ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია

ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია

ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა აზიდული და დახვეწილი პროპორციებით ხასიათდება. სადა ფასადების მხატვრულ სახეს სხვადასხვა ფერის დამუშავებული და ნატეხი ქვის რეგულარული წყობა ქმნის, რომელსაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სუფთად თლილი ფირუზისფერი ქვები სძენს. რელიეფები მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადზე გვხვდება, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფრონტონის არეში მოთავსებული რელიეფური ფილა, რომელზეც წრე (მთვარე) და გველია გამოსახული. სავარაუდოდ ამ რელიეფის სიმბოლური მნიშვნელობა დაკავშირებული უნდა იყოს ხალხურ წარმოდგენასთან – როცა მთვარეს ნათელი აკლდება, ის გველეშაპს ჰყავს დატყვევებული, წმინდა გიორგი კი გველეშაპს ამარცხებს და მთვარეს ათავისუფლებს. ასევე ცნობილია, რომ მთვარის კულტი და წმ. გიორგის კულტი ერთმანეთს შეერწყა. გარდა აღნიშნული რელიეფისა, მნიშვნელოვანია ინტიერში შემონახული ტაძრის თანადროული და XII საუკუნის II ნახევრის მხატვრობა. ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია თავისი მხატვრული ღირებულებით ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. ძეგლი რესტავრირებულია.

 

არქიტექტურა

ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს სამხრეთის მინაშენით. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან, იგი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი – თაღოვანი. ტაძარი აღმოსავლეთით სწორკუთხედში მოქცეული ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. გრძივი კედლები პილასტრებითაა დანაწევრებული, რომლებსაც დარბაზის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრებს თაროსებრი კაპიტელები აქვს. ეკლესია სამი თაღოვანი სარკმლით ნათდება – ერთი სარკმელი აფსიდშია გაჭრილი, ორი კი – სამხრეთ კედელში. ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. გაირჩევა მოხატულობის ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადროულია, მეორე ფენა კი XII საუკუნის II ნახევრით თარიღდება. პირველი ფენიდან მხოლოდ ფერადი ლაქები და სამხრეთ კედელზე გამოსახული შარავანდიანი ხელგაშლილი მამაკაცის ფიგურაა შემორჩენილი. XII საუკუნის ფენიდან უკეთაა დაცული აფსიდის და დასავლეთ კედლის მოხატულობა. მხატვრობა სამრეგისტრიანია. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება, შუა რეგისტრში თორმეტი მოციქულის წელზედა გამოსახულებაა, ქვედა რეგისტრში კი ათი ეკლესიის მამებისა და დიაკვნების ფიგურებია. აღმოსავლეთის სარკმლის თავზე მედალიონში ჩასმული ჯვარია. კედლებზე წარმოდგენილია საუფლო დღესასწაულები და წმინდა გიორგის ცხოვრების სცენები. იატაკიდან 1.5 მ სიმაღლეზე ფართო ორნამენტული ზოლია. მხატვრობის კოლორიტი წითლის, ოქრისა და ლურჯის სხვადასხვა ტონალობებითაა წარმოდგენილი. ფასადები სადაა და თაროსა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდნით სრულდება. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ორივე მხარეს რელიეფია, სამხრეთით, ბოლნური ტიპის ჯვარი, ჩრდილოეთით კი – წრეში მოთავსებული ვარსკვლავისებური ორნამენტი. სარკმლის ზემოთ, ფრონტონის არეში, დიდი ზომის ქვიშაქვის სწორკუთხა ფილაა, რომელზეც წრე და გველია გამოსახული. შესასვლელის ტიმპანის არე ორი გრეხილი ლილვის ნახევარწრიული თაღითაა შემოსაზღვრული, ლილვებს შორის კი ასომთავრული წარწერაა. აღსანიშნავია რომ წარწერა ამოკვეთილი არ არის, ფონიდან ამოწეული რელიეფითაა შესრულებული, რაც საკმაოდ იშვიათია. ჩრდილოეთ კედელზე, ნახევარ სიმაღლეზე, ქვის საკმაოდ განიერი კედელია მიშენებული გასამაგრებლად. სამხრეთის მინაშენი მთავარ დარბაზთან შედარებით, ბევრად დაბალია და უფრო მოგვიანებით არის მიშენებული. ეკვდერიც ცილინდრული კამარითაა გადახურული. მინაშენმა ეკლესიის შესასვლელის ტიმპანი დაფარა, თუმცა ამჟამად ტაძართან მომიჯნავე კედელი ნაწილობრივ ჩამონგრეულია და ტიმპანის ნახევარი ჩანს. ეკვდერი ორ ნაწილადაა გაყოფილი და დასავლეთ ნაწილში თაღოვანი შესასვლელი აქვს. მინაშენის აღმოსავლეთ კედელში სარკმელია გაჭრილი. ეკლესია ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით, გამოყენებულია ტუფიც. ტაძრის გარშემო ძველი სასაფლაოა.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *