დადიანების სასახლე

დადიანების სასახლე

დადიანების სასახლე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ზუგდიდში მდებარეობს. იგი XIX საუკუნეში აშენდა. მანამდე სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო.
სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან.
დედოფლისეული სასახლე XIX ს – ის 60-იან წლებში გადაკეთებულია გერმანელი არქიტექტორის გ. რაისის მიერ. გ. რაისმა II სართულის თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა.
სასახლეს ამშვენებს აივანი, რომელსაც უნიკალური ხის ჭერი აქვს, მის შესაქმენლად ათიათასამდე ხის პატარა დეტალია ხელით დამუშავებული და ასეა შექმნილი დაახლოებით ხუთ მეტრიანი მოზაიკა, სადა ცენტრალური ადგილი შვიდკუთხა გეომეტრიულ ფიგურას უჭირავს, მთლიანად აივნის მოზაიკურ გაფორმებაში დაახლოებით 50 ათასამდე ხის პატარა ორნამენტია გამოყენებული, ზუსტად არ არის ცნობილი ვინ არის აივნის არქიტექტორი, თუმცა გადმოცემის მიხედვით, სამეგრელოს დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძეს აივნის გასაკეთებლად ლაზეთიდან საუკეთესო ოსტატები მოუწვევია და მათთვის მანამდე არნახული არქიტექტურული ნიმუშის შექმნა დაუვალებია, ყოველი დეტალი თაფლში სხვადასხვა ტემეპრატურაზეა მოხარშული, რითაც მათ სხვადასხვა ფერადოვნება აქვთ მიღებული და ამიტომაც აივნის მოზაიკა უმშვენიერესია სანახავად. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.
მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუასაუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა,ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია.
მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ – საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია – მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე. მუზეუმის დაარსებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აკაკი ჭანტურიას (1881-1941). დადიანების ქონება ზუგდიდის გარდა სალხინოსა და ჭკადუაში – პრინც მიურატის სასახლეში ინახებოდა. სალხინოდან ნივთების მიღება აკაკის მთელ ეპოპეად ექცა – მცველების თანხლებით მიდიოდა და აურაცხელ საგანძურს ურმებით ეზიდებოდა. 1937 წლიდან დაწყებული დევნის შედეგად 1940 წლის 23 ივლისს აკაკი ჭანტურიამ დატოვა დადიანების სასახლე. რის შემდეგ არაერთხელ განიძარცვა მუზეუმის საგანძური. 1990-იან წლებში საგამოფენო დარბაზიდან გაიქურდა ეკატერინეს ძვირფასი ჩაის სერვიზი, რომელიც მე-19 საუკუნეში პეტერბურგის საიმპერატორო ქარხანაში ძმებმა კუზნეცოვებმა დაამზადეს. მას ხუცური წარწერით გამოყვანილი დამღა “ეკატერინე” ამშვენებდა.
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები (50000- მდე ექსპონატი) და მართლმადიდებლური სიწმინდეები, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.
არქეოლოგიური ძეგლებიდან აღსანიშნავია ძველი და ახალი ქვის ხანის იარაღები. ბრინჯაოს ცული დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ზუგდიდის რაიონისა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბი, აღმოჩენილი ენგურის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. თაგილონთან. საკმაო რაოდენობითაა მოპოვებული სპილენძის ზოდები მოწმობს ბრინჯაოს იარაღებისა და მათ შორის ცულების ადგილობრივ წარმოებას. კოლხეთის ძველი მოსახლეობის საქმიანობის შესახებ ნათელ წარმოდგენას იძლევა 1935 – 36 წლებში ზუგდიდის რაიონის სოფ. ანაკლიის მახლობლად დიხა – გუძუბების გათხრების შედეგად მოპოვებული მატერიალურ – კულტურული ძეგლები. მუზეუმში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექცია: კოლხური თეთრი, რომაული, ბიზანტიური, XII-XIX საუკუნეთა ქართული, რუსული, უნგრული, პოლონური და სხვა მონეტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ . წ . I _ ახ . წ . II – ის კოლხური ოქროს მონეტა, იუსტინიანე I- ის (527-565) მონეტა.
მუზეუმში დაცულია ქართული ქანდაკების ნიმუშები, რომლებიც ქართველთა წარმართული კერპის ხარის გამოსახულებას წარმოადგენს; აგრეთვე XIII _ XVII სს – თა ათობით ეპიგრაფიკული ძეგლი. აქვეა ქართული საეკლესიო ნაქარგობის ბრწყინვალე ნიმუშები: მწიგნობართუხუცესის საბუხარი, რომელიც XVII ს – ის დამდეგს არის მოქარგული და ქართული ქარგვითი ხელოვნების უძველესი ნიმუშია; ექსპოზიციას ამშვენებს ლევან II დადიანის ბრძანებით დამზადებული გარდამოხსნა . უნდა აღინიშნოს ოქრომქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის უბრწყინვალესი ნიმუშები XI-XIX სს – ისა: გიორგი მეფის სამწერობელი (XI), რომელიც ქრისტიანული ხელოვნების ერთ – ერთი საუკეთესო და უძველესი ნიმუშია; თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლის ხატი (XII), რომლის 52 სანაწილე ბუდეში წმინდანთა ნაწილების ჩაბრძანებული; კარედი ხატი წმ. გიორგისა ქტიტორის კირილე ჟუანიძის გამოსახულებით (XVI); ხატი წმ. გიორგისა პეპუ მეუნარგიასი (XIX) და სხვა მრავალი.
ზუგდიდის მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე _ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს: პირველის თანახმად, ის ჩამოიტანეს მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან; მეორეს მიხედვით, კვართი ჩვენში ჩამოტანილ იქნა მე-15 საუკუნეში, კონტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ. იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ კი ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი ლევან I დადიანს გადმოუსვენებია სამთავრო სასახლეში.
მუზეუმში ასევე დაცულია სხვა სიწმინდეები, ხელნაწერები, ფერწერული ნიმუშები და სხვა.
მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე – პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები. დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე – კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს სამეგრელოს ყოფილ მთავართა -დადიანთა სასახლესთან გაშენებული დეკორატიული ბაღის გაგრძელებას, ამიტომ მისი ისტორია დაკავშირებულია თვით სასახლის ისტორიასთან. როგორც ჩანს ის წარმოიშვა მე-18 საუკუნის დასაწყისში და წარმოადგენს უძველესი, უდაბური ტყის გაგრძელებას, რომლითაც გამოირჩეოდა მთელი კოლხიდა.
მთავრისეული ტაძარი დადიანების სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მისი მშენებლობა 1825-1830 წლებში მიმდინარეობდა. აქ დასვენებულ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატს ირგვლივ შემოვლებული ჰქონია წმინდა სარტყელი, რომელიც ბიზანტიიდან ჩამოუტანია ბაგრატ IV-ის მეუღლეს-ელენეს. ტაძარი ეკუთვნოდა მთავარს და მის ოჯახს. მოუხატავთ XIX საუკუნის 50-იან წლებში.მაცხოვრის კარის ეკლესია ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალ ბორცვზე მდებარეობს. აქ ადრე ქალაქში შემოსასვლელი კარი ყოფილა და შესაძლოა მას სწორედ აქედან ეწოდა ეს სახელი. ტაძარი აგებულია XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ლევან დადიანის მითითებით. მოუხატავთ XVII საუკუნის 60-70-იან წლებში. შემორჩენილია წმ. დიმიტრისა და თევდორეს ფრესკები, წმინდა გიორგის ქანდაკება. ეკლესიის კედლები მოუხატავს ცაიშელ-ბედიელ მიტროპოლიტს კუირილე (კირილე) ჟუანიძეს. 1855 წელს ტაძარი თურქებს დაუზიანებიათ. იგი შემდეგ ეკატერინე ჭავჭავაძის მითითებით კვლავ განუახლებიათ.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *