ფოკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მდებარეობს. იგი XI საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება. ნაგებობა ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ჰარმონიული პროპორციებით ხასიათდება. ეკლესია დახვეწილი, საინტერესო ორნამენტული მოტივებითაა მორთული. იდივიდუალური და განსხვავებულია ბალავრის ქვის დეკორი, რომელზეც სხვადასხვა სახის ჩუქურთმები ვერტიკალურადაა ჩამწკრივებული. ტაძარი მნიშვნელოვანია აგრეთვე ლაპიდარული წარწერებით: ბალავრის ქვის დასავლეთ ნაწილში მოთავსებული წარწერა ასე იკითხება – “ქრისტე ადიდე ბაგრატ კურაპალატი”, ბალავრის აღმოსავლეთ ნაწილში მეორე წარწერაა – “ქრისტე ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, ადიდე იოანე ოქროპირი – ქართლისა კათალიკოზი, ორთავე ცხოვრებათა შინა, ამინ”, კარის მარცხნივ კიდევ ერთი წარწერაა – “სახელითა ღმრთისაითა მე ბევრელი (ბავრელი) ღირს ვიქმენ შენებასა წმიდაჲსა ამის ეკლესიისა საფუძველი დაიდუა, მე თანა დავშუერ, ჴელოსანი ვიყავ ოქროპირისა ქართლისა კათალიკოზისა”, სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ სარკმლის ჩარჩოს ქვედა ნაწილში წერია – “ქრისტე ადიდე მიქაელ ქართლისა ბნქსლრ”. გარდა აღნიშნულისა, ეკლესიას კიდევ მრავალი მცირე წარწერა აქვს, რომლებშიც სხვადასხვა პიროვნებები იხსენიებიან, სავარაუდოდ ტაძრის შემომწირველები ან შემკეთებლები. ფოკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც ასახავს თავისი პერიოდის ტენდენციებს და ამავე დროს ინდივიდუალური მხატვრული თავისებურებებითაც ხასიათდება.
არქიტექტურა
ფოკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან, იგი არქიტრავულია. დარბაზი ოთხი თაღოვანი სარკმლით ნათდება – თითო სარკმელი აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი, ორი კი – სამხრეთ კედელში. აფსიდი დარბაზისგან მხრითაა გამოყოფილი. კონქი მხრებზე დარყრდნობილ თაღს ებჯინება. საკურთხეველში ორი თაღოვანი ნიშაა. გრძივი კედლები ორი წყვილი ორმაგი პილასტრითა და მათ შორის გადაყვანილი დეკორატიული თაღებითაა დანაწევრებული. პილასტრების იმპოსტები მარტივი დეკორითაა შემკული. ეკლესია ნახევარწრიული კამარითაა გადახურული, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. გრძივი კედლების მსგავსი პილასტრები და თაღია დასავლეთის კედელზეც. ფასადების მორთულობა სადა და დახვეწილია. სარკმლები ლილვების ორმაგ ჩარჩოს შორის მოთავსებული სხვადასხვაგვარი ჩუქურთმებითაა დეკორირებული, ყოველ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული მცენარეულ მოტივებზე შექმნილი ორნამენტები აქვს. აღმოსავლეთის სარკმელს თაღოვანი ჩარჩოს გარეთ განიერი, ტალღოვანი, ლილვისა და მრუდისგან შედგენილი სწორკუთხა ჩარჩო აქვს. ბალავრის ქვის ცენტრში გრეხილი ორნამენტით შექმნილი ჯვარია, რომელსაც სხვადასხვაგვარი ჩუქურთმები სწორკუთხედში აქცევს. ჯვრის აღმოსავლეთით წარწერა და მოჩუქურთმებული ზოლია, დასავლეთით – გლუვი სიბრტყე პატარა წარწერით და მოჩუქურთმებული ზოლი. სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ სარკმელთან მზის საათია მოთავსებული. ამავე ფასადის კიდეში ორი მცირე ზომის ჯვარია. ფასადებს ლილვისა და დახრილი სიბრტყისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია ადგილობრივი, მოწითალო ფერის, სუფთად თლილი ქვით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია რუხი ფერის ქვაც. ეკლესიის ეზოში, შუა საუკუნეებისთვის დამახასიატებელი, ვერძის ფორმის სკულპტურული საფლავის ქვები დევს. სოფელ ფოკაში შემორჩენილია აგრეთვე ბრინჯაოს ხანიხ ციკლოპური ციხე-სიმაგრის ნაშთები.