დავით გარეჯის კომპლექსი

დავით გარეჯი

დავით გარეჯის კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსია, რომელიც ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიურ-კულტურული ცენტრი იყო. მონასტერი ერთ-ერთმა ასურელმა მამამ – დავით გარეჯელმა დაარსა VI საუკუნის I ნახევარში. მამა დავითი თავის მოწაფესთან, ლუკიანესთან, ერთად დასახლდა გარეჯის უდაბნოს ერთ პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც დავითის ლავრის სახელითაა ცნობილი. დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა განმავლობაში მას განშტოებები მიემატა. გარეჯა ისტორიულ წყაროებში იხსენიება, როგორც „გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი“. მომდევნო პერიოდებში კი თანდათან შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი ჩამოყალიბდა, ესენია: დავითის ლავრა, უდაბნო, წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრი სენაკები, შავი სენაკები, დოდოს რქა, ბერთუბანი, საბერეები (მაღაზანები, მღვიმე), ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები, მრავალწყარო და სხვა. დავით გარეჯში მრავალი ასეული გამოქვაბული სენაკი, ეკლესია, სამლოცველო და სატრაპეზოა. ბევრ გამოქვაბულში შემონახულია უდიდესი მნიშვნელობის ფრესკები. მონასტერში ჩამოყალიბდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა. გარეჯში სამონასტრო მშენებლობამ მწვერვალს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. ამ პერიოდის დავით გარეჯის მონასტრების სახე ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან მკვეთრად განსხვავდება. მთავარი ეკლესიები და სატრაპეზოები უფრო დიდებული და გრანდიოზული გახდა, გაჩნდა ინტერესი ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. კედლების მოხატულობა კიდევ უფრო აძლიერებს შთამბეჭდავ იერს. დავითგარეჯის მხატვრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებებითა და საქართველოს მეფეთა პორტრეტებით. ქტიტორთა პორტრეტები ზომით ბევრად ჭარბობს რელიგიური პერსონაჟების გამოსახულებებს, რაც ქართველ ოსტატთა დამოუკიდებლობას მოწმობს ბიზანტიური ხელოვნების მიერ დაკანონებული სქემებისაგან. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ცალკეული კომპლექსები საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით იყო ერთმანეთს დაკავშირებული, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწიეს. აღსანიშნავია XVII – XVIII საუკუნეების გაჯის ნაძერწი მორთულობით შემკული ცალკეული გამოქვაბულები. გარეჯელი მოღვაწეები მუშაობდნენ ხელნაწერებზე, ადგენდნენ კრებულებს და დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში ხელნაწერთა მდიდარი ფონდი იყო დაცული. სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი, დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე, სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, გაბრიელ საგინაშვილი, გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვა. 

 

 

დავით გარეჯის მონასტრები

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *