის იყოს ლიპარიტ რატის ძე, ლიპარიტ ლიპარიტის ძე, ან ვინმე უცნობი ლიპარიტი, ვისაც წყაროებით არ ვიცნობთ. ეკლესიის ბალავრის ქვაზე, ამოჭრილი წარწერის მარცხნივ, კიდევ ერთი წარწერა ყოფილა, მხოლოდ საღებავით შესრულებული და არა ნაკვეთი. XX საუკუნის 40-იან წლებში ის ძნელად, მაგრამ მაინც გაირჩეოდა. ეს წარწერა უფრო გვიანდელია და ტაძრის დასრულების შემდეგ განხორციელებულ რაიმე დამატებით სამშენებლო სამუშაოებს ეხება. წარწერა შემდეგნაირადაა აღდგენილი: „ქ. სახელითა ღმრთისაითა და შეწევნითა წმიდისა ღმრთისმშობლისაითა და ბრძანებითა უძლეველისა მეფისათა ბაგრატის გალატოზობითა მე კვირიკე ვახტანგის ძემან ბჭისათა მა-აიაძთლეთა მთისა ჰავსა ნახირისაგან ამოუგდე პური მარიობისაი ციხის ძირელთა მოალაგეთა უკუნისამდე შვილის შვილთა მათთა ვირემდის დგეს ეკლესია ესე მ………..ვ და კოდილი“. ტექსტში მოხსენიებული ბაგრატ მეფე ბაგრატ IV უნდა იყოს. 1828 წელს სოფელ ზედა ვარძიაში გენერალმა პასკევიჩმა ქურთები ჩაასახლა, რომლებიც ეკლესიას საქონლის სადგომად და მათი საკვების სათავსად იყენებდნენ. ტაძარი ძალიან დაზიანებული სახით იყო მოღწეული და 1975-1978 წლებში ჩაუტარდა პირველი რესტავრაცია. ზემო ვარძიის კომპლექსი მოიცავს ღვთისმშობლის ორნავიან ეკლესიას, კლდეში ნაკვეთ ორსართულიან გამოქვაბულსა და ნამოსახლარს. ღვთისმშობლის ეკლესია ორნავიანი ბაზილიკის ტიპის ერთ-ერთი უადრესი ნიმუშია საქართველოში. ძეგლი ატარებს თავისი ეპოქისთვის სახასიათო სტილისტურ ნიშნებს, თუმცა ამავე დროს ინდივიდუალური თავისებურებითაც ხასიათდება, როგორიცაა ორივე ნავისა და გალერეის ერთიან ორფერდა გადახურვაში მოქცევა. ამის გამო გარედან ის საკმაოდ მასიური პროპორციების დარბაზულ ეკლესიას ჰგავს. შიდა სივრცე მზუბუქი და აზიდულია. მორთულობა, ჩუქურთმები ინტერიერშიც და ფასადებზეც მაღალი ოსტატობითაა შესრულებული და მხატვრულ მთლიანობას ქმნის. ზედა ვარძიაში ჯერ არ არის გამოყენებული საფასადო დეკორატიული თაღების სისტემა, თუმცა მდიდრულად მორთვის ტენდენცია უკვე ჩნდება. 

 

ძეგლის აღწერა

ზედა ვარძიის კომპლექსის ღვთისმშობლის ეკლესია საგანგებო სუბსტრუქციაზე დგას და ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომელსაც სამხრეთიდან თაღებით გახსნილი სტოა ეკვრის, დასავლეთიდან კი – უფრო გვიანდელი მინაშენი. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან. თავიდან კიდევ ერთი შესასვლელი დასავლეთიდანაც არსებობდა, თუმცა დასავლეთ სათავსის მიშენების შემდეგ ეს კარი ეკლესიიდან სათავსში გადის. ნავები და სტოა ერთიან ორფერდა გადახურვაშია მოქცეული, რის გამოც ნაგებობა გარედან დარბაზულ ეკლესიას ჰგავს და მისი სამნაწილიანობა (ორი ნავი და სტოა) ექსტერიერში არ ვლინდება. მთავარი ნავი, ჩრდილოეთის ნავთან შედარებით, უფრო მაღალი და ბევრად ფართოა, ჩრდილოეთის ნავი ძალიან ვიწროა. ნავები ერთმანეთისგან T-ს ფორმის ბურჯებზე გადაყვანილი ორი თაღითაა გამოყოფილი. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში კი უაფსიდო პასტოფორიუმია (სამკვეთლო) მოწყობილი. სამკვეთლოს თავზე სამალავია მოწყობილი. პასტოფორიუმი საკურთხეველს უშუალოდ არ უკავშირდება. საკურთხევლის აფსიდის სამხრეთ ნაწილში მოწყობილია ძალიან ღრმა, დაახლოებით წრის 3/4-ის მოხაზულობის, ნიშა, რომელსაც, სავარაუდოდ, სადიაკვნეს ფუნქცია უნდა ჰქონოდა, ჩრდილოეთ ნაწილში კი სწორკუთხა ნიშაა. მთავარი ნავის დარბაზი ორსაფეხურიან პილასტრებზე გადაყვანილი განივი თაღებით სამ მონაკვეთად იყოდა. გრძივი კედელი დანაწევრებულია ასევე პილასტრების ქვედა საფეხურებზე გადაყვანილი დეკორატიული თაღებით. ნავები გადახურულია ცილინდრული კამარებით. მთავარი ნავი ორი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი აფსიდის ცენტრალურ ღერძზეა გაჭრილი, მეორე კი დასავლეთ კედელში, ჩრდილოეთ ნავსა სარკმელი მხოლოდ დასავლეთიდან აქვს, თითო სარკმელი აქვთ ასევე პასტოფორიუმსა და საკურთხეველში მოწყობილ სადიაკვნეს. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები. სამხრეთის სტოა, ჩრდილოეთ ნავთან შედარებით, უფრო განიერია. გალერეა აღმოსავლეთით უსარკმლო აფსიდით სრულდება. სტოა სამხრეთით ორ გეგმაში წრიულ ბურჯზე გადაყვანილი სამი თაღითაა გახსნილი. ეკლესიას დასავლეთიდან უფრო მოგვიანო ნატეხი ქვით ნაგები მინაშენი – სწორკუთხა სათავსი – ეკვრის. სათავსი ფერდშია შეჭრილი და ჭერში მცირე სარკმლები აქვს გაჭრილი. დასავლეთის მინაშენიდან კლდეში ნაკვეთი გასაძრომია კლდეში ნაკვეთ ქვაბულში, რომლის გამოკვეთა ვერ დასრულებულა. ეკლესია მდიდრულადაა დეკორირებული, მორთულობა გამოყენებულია, როგორც ინტერიერში, ასევე ფასადებზე. ზემო ვარძიაში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გლუვ სიბრტყეებს, რაც X საუკუნისთვის სახასიათოა, ჯერ არ არის საფასადო დეკორატიული თაღედები გამოყენებული, თუმცა უხვად შემკობისკენ მისწრაფება უკვე იკვეთება. მოჩუქურთმებულია ინტერიერში ბურჯებისა და პილასტრების კაპიტელები, სამხრეთის სტოის ბურჯების ბაზისები და კაპიტელები, ლავგარდანი, აღმოსავლეთის სარკმელთა საპირეები, სამხრეთის პორტალი. შესასვლელის თავზე განედლებული ჯვრის რელიეფია მოთავსებული, რომლის ორ მხარეს საქტიტორო წარწერაა განაწილებული. ჩუქურთმებში გამოყენებული მოტივები სახასიათოა მოცემული პერიოდისთვის, აქ გვხვდება: წრე-რომბების ხლართი, წვრილი წრეების მწკრივი, მრუდი და სწორი ხაზების კომბინაციები, ფოთლოვანი მოტივები, S-ების მოტივი და სხვა. წარწერა და ჩუქურთმები წითელი საღებავით იყო დაფერილი. მორთულობათა შესრულება თავისუფალი და ოსტატურია, ჩანს ტაძრის დეკორზე დახელოვნებული ოსტატები მუშაობდნენ. 

 

 

იხილეთ ორნავიანი ბაზილიკები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში: