ფუძნარის (ბოდავის) ღვთისმშობლის ეკლესია

ფუძნარის (ბოდავის) ღვთისმშობლის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდავის მახლობლად მდებარეობს. იგი XIII საუკუნით თარიღდება. ძეგლი დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. მაღალი გუმბათის ყელი და აზიდული პროპორციები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. საფასადო მორთულობა მწირია, ფასადები დაუნაწევრებელია, თუმცა სისადავე და მთლიანობა მას მიმზიდველობას სძენს. ტაძრის დასავლეთ ფასადზე ოდნავ დაზიანებული წარწერაა: „ქ. სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა… დედამან დიდმან შნ ცოველის ასულმან ხათუნაყ აღვაშენე… წმიდისა ღვთისმშობელისა სალოცველად სულთა ჩუენთათვის, შვილთა და მომავალთა შვილებად ჩუენთა… ეკლესია”. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა იგულისხმებოდეს ლაშა-გიორგის ხარჭად შერაცხული მეუღლე (დავით ულუს დედა) ხათუნა და ტაძარიც მის მიერ იყოს აგებული.

არქიტექტურა

ფუძნარის (ბოდავის) ღვთისმშობლის ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. XVI-XVII საუკუნეებში სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან ნაგებობას მცირე ეკვდერებიმიაშენეს, რომელთაგანაც მხოლოდ ჩრდილოეთისაა შემორჩენილი. ეკლესია ძალიან დაზიანებული იყო და უკანასკნელ წლებში სრულიად აღადგინეს. გეგმაში ჯვრის აღმოსავლეთის მკლავი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომლის წინ აფსიდთან შერწყმული ბემაა. მათ საზღვრებზე შეკიდულ პილასტრებზე დაყრდნობილი ვიწრო საბჯენი თაღია. დასავლეთის მკლავი სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებზე თითქმის ორჯერ ღრმაა და კუთხის სივრცეებს თითო ფართო ნახევარწრიული თაღით უკავშირდება. საკურთხევლის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა განლაგებული. სადიაკვნის ჩრდილოეთ კედელში მაღალი წრიული ნიშია, საიდანაც კამარებს ზემოთ არსებულ სივრცეში ასასვლელი იწყება. გუმბათი საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთით თავისუფლად მდგომ ორ ბურჯზეა აღმართული და ოდნავ შეისრულ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხორციელდება აფრების საშუალებით. გუმბათი თორმეტსარკმლიანია. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით, საბჯენი თაღები, გუმბათქვეშა ბურჯები, პილასტრები, აფრები და გუმბათის ყელი შირმისაა. შირიმითაა გამოყვანილი ასევე კარ-სარკმელების ღიობები, ლავგარდანი და დეკორატიული ელემენტები. ტაძარი მწირადაა დეკორირებული. დასავლეთ ფასადზე მოთავსებულია წარწერიანი ქვა, რომლის ზემოთაც დიდი საფასადო ორნამენტირებული ჯვარია. ჯვრის მკალევის ქვემოთ შეწყვილებული სარკმლებია. ჯვრის მკლავების ჩარჩოში ჩასმული თითო დისკოა. ფასადის გვერდითა ნაწილებში თითო, პროფილირებულ ჩარჩოში ჩასმული, პატარა თაღოვანი სარკმელია. აღმოსავლეთის ფასადსაც ასეთივე დეკორი აქვს, მხოლოდ ჯვარი ამ შემთხვევაში თაღოვან სარკმელს ეყრდნობა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადების მორთულობას მოჩარჩოებული სარკმლები და მათთან მოთავსებული ყურძნის მტევნებია. სამხრეთით წყვილი სარკმელია, ჩრდილოეთით კი – ცალფა. გუმბათს ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თაღედის უწყვეტი რიგი ევლება. კვადრატულ ბაზისზე დაყრდნობილი ყოველი კონის თავში, თაღების საფუძველთან, თითო ბურთულაა. მსგავსი ბურთულებია გამოყოფილი ნახევარსვეტების ძირებშიც. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. ტაძარს ქვის გალავანი ევლება, რომლის ჩრდილო-დასავლეთით საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთებია შემორჩენილი. გალავნის წყობაში გვხვდება ეკლესიის დეკორატიული ქვები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *