ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სატაძრო კომპლექსი

ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სატაძრო კომპლექსი

ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სატაძრო კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში მდებარეობს. იგი XIII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. სახელწოდება ერთაწმინდა დროთა განმავლობაში სახეცვლილი ესტატე წმინდაა, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ძველ ისტორიულ საბუთებში გვხვდება სახელი ესტაწმინდა. ერთაწმინდის ტაძრის შესახებ ისტორიულ წყაროებში არავითარი ცნობა არ მოიპოვება, ძირითადად შემორჩენილია შეწირულობისა და ნასყიდობის წიგნების დამოწმებები. 1610 წლიდან ერთაწმინდა სააკაძეების საგვარეულო აკლდამას წარმოადგენს, აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის შვილის – პაატას მოკვეთილი თავი. ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სატაძრო კომპლექსი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. ჩანს, რომ ტაძარს სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი დაზიანებები განუცდია და შეუკეთებიათ. სავარაუდოა, რომ ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანებულიყო XIII საუკუნის დასასრულს მომხდარი მიწისძვრისას, ასევე შესაძლოა, თემურლენგის გამანადგურებელი ლაშქრობების მსხვერპლიც გამხდარიყო. XIX საუკუნის II ნახევარში ძეგლი კაპიტალურად შეაკეთეს, აღადგინეს ფასადების მნიშვნელოვანი ნაწილი, სამხრეთ პორტალი და ლავგარდნის ნაწილი ჩუქურთმების გარეშე. 1951 წელს ტაძარს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა და აღადგინეს გუმბათი. ეკლესიას სრულიად შეუსაბამო პროპორციების, დაბალი და განიერი, გვიანდელი გუმბათი ადგას, თუმცა თავიდან ამ პერიოდის ძეგლებისთვის დამახასიათებელი, უფრო ვიწრო და მაღალი გუმბათი ექნებოდა. ერთაწმინდა გეგმარებითა და სტილისტური ნიშნებით ბეთანია-ქვათახევის ტიპის ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება. ნაგებობა ძალიან დახვეწილი და ინდივიდუალური დეკორატიული მოტივების მქონე მორთულობით გამოირჩევა. ძეგლის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია ფასადების განივი დანაწევრება ფრიზით, რაც საქართველოს გუმბათოვან ტაძრებში არ გვხვდება. ბეთანია-ქვათახევის ტიპის ძეგლებისთვის დამახასიათებელია ძირითადი კორპუსის დადაბლება და გუმბათის ამაღლება. აღნიშნული ფრიზი კიდევ უფრო უსვამს ხაზს კორპუსის დამჯდარ პროპორციებს და საინტერესო კომპოზიციას შექმნიდა თავდაპირველ, დახვეწილი პროპორციების გუმბათთან მიმართებით. ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე ნაგებობის უნიკალური, მაღალ დონეზე შესრულებული ჩუქურთმები. ერთაწმინდის ტაძარი განვითარებული შუა საუკუნეების ერთ-ერთი მაღალმხატვრული და გამორჩეული ნიმუშია.

 

არქიტექტურა

ერთაწმინდის წმინდა ესტატეს სატაძრო კომპლექსი მოიცავს წმინდა ესტატეს გუმბათოვან ტაძარს, გალავანს, სამრეკლოს და სამონასტრო და სამეურნეო ნაგებობათა ნაშთებს. 
ერთაწმინდის ტაძარი ჩახაზული ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. შესასვლელი სამია – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე შესასვლელი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი დასავლეთისა და ჩრდილოეთის შესასველლებს დიდი ღრმა ლუნეტები აქვთ. აღმოსავლეთის მკლავი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება და ღრმა ბემითაა დაგრძელებული. აფსიდის ორივე მხარეს თითო აფსიდალური, წაგრძელებული, ორსართულიანი პასტოფორიუმია. საკურთხეველი და დამხმარე სათავსები, დარბაზის იატაკთან შედარებით, ერთი საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხევლის აფსიდში მოჩუქურთმებული საპირით შემკული ნიშია. დასავლეთ მკლავი კუთხის მონაკვეთებს ოდნავ შეისრული თაღებით უკავშირდება, რომლებიც რთულპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. აფსიდი კონქითაა გადახურული, მკლავები კი ცილინდრული კამარებით. გუმბათი აღმოსავლეთის ბემის კედლებთან შერწყმულ ორ ბურჯსა და დასავლეთის თავისუფლად მდგომ ორ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხორციელდება. დასავლეთ მკლავში თავისებური პატრონიკეა მოწყობილი. ინტერიერში კედლების დიდი ნაწილი შელესილია. ჩრდილოეთ მკლავში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების (არაუადრეს XVII ს) სამრეგისტრიანი მოხატულობა. ზედა რეგისტრში ნადირობიდან დაბრუნებული წმ. ესტატეს გამოსახულებაა, რომელიც ცოლს სასწაულის ამბავს უყვება. აქვეა მათი ორი შვილი, რომელბიც სუფრასთან სხედან. მეორე რეგისტრში წმ. ესტატე თავისი ოჯახით მღვდელმთავრის წინაშე დგას. მესამე რეგისტრში საზეიმო ხასიათი კომპოზიციაა გამოსახული – ფრონტალურად მდგომი ოთხი წმინდანი. ფასადები მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. აღმოსავლეთ ფასადზე სამთავისისეული კომპოზიციის ერთგვარი ვარიაციაა მოცემული – ორი საფასადო სამკუთხა გეგმის მქონე ნიში, ნიშებს შორის მაღალ თაღოვან სარკმელს შეწყვილებულ სარკმლებს შორის მოქცეული დიდი საფასადო ჯვარი ეყრდნობა. ერთი საფასადო ნიში ჩრდილოეთ ფასადზეც არის. შეწყვილებულ სარკმლებს შორის მოქცეული ჯვრები გვხვდება დანარჩენ სამ ფასადზეც. ჯვრები, სარკმლები და პორტიკები მაღალი ოსტატობით შესრულებული დახვეწილი ჩუქურთმებითაა შემკული. ნიშების თაღები ფესტონებითაა მორთული. ფასადები ჰორიზონტალურად გაყოფილია ფრიზით, რომელიც ლილვებს შორის მოქცეული მოჩუქურთმებული ზოლისგან შედგება. ჯვრის ძირითად ნაწილსა და კუთხის ნაწილებს შორის არსებული კედლების არეები თაღედებითაა დეკორირებული. გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებზე ექსტერიერში წრისა და რომბის გამოსახულებებია. აღმოსავლეთ ფასადის ნიშის მორთულობაში გვხვდება წმ. ესტატეს ნადირობის რელიეფი, ნიშაში არსებულ სარკმელთან შეკაზმული ცხენების გამოსახულებებია. სამხრეთის ფასადზე, შეწყვილებული სარკმლების ქვემოთ ადამიანის გამოსახულება და წმ. ესტატეს ნადირობის რელიეფია. ტაძრის მორთულობა მრავალფეროვანია, გვხვდება როგორც, გეომეტრიული, ასევე მცენარეული მოტივები. ფასადებს რთულპროფილიანი, მოჩუქურთმებული ლავგარდანი ასრულებს. ჯვრის ძირითადი მკლავების ფრონტონებს, ლავგარდნის ქვეშ, ვაზის მოტივზე შექმნილი მსხვილი ფრიზი გასდევს. დასავლეთით ერთაწმინდის ტაძარს მინაშენი ერთვის, რომლისგანაც მხოლოდ სამხრეთ ნაწილია შემორჩენილი. ეკლესიის დასავლეთ კედლეზე შემორჩენილი კვალით ჩანს, რომ მინაშენის ცენტრალური ნაწილი ფრონტონით სრულდებოდა. ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო ფერის ქვით.

ტაძარს გარშემო ბრტყელი ნატეხი ქვით ნაგები გალავანი აქვს შემოვლებული, რომელიც განვითარებული ფეოდალური ხანის გვიანდელ პერიოდს განეკუთვნება. გადმოცემით, გალავანს შვიდი კოშკი ჰქონია, თუმცა დღესდღეობით მხოლოდ ორი კოშკის ნაშთია შემორჩენილი დასავლეთით. კედლებში გვხვდება სათოფურები. გალავნის ჩრდილოეთ ნაწილში ორსართულიანი, წრიული გეგმის მქონე სამრეკლოა ჩართული, რომელიც პირვანდელი სახით არ შემორჩენილა. ადგილობრივთა თქმით, იგი რამდენიმე ათეული წლის წინ დაუნგრევიათ და ახალი, უფრო ფართო სამრეკლო აუშენებიათ. ქვედა სართული ყრუა, ზედა სართული კი ოთხი თაღოვანი ღიობითაა გახსნილი. თაღების შეერთების ადგილზე აფრებია გადაყვანილი, რომელსაც გუმბათის სფერული კამარა ეყრდნობა. სამრეკლო გადახურულია კონუსური სახურავით.

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *