ციხიაგორა შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჩოჩეთში მდებარე ნამოსახლარია. ძეგლი ოთხ კულტურულ-ქრონოლიგიურ ფენას მოიცავს: ადრე ბრინჯაო, შუა ბრინჯაო, გვიან ბრინჯაო და ანტიკური. ნამოსახლარი აერთიანებს სხვადასხვა პერიოდის საცხოვრებლებს, სამაროვნებსა და ანტიკური პერიოდის სატაძრო კომპლექსს. ადრე ბრინჯაოს ხანის ფენა ძვ.წ III ათასწლეულით თარიღდება და მტკვარ-არაქსის კულტურის ფინალურ ეტაპს მიეკუთვნება. ამ ფენაში განათხარი სახლები ერთ ან ოროთახიანებია და ნაგებია ორივე მხრიდან შელესილი წნული კედლებით. ნაგებობებში აღმოჩნდა იატაკზე ამოჭრილი მზის გამოსახულებები. შიდა ქართლის ნამოსახლარ გორებზე, ყველგან მხოლოდ ადრე და გვიან ბრინჯაოს პერიოდების ცხოვრების კვალი ჩანს, არ გვხვდება შუა ბრინჯაოს ფენა. რაც სავარაუდოდ ამ ხანაში მიწათმოქმედი მოსახლეობა მომთაბარე მესაქონლეობაზე გადადის. გვიან ბრინჯაოს ხანის დასაწყისშივე კი საზოგადოება კვლავ უბრუნდება მიწათმოქმედებას და ძველ ნასახლარზე სახლდება. ციხიაგორაზეც იგივე სურათია, ოღონდ აქ შუა ბრინჯაოს ხანაში ყორღანები გაუმართავთ. შემდეგ კი ყორღანების მიწაყრილები მოუშლიათ, მოუსწორებიათ და კვლავ დასახლება გაჩენილა. ამ პერიოდის სახლები ძელური და თიხით შელესილი ყოფილა. ძვ.წ. VI-V საუკუნეებიდან თანდათან იწყებენ კლდის ნატეხი ქვის გამოყენებასაც. ამავე პერიოდიდან ჭარბი მოსახლეობა გორიდან ჩამოსვლას და მის გარშემო დასახლებას იწყებს, გორა კი ცენტრალურ სალოცავად რჩება კარგა ხნის მანძილზე. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში გორაზე აიგო დიდი სატაძრო კომპლექსი, რომელსაც გორის მთელი თხემი უჭირავს. სწორედ ეს კომპლექსია ციხიაგორაზე ყველაზე კარგად შემონახული. იგი მოიცავს: ტაძარს, ბეღელს, მარანს, საფქველ ოთახს, სათონეს, სატრაპეზოსა და საცხოვრებელ ნაგებობებს. ტაძრის ერთ-ერთ სათავსოში აღმოჩნდა კაპიტელი ხარების გამოსახულებებით, რომელიც ამჟამად ჯანაშიას სახელობის არქეოლოგიურ მუზეუმშია დაცული. ციხიაგორის კომპლექსი ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია და ეს უმნიშვნელოვანესი და ძალიან საინტერესო ძეგლი აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას.
სატაძრო კომპლექსი
ციხიაგორის სატაძრო კომპლექსი ძვ.წ. IV-III საუკუნეებით თარიღდება და აერთიანებს: ტაძარს, ბეღელს, მარანს, საფქველ ოთახს, სათონეს, სატრაპეზოსა და საცხოვრებელ ნაგებობებს. მთელი კომპლექსი ხანძრითაა განადგურებული. ანსამლის ძირითად ნაგებობას წარმოადგენს თავად ტაძარი, შიდა ეზო და სათავსოები. ყველა ეს ნაგებობა ერთ სახურავში იყო მოქცეული. ძირითადი ნაგებობის კედლები ნაგებია კლდის ფლეთილი ქვის ორი წყობით ტალახზე. ამ ორ პირს შორის ჩაყრილია მცირე ზომის ფლეთილი ქვები. პერანგის სისქეში გადასაბმელად გამოყენებულია ხის ძელები. 2 მეტრის ზევით იწყება ალიზის აგურის წყობა. აგურები ერთმანეთთან დაკავშირებულია თიხის ხსნარით. ტაძარი თითქმის კვადრატულია და კვადრატულ შიდა ეზოში დგას ისე რომ ჩრდილოეთის კედელი ეზოსთან საერთო აქვს. სამხრეთის კედელში კარია გაჭრილი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლებში კი თითო დიდი სარკმელი. იატაკი მოგებული იყო ხის ძელების ჭადრაკული წყობით. იატაკზე იდგა თიხის სვეტისებური საკურთხეველი. ცენტრში გადახურვისთვის აუცილებელი სვეტი მდგარა. შესაძლოა სწორედ ამ ძელს აბოლოვებდა ციხიაგორაზე აღმოჩენილი კაპიტელი. ტაძარს სამი მხრიდან შიდა ეზო აკრავს, სადაც, კარის გასწვრივ, გეგმით მართკუთხა, ქვის საკურთხეველი დგას. საკურთხეველი შემონახულია თავდაპირველი სიმაღლით, რაზეც მეტყველებს მის თავზე შემორჩენილი თიხის გადალესილობა და ნაცარი. მის თავზე ასევე აღმოჩნდა პატარა დანა და ცხვრის დამწვარი ნეკნები. ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ფლეთილი ქვისა და თიხისგან ნაგები ბაქანი იყო მოწყობილი, რომლის ნალესობაც შუაგულისკენ ღრმავდებოდა. სავარაუდოა, რომ ეს ბაქანი სამსხვერპლო იყო. ზღუდის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში შიდა ეზოში შესასვლელებია გაჭრილი. ტაძრის შიდა ეზოში მრავლად აღმოჩნდა ნალესობის ფრაგმენტები სხვადასხვა გამოსეხულებებით: ფასკუნჯი, მზე, ირემი, მხედარი, ძაღლი და სხვა. გარდა ამისა, გამოვლინდა გამომწვარი სახურავები, მოხატული ქვევრები, წითლად შეღებილი ჭურჭელი და ა.შ. სატაძრო კომპლექსის გარშემო განლაგებულ ნაგებობებში აღმოჩენილია პურის საცხობი ღუმელი, ხელსაფქვავები, თონე, სატრაპეზო, საკურთხეველი, ქვევრები, სხვადასხვა ტიპის ჭურჭელი და სხვა. ციხიაგორის მთელ თხემს შემოზღუდავდა კონტრფორსებიანი და კოშკებიანი გალავანი. იგი ნაგები იყო ალიზით რიყის ქვის საძირკველზე. გალავანს გარედან ხრეშნარევი რიყის ქვის ჯავშანი ჰქონდა. ციხიაგორაზე მოპოვებული მასალა ინახება სიმონ ჯანაშიას სახელობის არქეოლოგიურ მუზეუმში.