დალისმთის ციკლოპური კომპლექსი და დარბაზული ეკლესია

დალისმთის (დალიდაღის) ციკლოპური კომპლექსი და დარბაზული ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, დალისმთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2265 მეტრზე. ციკლოპური კომპლექსი ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. ნაგებობა ძალიან დაზიანებულია, ფაქტობრივად ქვაყრილადაა ქცეული. ქვაყრილში გაირჩევა რამდენიმე მცირე ზომის სათავსი. საინტერესოა, რომ სათავსებზე არ შეიმჩნევა შესასვლელები. არ შეინიშნება ასევე გადახურვის დიდი, ბრტყელი ქვები, როგორიც აბულისა და შაორის ციხეებზე გვხვდება, რაც, ალბათ, დალისმთაზე ამგვარი მასალის უქონლობამ განაპირობა, აქ ბევრად უფრო მცირე მორენული ღვარია და უფრო მომცრო ზომის ქვები. კომპლექსის ძირითადი ნაწილის გარშემო ჩანს ჩაზნექილი, ქვებით ამოვსებული ადგილები, საფიქრებელია რომ ისინიც გარკვეული ტიპის ნაგებობებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ამჟამად ჩანგრეულია. ძეგლი საჭიროებს გამოკვლევას, რათა დადგინდეს მისი ფუნქცია და გეგმარება. აქვე დგას შუასაუკუნეების, მცირე ზომის, დარბაზული ეკლესია, სწორკუთხა საკურთხევლით. ნაგებობას დასავლეთიდან არქიტრავული შესასვლელი აქვს. სარკმელი ერთია, მხოლოდ აღმოსავლეთ კედელში. საკურთხეველში დგას ქვის ბაზისები, ერთ-ერთზე გამოსახულია ბოლნური ჯვარი. ეკლესია ნაგებია თლილი ქვით. ნაგებობას ეტყობა აღდგენის კვალი. ტაძარს ყორული გალავანი აქვს შემოვლებული. ქვის ბაზისები ეკლესიის გარეთაც დევს, თუმცა თავად ქვაჯვარები არ გვხვდება. დალისმთის წვერი მოფენილია ვერტიკალურად მდგარი ქვასვეტებით, რომლებიც უფრო მცირე ზომის ქვებითაა გამაგრებული. ეს ქვასვეტები უახლოეს წარსულში უნდა იყოს გაკეთებული. შესაძლოა მსგავსი ტიპის მენჰირები აქ თავიდანვე ყოფილიყო (ხშირად გვხვდება მეგალითური ნაგებობების ტერიტორიაზე ან მათ მიმდებარედ), თუმცა ასე სუსტად გამაგრებული ამდენი მენჰირი დრემდე ვერ მოაღწევდა. ეს კომპლექსი ქართული მეგალითური კულტურის ერთ-ერთი საინტერესო და საყურადღებო ნიმუშია. დალისმთიდან შესანიშნავი ხედები იშლება, თვალწინ გადაგეშლებათ ფარავნის ტბა, შაორის მთა და ციხე, ასევე სამსარის ქედის ულამაზესი და ეგზოტიკური პეიზაჟები.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *