ჭერემის ნაქალაქარი

ჭერემის ნაქალაქარი

ჭერემის ნაქალაქარი კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭერემსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარეობს. ნაქალაქარი ერთმანეთისგან დაშორებულ რამდენიმე უბანსა და სხვადასხვა პერიოდის ძეგლებს მოიცავს. ჭერემის შესახებ ისტორიული ცნობები ძალიან მწირია, იგი იხსენიება ჯუანშერის თხზულებაში – ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა (ქ.ც.) და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში – აღწერა სამეფოსა საქართველოსა: და დასუა ერთი ეპისკოპოსად… …ერთი ჭერემს, მისსავე აღშენებულსა, და მუნ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთავე ეკლესიათა, რომელი-იგი მანვე აღაშენა (ჯუანშერი), ხოლო ძესა მისსა, პირმშოსა პირველისა ცოლისასა, დაჩის მისცა ქალაქი ჭერამისა და ნეკრესისა, და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხუარნაბუჯი, და ყოველი ქუეყანა მტკუარსა აღმოსავალით. და თუით ვახტანგ დაჯდა უჯარმოს (ჯუანშერი), და მოვიდა ხუასრო მეფე და შემუსრნა ქალაქი კამბეჩოანი, და ჭერმისა ციხე, და ველის-ციხე (ჯუანშერი), ალაზანსვე ერთვის ჩელთის წყალი… …ხოლო ამის შესართავის პირისპირ, მცირეთ ზემორ, დასავლეთიდამ მოერთვის ჭერემის წყალი, გამომდინარე ცივის მთისა და მომდინარე ჭერემამდე… …ამ წყალსა ზედა არს, ალაზნის დასავლით, ველსა ზედა, ველის-ციხე, და აწ უქმი. ამავ წყალზედ არს, ცივისა ანუ ჰერეთის მთის საშორისსა, ჭერემი. იყო ქალაქი, სადაცა აღაშენა გორგასალ ეკლესია დიდშენი, გუნბათიანი და ქალაქი მაგარი, და დასვა ეპისკოპოზი, მწყემსი შიგნით-კახეთისა, და ზის დღესცა (ვახუშტი ბაგრატიონი), ხოლო მეფემან კათალიკოზად პეტრე დაადგინა მცხეთას და სამოელ მუნვე ზემო ეკლესიასა ეპისკოპოსად; ხოლო სხუანი ეპისკოპოსნი დასხნა: კლარჯეთს, ერუშეთს, წუნას, მანგლისს, ბოლნისს, რუსთავს, ნინოწმინდას, ჭერამს, ჩელეთს, ხორნაბუჯს, აგარაკს, ნიქოზს წმიდის რაჟდენის საფლავსა ზედა (ვახუშტი ბაგრატიონი). “ქართლის ცხოვრება” (ჯუანშერი) ჭერემის საეპისკოპოსო კათედრის დაარსებასა და ქალაქ ჭერემის აგებას ვახტანგ გორგასალს მიაწერს, ვახუშტი ბაგრატიონი კი გვაწვდის ცნობებს ქალაქის ლოკალიზაციის შესახებ და ვახტანგ გორგასლის მიერ საეპისკო ტაძრის აგებას უკვე არსებულ ქალაქში გულისხმობს. არქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჭერემის ნაქალაქარის ტერიტორიაზე ანტიკურ პერიოდში უკვე ყოფილა ქალაქური ტიპის, განვითარებული დასახლება. როგორც ჩანს, “ქართლის ცხოვრებაში” იგულისხმება გალავნით გამაგრებული ქალაქის დაარსება. ჯუანშერის ცნობას ქალაქის ლოკალიზაციის შესახებ მკვლევარები სხვადასხვაგვარად განმარტავენ – “მუნ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთავე ეკლესიათა, რომელი-იგი მანვე აღაშენა”. დღესდღეობით სამეცნიერო საზოგადოება იმ ვარაუდისკენ იხრება, რომ ტექსტში უნდა იგულისხმებოდეს წვეროდაბალის წმ. გიორგისა და მამა დავითის ეკლესიები. მიიჩნევა, რომ ჯუანშერთან ეს ორი ეკლესია მდებარეობის მისანიშნებლად, პირობითად არის მითითებული და არ განსაზღვრავს ქალაქის გავრცელების უკიდურეს წერტილებს, ეს კვლევებითაც დასტურდება. აღნიშნული წყაროებიდან და არქეოლოგიური კვლევებიდან იკვეთება, რომ ჭერემი, ჯერ კიდევ III-IV საუკუნეებში, აღმოსავლეთიდან მომავალ მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარე ეკონომიკური ცენტრი იყო, რომელიც V ს-ში სტრატეგიულ პუნქტად, დაცულ ქალაქად გადაიქცა. ეკონომიკური ცენტრების სტრატეგიულ პუნქტებად გადაქცევას თან სდევს საეპისკოპოსო კათედრების დაფუძნებაც. როგორც ჩანს ამ ორი მოვლენის დაკავშირების საფუძველი იდეოლოგიის პოლიტიკურ ფარად გამოყენება უნდა იყოს, ქრისტიანობის გაძლიერება განსხვავებული სარწმუნოების მტერთან ბრძოლისთვის. იგივე მოვლენები ვითარდება აღნიშნულ აღმოსავლეთიდან მომავალ მაგისტრალზე განლაგებულ სხვა ქალაქებშიც. ჭერემის ვახტანგ გორგასლისეული საკატედრო ტაძარი დღესდღეობით წვეროდაბალის ბორცვზე მოიაზრება (წვეროდაბალის წმ. გიორგის ეკლესია). ჭერემის ეპისკოპოსი 506 წლის დვინის საეპისკოპოსო კრების მონაწილე ჩანს და იგი, სხვა ქართველ ეპისკოპოსებთან ერთად, ძეგლისდებას აწერს ხელს. VIII-IX საუკუნეებიდან ჭერემი ძირითადად დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული, წვეროდაბლიდან აქ გადმოინაცვლა ჭერემის საეპისკოპოსომაც, დანარჩენი უბნები კი “საჭერემლოში” შემავალ დამოუკიდებელ ერთეულებს წარმოადგენენ. V საუკუნიდან VIII საუკუნის II ნახევრამდე ჭერემი შიდა კახეთის წინა მხარის რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენს, VIII საუკუნის II ნახევრიდან კი პოლიტიკური ცენტრი ვეჯინში გადადის, ხოლო რელიგიური ცენტრი კვლავ ჭერემში რჩება. ჭერემელი ეპისკოპოსები იხსენიებიან XVII-XVIII საუკუნეების საბუთებში. 1757 წლის, მეფე თეიმურაზ II-ის, მისი ძის კახთა მეფის ირაკლის და კათალიკოს პატრიარქის იოსების შეწირულობის წიგნი ინფორმაციას გვაწვდის მტრის მიერ აოხრებული ჭერემისა და საეპისკოპოსო კათედრის გაუქმების შესახებ: განმრავლდეს უსჯულოთა მიერნი ჩვენზე და ოხრება და ტყვეობა მწარე, მას ჟამსა ქუეყანასა კახთასა ფრიად მოკლებული საეპისკოპოსო და უშენი ეკლესია ჭერემლისა სრულიად ოხერ და შენებულება ტაძრისა დაქცეულ და ყოვლად უკაცრულად იმყოფებოდა, რამეთუ მრავლით ჟამითგანვე, პირველ ჩვენსა წარტვენილ და მოოხრებულ იყო და ჩვენ მას ეკლესიასა შინა ეპისკოპოსი მისი თვისსა საყდარსა ზედა მჯდომარე არა გვეხილვა. თეიმურაზ II-მ დაღესტნელი განადგურებული ჭერემის საეპისკოპოსოს ეპარქიის მიწები ალავერდის, ბოდბისა და ნინოწმინდის საეპისკოპოსოებს გაუნაწილა. გარდა თავად ქალაქის შემადგენელი ნაგებობებისა, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ჭერემის ტერიტორიაზე გამოვლინდა ასევე ქვის ხანის კაჟის იარაღები, ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები. ჭერემის ნაქალაქარი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მასშტაბური, მრავალფეროვანი და საინტერესო ძეგლია.

 

ქალაქის განლაგება

ჭერემი III-IV საუკუნეებში უკვე მოიცავდა მინიმუმ ორ უბანს, მისი დასავლეთ ნაწილი წვეროდაბალის ბორცვზე მდებარეობდა, აღმოსავლეთი კი – დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე. V საუკუნეში გორგასლისეული ქალაქი უფრო გაიზარდა და ჭერემის ნაქალაქარი მოიცავს რამდენიმე უბანს: უკანუბანი, წვეროდაბალი (ჭერემის ციტადელი), მამა დავითის ეკლესიის უბანი და ამჟამინდელი სოფლის ტერიტორია. არ არის გამორიცხული სხვა უბნების არსებობაც. ამჟამინდელი სოფლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს წვეროდაბალის კომპლექსი, წვეროდაბალის ჩრდილო-დასავლეთით – უკანუბანი, დღევანდელი სოფლის აღმოსავლეთით კი – მამა დავითის ეკლესიის უბანი. გალავნით მხოლოდ წვეროდაბალის უბანია გამაგრებული. ჩანს, ჭერემს თავისი გამაგრების სისტემა ჰქონია. ტბაწვერის მთაზე გამოვლენილია V საუკუნის კოშკის ნანგრევები, რომელიც ქალაქს გადმოჰყურებს. წვეროდაბალის კომპლექსი მოიცავს გალავანს, ჭიშკარს, ციხე-დარბაზს (V ს), სამეურნეო ეზოს (სავარაუდოდ V ს-ის ფენები და განვ. შუა საუკუნეები), სასახლეს (V ს), წმ. ბარბარეს ეკლესიას (V ს), წმ. გიორგის ეკლესიას (V-VI სს. ეკლესია ჭერემის პირვანდელ საკათედრო ტაძრად მოიაზრება), წყაროებს და სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთებს (ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეების სამშენებლო ფენები). ჭერემის ციტადელი წვეროდაბალის ბორცვზეა განლაგებული და გალავნითაა შემოსაზღვრული. კონცხის დასავლეთ კიდეში ციხე-დარბაზია, აღმოსავლეთით, შემაღლებაზე, საკათედრო ტაძარი, ციხე-დარბაზსა და ტაძარს შორის არსებული ტერიტორია სასახლის კომპლექსსა და წმ. ბარბარეს ეკლესიას უჭირავს. გალავანს კარიბჭე ჰქონდა, რომელთანაც ქვით მოგებული ნაგზაური შეინიშნება. წვეროდაბალის წმ. გიორგის ეკლესია თავიდან დარბაზულ ეკლესიას წარმოადგენდა, მოგვიანებით კი სამეკლესიიან ბაზილიკად გადააკეთეს. წვეროდაბალის ციხე-დარბაზი და სასახლე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ძალიან საინტერესო და უნიკალური გეგმარებით. ჭერემის ციტადელი ერთიანი გეგმით ჩანს აგებული და კომპოზიციურად შეკრულ კომპლექსს წარმოადგენს. დღევანდელი სოფლის აღმოსავლეთით მდებარეობს მამა დავითის ეკლესია. იგი VI-VII საუკუნეებით თარიღდება და სამეკლესიიანი ბაზილიკაა. წვეროდაბალის კომპლექსის ნაგებობები (გარდა მთავარი ტაძრისა) და მამა დავითის ეკლესია ნაგებია ადრეული შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ე.წ. “უჯარმული წყობით” (იზოდომი). დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს VIII-IX საუკუნეების საკათედრო ტაძარი და საეპისკოპოსო სასახლე. როგორც ჩანს, ტაძარი თავიდან დარბაზულ ეკლესიას წარმოადგენდა და მოგვიანებით სამეკლესიიან ბაზილიკად გადაკეთდა. სასახლისგან მხოლოდ ერთი კედელია შემორჩენილი. ეკლესიის ეზოში იდგა ასევე “ჭერემის კვადრატის” სახელით ცნობილი V საუკუნის მცირე ზომის სამლოცველო, რომელიც 1924 წელს ანტირელიგიურ მოძრაობასთან დაკავშირებით გაანადგურეს. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სოფლის განაპირას III-IV საუკუნეების ნამოსახლარი ბორცვი გამოვლინდა, სადაც წმინდა მარინეს სახელობის პატარა ეკლესია მდგარა (შემორჩენილია გეგმის დონეზე). ეს ბორცვი დღესაც წმინდა ადგილადაა მიჩნეული. გარდა აღნიშნული ნაგებობებისა ჭერემის ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია III-IV საუკუნეების ნაგებობათა ნაშთები, შუა საუკუნეების ნაგებობათა ნაშთები და ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *