გარეჯის ფერადი უდაბნო

გარეჯის ფერადი უდაბნო საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზეა განლაგებული, ზღვის დონიდან დაახლოებით 500-550 მეტრის ფარგლებში. ფერადი მთების წყებები გარეჯის ნახევარუდაბნოს ნაწილია და ძალიან ეგზოტიკურ და შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს. მთები დაზოლილია მოწითალო, ოქროსფერი და მოცისფრო ფერებით. ამ ტერიტორიაზე მცენარეული საფარი გამეჩხრებულია, ჭარბობს ქსეროფილური მრავალწლოვანი ბალახები, ნახევრად ბუჩქები და ბუჩქები. გარეჯის უდაბნოს ადგილას ოდესღაც ზღვა იყო, ამიტომაც შესაძლოა ქანებში გაქვავებულ ნიჟარებსაც წააწყდეთ. ფერადი უდაბნო განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, როდესაც ქანების მოწითალო ფერებს ბალახის ხასხასა სიმწვანე ენაცვლება. გარეჯის ფერად უდაბნოში მარტივი გასვლის მოწყობაც შეგიძლიათ და ლაშქრობისაც, რომლის განმავლობაში დავით გარეჯის რამდენიმე მონასტრისა და მრავალწყაროს წყალსაცავის მონახულებასაც შეძლებთ. გაშლილი სივრცეები, თვალუწვდენელი ხედები და ფერადოვნება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.