ფარავნის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი აზიდული პროპორციებითა და ვრცელი, გაშლილი სიდა სივრცით ხასიათდება. ყურადღებას იქცევს მისი მხატვრული გადაწყვეტა – პილასტრებითა და თაღებით დანაწევრებული ინტერიერი და საინტერესო რელიეფური აქცენტები ფასადებზე. ფარავნის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. ინტერიერში გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებითა და მათ შორის, მეოთხედსვეტებზე გადაყვანილი, ნახევარწრიული თაღებით. ნაგებობა გადახურულია კამარით. კამარა პილასტრებზე გადასულ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. პილასტრები მოჩუქურთმებული კაპიტელებით სრულდება. ყველა პილასტრი განსხვავებული ჩუქურთმითაა შემკული. ეკლესიას სამი თაღოვანი სარკმელი აქვს – ერთი საკურთხეველში, ორი კი სამხრეთის კედლის თაღების ქვეშ. სარკმლების წირთხლები ინტერიერში ფართოვდება. აფსიდში ორი პატარა ნიშია. საკურთხეველში დევს ტრაპეზის ქვა. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან, იგი დარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. არქიტრავზე ჯვრები და ორნამენტული რელიეფებია გამოსახული. მოჩუქურთმებული სათაურებითაა შემკული სარკმლებიც. სამხრეთის ფასადზე კიდევ რამდენიმე რელიეფია ჩართული. აქვეა ასეომთავრული წარწერა, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: “ქრისტე შეიწყალე პავლე”. ფასადებს წრეთარგის მოხაზულობის ლავგარდანი ასრულებს, რომელიც სხვადასხვაგვარი ორნამენტით ყოფილა შემკული, თუმცა დღესდღეობით მისი მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი, უმეტესი წილი კი განახლებულია. ეკლესია რესტავრირებულია. ტაძრის დასავლეთით გვხვდება შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი ქანდაკისებრი საფლავის ქვა ვერძის გამოსახულებით. ფარავნის ეკლესიასთან ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ ფარავნის ქარვასლა და XIII საუკუნის მცირე ზომის ეკლესია.