ფარავნის ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2073 მეტრზე. იგი წყლის ზედაპირის ფართობით საქართველოს ყველაზე დიდი ტბაა და მისი სარკის ფართობია 37,5 კმ², მაქსიმალური სიღრმე – 3,3 მ, საშუალო სიღრმე კი – 2,2 მ. ტბა ვულკანურ-ტექტონიკური ტიპისაა და გაწოლილია ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლებით. ტბა ზამთარში იყინება, ყინულის სისქე 47-73 სმ შორის მერყეობს. მას ერთვის მცირე მდინარეები: შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი, მისი სამხრეთ ნაწილიდან კი სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება. ფარავნის ტბა წლის ყველა სეზონზე ლამაზია. ვრცელი ხედები და ლურჯად მოლივლივე ტბა უმშვენიერეს სანახაობას წარმოადგენს. თუ ფარავანს ზამთარში ეწვევით, გაყინულ ტბაზე სეირნობას შეძლებთ. ტბას ხშირად სტუმრობენ თევზაობის მოყვარულებიც, აქ გვხვდება თევზის სხვადასხვა სახეობა: ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვა. ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა. ტბასთან ახლოს მრავალი საინტერესო კულტურული ძეგლის მონახულებასაც შეძლებთ, რომელთაგან აღსანიშნავია: აბულისა და შაორის ციკლოპური სიმაგრეები, განძის ტაძარი, ფოკის ეკლესია, ფარავნის ქარვასლა, ჭიქიანის მენჰირი და სხვა.