მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი

მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი

მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი

მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი გახლავთ ქართველი ალპინისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1963), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1967), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. იგი დაიბადა 1932 წლის 25 მარტს მესტიაში, დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ის არის ალპინიზმში სსრკ სამგზის, კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოეთის მთასვლელთა შორის. დაიღუპა იტალიაში, მწვერვალ სუ-ალტოზე ასვლისას. ხერგიანის მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. მას დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ალპების ურთულესი მწვერვალები. ინგლისში მას ”კლდის ვეფხვი” ვეფხვი უწოდეს და ეს სახელი სამუდამოდ შერჩა. მისი სახელი მიენიჭა მწვერვალებს კავკასიონსა და პამირ-ალაიში, თურქესტანის ქედზე, ვრაჩანის მასივის ერთ-ერთ ალპინისტურ მარშრუტს ბულგარეთში, კლდეს იაილის მასივზე ყირიმში, ახალგაზრდულ კლუბ “ბეთქილს”, საშუალო სკოლას და ერთ-ერთ ქუჩას მესტიაში, მცირე პლანეტას ასტეროიდების რგოლში მარსი-იუპიტერის ორბიტაზე. დაწესებულია მიხეილ ხერგიანის ყოველწლიური მემორიალი მეკლდეურობაში (1967), მესტიაში გახსნილია მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983). მიხეილ ხერგიანის კოშკიდან მესტიის შესანიშნავი ხედი იშლება.

 

მისამართი: სვანეთი, მესტია, მ.ხერგიანის ქუჩა 32.

სამუშაო საათები: ყოველდღე, 10:00 – 18:00.

 

 

ეროვნული მუზეუმი

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

ეროვნული მუზეუმი

სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი საქართველოს ისტორიისა და ბუნების ცენტრალური მუზეუმია, რომელიც დაარსდა 1919 წელს თბილისში კავკასიის მუზეუმის ბაზაზე საქართველოს მუზეუმის სახელწოდებით. 1947 წელს ეწოდა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელი.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შენობა აგებულია რუსთაველის პროსპექტზე 1913 —1929 წლებში, არქიტექტორი გ. ნეპრინცევი. ფასადის არქიტექტურა ეკუთვნის არქიტექტორ ნ. სევეროვს და იმ დროის ქართული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. მუზეუმი სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებად იქცა. იგი მოიცავს ჰუმანიტარულ (არქეოლოგია, ისტორია, ეთნოგრაფია, ნუმიზმატიკა) და საბუნებისმეტყველო (გეოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია) დარგებს. მუზეუმში თავმოყრილია არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ბუნებისა და მოსახლეობის მატერიალური კულტურის ისტორიის ამსახველი დიდძალი, პირველხარისხოვანი მასალა. მუზეუმში 1984 წლის 31 დეკემბრისათვის 1 006520 ექსპონატი ირიცხებოდა. მის ფონდში შედის უმდიდრესი არქეოლოგიური კოლექციები უძველესი დროიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე (ახ. წ. IV საუკუნე), შუა საუკუნეები (V—XVIII საუკუნეები) საქალაქო ცხოვრებისა და მატერიალური კულტურის, (1801—1921) მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და რევოლუციური მოძრაობის, საბჭოთა პერიოდისა და დღევანდელი მიღწევების ამსახველი მასალები, XIX საუკუნის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული კოლექციები, მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა, გეოლოგიის, ბოტანიკის და ზოოლოგიის ვრცელი ფონდები, მათ შორის უნიკალური ძეგლები: ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული უძველესი ნივთები კახეთის ყორღანული სამარხებიდან (ძვ. წ. III ათასწლეული), ძვ. წ. II ათასწლეული სახელგანთქმული ოქროსა და ვერცხლის თასები და სხვა ინვენტარი თრიალეთის ყორღანებიდან, ვანის, ახალგორის, ალგეთის სამარხეულ კომპლექსებში შემავალი სიუველირო ხელოვნების შედევრები (ძვ. წ. VI—IV სს.), მცხეთაში, არმაზციხეში, არმაზისხევში, ზღუდერში, კლდეეთში და სხვაგან გათხრილი ქართული ოქრომჭედლობის შემდგომი განვითარების დამადასტურებელი ოქროს სამკაულები (I—IV საუკუნეები), მდიდარი გლიპტიკური მასალა და სხვა, ურარტული ეპიგრაფიკის იშვიათი კოლექცია (ძვ. წ. VIII—VII საუკუნეები), ვესპასიანეს წარწერა (ახ. წ. I ს.), არმაზის ბილინგვა (ახ. წ. II ს,), უძველესი ქართული წარწერა ბოლნისის სიონიდან (ახ. წ. V ს.), შუხუთის მოზაიკა (ახ. წ. IV —V სს.), ხის კარების კოლექცია, მათგან იშვიათი ნახელავი კარი ჩუკულის ეკლესიიდან (XI ს.), დმანისის ვერცხლის სამკაულის განძი (XII ს.), ლითონის ჭურჭლის კოლექცია, მათ შორის სპილენძის თეფშები ვახტანგ VI-ის, მეფე ბაქარის, თეკლა ბატონიშვილის წარწერებით (XVIII ს.) და თეფში წარწერით „ქ. სააკაძის გიორგისა და შიოშისა ვარ“ (XVII ს.), ერეკლე II-ის წარწერიანი ჯამი, 2 თოფი და ხმალი, ბაქარისა და სოლომონ II-ის თოფები (XVIII ს.) და სხვა.
ეთნოგრაფიული მასალებიდან
— სახვნელი იარაღები, მათგან „ქართული დიდი გუთანი“, კერამიკული ჭურჭელი წარმოების ყველა ცენტრიდან, ქართველ ოსტატთა ნახელავი ვერცხლის ნივთები და იარაღი, ქართველ და სხვა კავკასიელი ხალხების ტანსაცმლის უიშვიათესი კოლექცია, აღმოსავლური საბრძოლო იარაღი და სხვა. ქართული მონეტების უმდიდრესი კოლექცია, მათ შორის უიშვიათესი — კოლხეთის მეფის აკეს ოქროს სტატერი (ძვ. წ. III ს.), ლაშა გიორგის სპილენძის მონეტა (XIII ს.). განძები ვერცხლის რომაული მონეტებისა სოფელ ეკიდან (907 ც.), თამარ მეფის სპილენძის მონეტებისა სოფელ ვეჯინიდან (2759 ც.) და სხვა. გეოლოგიური ფონდიდან, პირველი მონაპოვარი სსრკ-ში — უმაღლესი ადამიანის მსგავსი მაიმუნის ნაშთი, მესამეული ხანის სპილოს ჩონჩხი სოფელ ტარიბანიდან, მონოგრაფიულად შესწავლილი უხერხემლო ფაუნის ორიგინალები, ტიპური ფორმები და სხვა რეგიონებისა და ქვეყნების ფლორის ჰერბარიუმი, მათ შორის კავკასიის ფლორის XIX საუკუნის მკვლევართა კოლექციების მნიშვნელოვანი ნაწილი, მრავალი სახეობის პირველადი აღწერის ნიმუში — ნომენკლატურული ტიპები და სხვა კოლექციები ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფებიდან, მათ შორის ენდემები, რელიქტები, იშვიათი ან დღეს უკვე გადაშენებული ცხოველების სახეობები.

 

მისამართი: თბილისი. რუსთაველის ქ. 3.

სამუშაო საათები: სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.