გარეჯის “დიდი ქვაბების” სამონასტრო კომპლექსი

გარეჯის დიდი ქვაბების სამონასტრო კომპლექსი

გარეჯის “დიდი ქვაბების” სამონასტრო კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი დავითგარეჯის მონასტრების ერთ-ერთი კომპლექსია. კომპლექსი საკმაოდ ვრცელია და განლაგებულია 5-6 იარუსზე. თავდაპირველი ფასადი ჩამოშლილია. ქვაბულები დღესდღეობით რთულად მისადგომია, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე მხოლოდ რამდენიმე სამეურნეო და საცხოვრებელი დანიშნულების სათავსში შესვლაა შესაძლებელი. მიუდგომელ სიმაღლეზე შემორჩენილია ორი ეკლესია, რომლებიც მთასვლელების დახმარებით გამოიკვლია გ. გაფრინდაშვილმა. ეკლესიები გარდამავალ პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს. ორივე მათგანი გუმბათიანია. პირველი ეკლესია (N1) გრძელი ტალანით უკავშირდებოდა დიდ ეკლესიას, რომლისგანაც ამჟამად მხოლოდ ჩრდილოეთ კედელი და აფსიდის ნაშთია შემორჩენილი. ტაძრის შემორჩენილი ჩრდილოეთის თაღი დეკორირებულია, მისი ვერტიკალური კედლების კუთხეები ჩაჭრილია და თაღის ქუსლებთან სადა იმპოსტებია გამოყოფილი. ეს დეკორი სტილისტურად საერთოს პოულობს საბერეების VII ეკლესიის დეკორთან. N1 ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. გუმბათქვეშა კვადრატს ოთხივე მხრიდან დაახლოებით 30 სმ-ის სიღრმის მკლავები/თაღები ერთვის. ტაძრის გუმბათს ქუსლთან შვერილი სალტე ევლება. თითოეულ მკლავში ნიშაა მოწყობილი. N2 ეკლესია გეგმაში კვადრატულია და აღმოსავლეთით ნიშა-საკურთხეველი აქვს. შესასვლელი დასავლეთიდანაა, იგი სწორკუთხაა. შესასვლელის თავზე სამკუთხა ფრონტონის არეა გამოყოფილი რელიეფური ჩარჩოთი, მის ზევით კი ნიშაა გამოკვეთილი. სამლოცველო გადახურულია პირამიდისებრი გუმბათით, რომელშიც ტოლმკლავა რელიეფური ჯვარია გამოსახული. გარეჯის “დიდი ქვაბების” სამონასტრო კომპლექსი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაზიანებულია და ქვაბულთა უმრავლესობა მიუვალია, მასშტაბურობით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. კომპლექსის ტერიტორიაზე გვხვდება დიდი რაოდენობით კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები. სავარაუდოა, რომ დიდი ქვაბები გვიან შუა საუკუნეებში მოქმედი აღარ იყო, რადგან აქ არ გვხვდება არანაირი ქვითკირის დანამატი (კოშკები, საყოფაცხოვრებო ნაგებობები).

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი 1-III. 2019. თბილისი. 

 

რესურსები ინტერნეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *