ჩიხის ციხის კომპლექსი

ჩიხას ციხის კომპლექსი

ჩიხის ციხის კომპლექსი იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში მდებარეობს. იგი XI-XII საუკუნეებით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს გალავანს, ციხე-დარბაზს და მცირე ზომის დარბაზულ ეკლესიას. ჩიხის ეკლესია დამჯდარი, კოხტა პროპორციებით ხასიათდება და გამოირჩევა გემოვნებიანი, ოსტატურად შესრულებული მორთულობით. ჩიხა შუა საუკუნეებში საერისთავო ადგილი ყოფილა, ნ. ბერძენიშვილის ვარაუდით, ჩიხა არგვეთის საერისთავო იყო, ამავე დროს, ჩანს, ის IX ს-ის I ნახევარში აფხაზთა მეფეების რეზიდენცია ყოფილა. იგი წერილობით წყაროებში IX საუკუნის II ნახევარში იხსენიება, “მატიანე ქართლისა” გვაწვდის შემდეგ ცნობას: “გამოვიდა აფხაზთა მეფე გიორგი აღწეფელი, ძმა თეოდორესი და დემეტრესი, ძე ლეონისი, დაიპყრა ქართლი, და დაუტევა ერისთავად ჩიხას ძე დემეტრისი, და ვითარ გარდაიცვალა გიორგი აფხაზთა მეფე, დარჩა ძე დემეტრესი მცირე, რომელსა ერქვა ბაგრატ, რომელი იცნობის ექსორიაქმნილობით და ცოლმან გიორგი მეფისამა მოკლა ძე დემეტრესი ერისთავი ჩიხისა და ეცრუა იგი ივანე მთავარსა შავლიანსა და შთააგდეს ბაგრატ ზღუას, ხოლო ღმერთმან განარინა იგი და მიიწია ქალაქად კონსტანტინოპოლად”. ჩიხის კომპლექსის ეკლესიის შესასვლელის ტიმპანის არეში წარწერაა: “მრავალმოწყალეო ღმერთო, შეუნდვენ ცოდვანი შერაზატს და განუსუენე სულსა მამისა მისისა ივანესა”. გიორგი ბოჭორიძე გამოთქვამს ვარაუდს, ვინაიდან ჩიხა ერისთავთა სამყოფელი ადგილი იყო, შესაძლოა ტაძრის წარწერაში მოხსენიებული შერაზატი და ივანე ჩიხის ერისთავები ყოფილიყვნენ. ჩიხის ციხის კომპლექსი ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ძეგლია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სათანადო გამოკვლევასა და ყურადღებას.

 

არქიტექტურა

ჩიხის ციხის კომპლექსი მოიცავს გალავანს, კოშკსა და ეკლესიას. გალავანი გეგმაში ოვალური მოხაზულობისაა. იგი დღეისათვის ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. გალავნის შიგნით ორსართულიანი ციხე-დარბაზი დგას. ნაგებობის გეგმა კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია. კედლებში შემორჩენილია სართულშუა კოჭების ბუდეები. დასავლეთ კედელთან ქვევრია ჩაფლული, რომელიც ამჟამად ნახევრად დამტვრეულია. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში სართულშუა იატაკის დონემდე კედლის მცირე ნაწილი მორღვეულია, რომელიც თითქოს საგანგებოდ მოწყობილ ღიობს გავს. კედლები ნაგებია დიდი ზომის ყორექვით, წყობაში თარაზულობა ძირითადად დაცულია. ციხის კედლების ზედა ნაწილები მონგრეულია, ასევე გამონგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი, საიდანაც, როგორც ჩანს, შესასვლელი უნდა ყოფილიყო მოწყობილი. ინტერიერში ხეებია ამოსული. ციხე-დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით ძალიან მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას. იგი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მეტრნახევარი სიმაღლის ზეძირკველს ეყრდნობა. შესასვლელი ერთია – დასავლეთიდან, იგი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი – თაღოვანი. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდით სრულდება. აფსიდის ჩრდილო მხარი შესაბამის კედელს პირდაპირ უერთდება, სამხრეთის მხარი კი ერთსაფეხურიანია და ნალისებრი მოხაზულობა აქვს. აფსიდის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს კი თითო თაღოვანი ნიშაა განლაგებული. ტაძრის იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული. ინტერიერში კედლები შებათქაშებულია. მორთულია მხოლოდ დასავლეთის შესასვლელი, რომელსაც მცენარეული ორნამენტით მოჩუქურთმებული განიერი საპირე არშია აქვს შემოვლებული. ჩუქურთმები მაღალი ოსტატობითაა შესრულებული. ნახევარწრიულ ბალავრის ქვაზე ე.წ. ბოლნური ჯვარია გამოსახული და ზემოხსენებული ასომთავრული წარწერაა ამოტვიფრული. ჯვრის ორივე მხარეს მოკლე წარწერაა: “ჯვარი ქრისტესი” და “წმიდაი ბარბარე”. გრძივ კედლებს ლავგარდანი ასრულებს, რომელიც სხვადასხვაგვარი ჩუქურთმით დაფარულ დახრილ სიბრტყეს წარმოადგენს. ეკლესიის ფასადები სწორკუთხა სუფთად თლილი ქვის ფილებითაა მოპირკეთებული. ტაძარს სამხრეთ-დასავლეთით მოზრდილი ხის შენობა აქვს მიდგმული. ეკლესია ძალიან უხეშადაა რესტავრირებული.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.