დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (ცისფერი გალერეა) ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირის 11 ნომერში მდებარეობს. იგი საქართველოს ეროვნული მუზეუმის (მუზეუმების გაერთიანება) შემადგენლობაშია. გალერეის რამდენიმე დარბაზი მუდმივ ექსპოზიციას ეთმობა, რამდენიმე დარბაზში კი დროებითი გამოფენები ეწყობა. მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, იაკობ ნიკოლაძისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები. ეროვნულ გალერეაში ინახება 30 000 ექსპონატი. ცისფერ გალერეაში არა მხოლოდ ქართველი, არამედ სხვადასხვა პერიოდის უცხოელი ხელოვანების ნამუშევრების ნახვაც არის შესაძლებელი. აქ პერიოდულად იმართება ანტიკური პერიოდის, რენესანსის თუ თანამედროვეობის მსოფლიოში ცნობილი ნამუშევრების გამოფენები. ბოლო წლებში გალერეაში წარმოდგენილი იყო, ანტიკური რომაული ქანდაკებები, მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრები, ბოტიჩელი, ტიციანი და ა.შ, ასევე თანამედროვეობის ისეთი ცნობილი არტისტების ინსტალაციები, როგორიცაა აი ვეივეი, მიქელანჯელო პისტოლეტო და სხვა.
თბილისის სამხატვრო გალერეის დაარსება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მხატვრის – დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება. ეროვნული გალერეის პირველი ექსპოზიცია 1920 წლის ოქტომბერში შედგა. შენობა, რომელშიც ის არის განთავსებული, 1888 წელს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით აიგო და მასში რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. დიდების ტაძარი, იყო განთავსებული. 1930-იან წლებში კი ეს ნაგებობა ეროვნულ გალერეას დაეთმო. გალერეა 1880-1883 წლებში რომში აგებული საგამოფენო სახლის მიბაძვითაა შექმნილი. რუსთაველის გამზირისკენ მიმართული ფასადი უხვადაა დეკორირებული და ბაროკოსთვის მახასიათებელ ნიშნებს შეიცავს. ფასადის ცენტრს კუბური მოცულობის შესასვლელი გამოჰყოფს. შესასვლელი კორინთული სვეტებითა და პილასტრებითაა ფლანკირებული და ნახევარსფერული ექსედრითაა გადახურული. შენობის ორ დარბაზს მინის გადახურვა აქვს და უხვად ნათდება მზის შუქით. 2000-იან წლებში ნაგებობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა გაფართოების მიზნით, ცენტრალური ფასადი და და მთავარი საგამოფენო სივრცეები უცვლელი დარჩა. ნაგებობა გაიზარდა ბაღის მხრიდან მიშენების ხარჯზე. ეროვნული გალერეა “ცისფერი გალერეის” სახელითაც არის ცნობილი, მისი ფასადები ცისფრად იყო შეღებილი, სახელიც სწორედ მისმა ფერმა განაპირობა, აჟამად ის რუხ ტონალობებშია გადაწყვეტილი. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (ცისფერი გალერეა) ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია ხელოვნების მოყვარულთათვის.