ჩვიბიანის მაცხოვრის ეკლესია (ჩვიბიანის ფუსდი)

ჩვიბიანის მაცხოვრის ეკლესია

ჩვიბიანის მაცხოვრის ეკლესია (ჩვიბიანის ფუსდი) XV საუკუნის ძეგლია, რომელიც სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემის სოფელ ჩვიბიანში მდებარეობს, სოფლის ცენტრში, მცირე შემაღლებაზე. იგი ფიქლით ნაგები, ძალიან მცირე ზომის, დამჯდარი პროპორციების დარბაზული ეკლესიაა, რომელსაც გალავანი აქვს შემოვლებული. შესასვლელი დასავლეთიდანაა. თაღოვან კართან ხუთსაფეხურიან, ფიქლის ლოდებით აწყობილ “პარადულ” კიბეს მივყავართ (“პარადული” კიბე – სიმაღლის მატებასთან ერთად საფეხურების სიგრძე თანდათან კლებულობს), დარბაზში შესასვლელად კი სამი საფეხურით დაბლა ჩავდივართ. ტაძრის დარბაზი გეგმაში თითქმის კვადრატს უახლოვდება და აღმოსავლეთით მოზრდილი, განიერი, საგრძნობლად შებრტყელებული კონქით დახურული ვიწრო, ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი დარბაზის სივრცისგან კანკელითაა გამოყოფილი, რომელსაც ცენტრშიც თაღოვანი კარია, არსავლის კარის ორივე მხარეს კი ხატებისთვის განკუთვნილი თაღოვანი ღიობები. კანკელის ქვედა კიდეზე, მთელ სიგრძეზე პატარა, ოდნავ შვერილი “სოლეის” მაგვარი საფეხურებია. დარბაზის საკმაოდ დაბალი შიდა სივრცის დანაწევრება ჟიბიანის ლამარიას მსგავსია. კამარას შუაზე ჰყოფს განიერი, ტლანქი, საგრძნობლად შებრტყელებული საბჯენი თაღი, რომელიც კამარის ქუსლის დონეს სცილდება და გრძივი კედლების ზედა ნაწილამდეც ჩამოდის. ლამარიას ეკლესიის მსგავსად, გრძივი კედლები აქაც ერთიანი და დაუნაწევრებელია. ეკლესიას ორი სარკმელი აქვს, საკურთხეველსა და დასავლეთ კედელში. აფსიდიში მოზრდილი, სწორკუთხა, განიერი, საკმაოდ ღრმა წირთხლებიანი სარკმელია, დასავლეთის სარკმელი ბევრად დაბალია და უფრო განიერია. მთელ დარბაზს, კედლების ქვედა ნაწილში, დაბალი და ვიწრო ჩამოსაჯდომი საფეხური შემოუყვება. ტაძრის ინტერიერიცა და ექსტერიერიც შებათქაშებულია. შემორჩენილია ძველი კარის ლითონის ფრაგმენტული მოჭედილობა, რომელიც მარტივი პუნსონირებული დეკორითაა გაფორმებული, ფრაგმენტები ახალ ხის საფუძველზეა გადატანილი. ეკლესიის ფასადბი შეუმკობელი თარო-კარნიზით სრულდება. დასავლეთ ფასადზე ყურადღებას იპყრობს, მასიური, საკმაოდ ტლანქი და ფასადისთვის შეუფერებლად დიდი, თეთრი ქვისგან გამოთლილი ჯვარი, რომელიც სარკმელსა და კარს შორის, ზუსტად სარკმლის ძირშია მოთავსებული. აღნიშნული ჯვრის დეკორი არც ისე დიდი ხნის წინაა დამატებული. ტაძარი გადახურულია ფიქლის ფილებით. ეკლესიაში დაცულ ხატთაგან აღსანიშნავია მხოლოდ წმ. ნიკოლოზისა და წმ. გიორგის ხატები. კანკელის ზედა ნაწილის სახატეში ჩადგმული, XI-XII საუკუნეების, დაუფერავი ვერცხლის ხატი წმ. ნიკოლოზის ნახევარ-ფიგურით. მის ჩარჩოებზე ღმთისმშობლის ნახევარ-ფიგურა, წმ. ანასა და წმ. გიორგის გამოსახულებებია განლაგებული. ჩარჩოს ქვედა ნაწილში შემორჩენილია ოსტატის, “მწერალი გაბრიელის”, ოთხ-სტრიქონიანი მავედრებელი ნუსხური წარწერა. კანკელის ზედა ნაწილზე შედგმულია წმ. გიორგის XIII საუკუნის ფერწერული ხატი, ოსტატის, “მწერალი გიორგის”, ხუთ-სტრიქონიანი მავედრებელი ნუსხური წარწერით.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *