გელათის მონასტერი იმერეთის მხარეში მდებარეობს, ქალაქ ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე. იგი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დავით აღმაშენებელმა დააარსა 1106 წელს. სწორედ გელათის ტაძარის შესასვლელშია დაკრძალული საქართველოს უდიდესი მეფე. აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს მეფეთა უმრავლესობა: დემეტრე პირველი, გიორგი მესამე, იმერეთის მეფეები ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა. ულამაზეს ადგილას განლაგებული კომპლექსი მხოლოდ მონასტერი კი არა, არამედ კულტურისა და განათლების კერაც იყო. მონასტერთან დაარსდა გელათის აკადემია, რომელიც შუასაუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი კულტურულ ცენტრთაგანი იყო. აქ მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი – იოანე პეტრიწი. სამონასტრო კომპლექსი გალავანში მოქცეულ რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: მთავარი ტაძარი, აკადემია, სამრეკლო, წმ. გიორგის ეკლესია და წმ. ნიკოლოზის ეკლესია. მცირე ეკლესიები უფრო გვიანდელია, XIII საუკუნისა. ანსამბლის ყველა ნაგებობა, არქიტექტურის საერთო ხასიათით, ქვის ფერითა და დეტალების დამუშავებით მთავარი ტაძრის ერთგვარი ანარეკლია, რომელიც მთელი კომლექსის ბირთვსა და დომინანტს წარმოადგენს. ეს ხელს უწყობს საერთო მთლიანობის შთაბეჭდილებას. მთავარი ტაძრის ფართო შიგა სივრცე ჰაერისა და შუქის სიუხვით საოცრად მომნუსხველად მოქმედებს. ტაძარში შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდის მხატვრობა და XII საუკუნის მოზაიკა, ასე რომ გელათი ქართული მხატვრობის ერთგვარ მუზეუმს წარმოადგენს. ეკლესიის ფასადები დეკორატიული თაღების საკმაოდ რთული სისტემითაა მორთული, თუმცა ჩუქურთმა თითქმის არ გვხვდება. ჩუქურთმების გაკეთება დავითის სიცოცხლეში ვერ მოასწრეს. შვერილი აფსიდები, ჯვრის მკლავები, ეკვდრები, მათი დაქანებული სახურავები და ფრონტონები შენობას მოძრაობასა და დინამიზმს მატებენ, მთლიანი ნაგებობა გამორჩეულია პლასტიკურობით. ვახტანგ ბერიძე გელათის ტაძრის აღწერისას ამბობს: “გეგონება, თითქოს მის თიხისფერ კედლებს ჯერ კიდევ აჩნია მისი გამომძერწველი ხელის კვალი”. აღსანიშნავია, რომ გელათის მონასტერში ინახებოდა ქართული ოქრომჭედლობისა და მოკაზმული ხელნაწერების მრავალი უნიკალური და მნიშვნელოვანი ნიმუში, როგორიცაა ხახულის ღვთისმშობლის ხატი. გელათშია დაცული განჯის ჭიშკარი (ჩასმულია კარიბჭეში, სადაც დავით აღმაშენებლის საფლავია), რომელიც დემეტრე I-მა განჯაში ლაშქრობის შემდეგ გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა. გელათის სამონასტრო კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ისტორია
გელათის მონასტერი დავით აღმაშენებელმა დააარსა, XII საუკუნის დასაწყისში, 1106 წელს. სამონასტრო კომპლექსის შექმნისა და ტაძრის აგების შესახებ ცნობას ვხვდებით დავით აღმაშენებლის ანდერძში: “დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვისაც ტკივილი სამარადისო, აწ შვილმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ”. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი აღწერს როგორ მოუყარეს თავი საქართველოსა და უცხოეთში მყოფ ქართველ მოღვაწეებს, მეცნიერებს, სხვადასხვა დარგის მოაზროვნეებს. გელათის აკადემიაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი, ასევე: არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე, ექვთიმე საყვარელიძე, გედეონ ლორთქიფანიძე, ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა. XII გელათი გახდა ქართველ მეფეთა საძვალეც, აქ არის დასაფლავებული თავად დავით აღმაშენებელიც. XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს სრული ავტონომია ჰქონდა მინიჭებული და აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა. XII-XIII საუკუნეში გელათის მონასტერ ვრცელ მიწა-წყალს ფლობდა, განვითარებული იყო მიწათმოქმედება და მევენახეობა. ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულადი შემოსავლით უზრუნველყოფდა. XIII საუკუნის II ნახევარსა – XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეთა ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა გადაწვა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში მასშტაბური სამეურნეო და საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის “მეორედ აღმშენებელს” უწოდებდნენ. მან გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც ხელი შეუწყო მონასტრის პოლიტიკური-ეკონომიური მდგომარეობის ამაღლებას. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს. XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V, სოლომონ I, სოლომონ II და გელათის ეპისკიპოსებმა. მონასტერში დიდი განძი ინახებოდა, ჭედური ხატები, ხელნაწერები და სხვა. გელათის ხელნაწერები და სხვა გადარჩენილი ძეგლები ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ – ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული.
არქიტექტურა
გელათის მონასტერი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: მთავარი ტაძარი (ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი), აკადემია, სამრეკლო, წმ. გიორგის ეკლესია და წმ. ნიკოლოზის ეკლესია. ცენტრალური ადგილი მთავალ ტაძარს უჭირავს. გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. განიერი და მაღალი გუმბათი ოთხ მკლავზე გარდამავალ თაღებს ეყრდნობა. გუმბათი თექვსმეტსარკმლიანია. ცენტრალური სივრცის შემქმნელი ჯვრის მკლავები განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთის მკლავში საკურთხეველია, იგი ღრმა ბემისა და ნახევარწრიული აფსიდისაგან შედგება. აფსიდის მარჯვნივ სადიაკვნეა, მარცხნივ კი – სამკვეთლო. დანარჩენი სამი მკლევი და ბემა ოდნავ შეისრული კამარებითაა გადახურული. ტაძრის მეორე სართულზე პატრონიკეა მოწყობილი, საკურთხევლის თავზე კი სამალავები. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს – სამხრეთით, ჩრდილოეთითა და დასავლეთით. ტაძრის შიდა სივრცე კარგადაა განათებული, რაც სივრცის აღქმასაც აძლიერებს. ტაძარს სამი მხრიდან უფრო გვიანი პერიოდის მინაშენები აკრავს. დასავლეთ ფასადის მთელი სიგრძე სტოას უჭირავს. ფასადების მორთულობა მინიმალისტურია: მხოლოდ კარ-ფანჯრებია დეკორირებული. ფასადებს შორის გამოირჩევა სამხრეთის, რომელსაც მეტად საზეიმო იერი აქვს. ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით. ტაძრის გარე მასებს ერთგვარად ამძიმებს გვიანი მინაშენები, თუმცა მისი სიდიადე და პლასტიკურობა დანახვისთანავე ახდენს შთაბეჭდილებას. აფსიდის სფეროში შემონახულია XII საუკუნის უმშვენიერესი მოზაიკა – ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი. ოქროსფერ ფონზე გამოსახული გამოსახული ფიგურების კომპოზიცია ქართული კულტურის მაღალმხატვრული და უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ინტერიერში გვხვდება სხვადასხვა პერიოდის ფრესკები. საყურადღებოა განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები, მათ შორის არის დავით აღმაშენებლის ცნობილი ფრესკაც.
წმინდა გიორგის ეკლესია მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით დგას. იგი XIV საუკუნით თარიღდება. ყურადღებას იქცევს გუმბათქვეშა საყრდენების ორიგინალური გადაწყვეტა – მრგვალი სვეტები, რომელთა ბაზები შემკულია ფესტონების ორი რიგით. ტაძარში დაცულია ტაძრის თანადროული სამმალიანი, დაბალი ტიხარი, რომელიც დანარჩენი ნაწილისაგან ყოფს საკურთხეველს. დასავლეთის თაღის ქვეშ შესრულებული წარწერა გვამცნობს, რომ, წმინდა გიორგის ეკლესიის კედლები მოუხატვინებია დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსს ევდემონ ჩხეტიძეს. ინტერიერის ძირითადი ნაწილი კი საეკლესიო შინაარსის ფრესკებს უჭირავს, თუმცა გვხვდება ისტორიულ პირთა გამოსახულებებიც, მათ შორის ევდემონ ჩხეტიძე და ბაგრატ III მეუღლითურთ. ეკლესიის ფასადები სადაა, მოურთველი, თუმცა შესასვლელი მოჩარჩოებულია ლამაზი რელიეფური ორნამენტით. დასავლეთის კარიბჭის სამხრეთ ნაწილში მაღალი ოსტატობით შესრულებული მხატვრობის ნაშთია შემორჩენილი.
მთავარი ტაძრის დასავლეთით წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და გელათის აკადემიის შენობა დგას. ეკლესიის პირველ სართულზე თაღიანი გასასვლელია. ნაგებობა პოსტამენტზე აღმართულ ჯვრის ტიპის პატარა ტაძარს წარმოადგენს. ეკლესიის ფასადები, მათ შორის არც კარისა და ვანჯრის ღიობები დეკორირებული არ არის. პირველი სართული მეორეს ქვის კიბით უერთდება.
გელათის აკადემიის შენობის შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს, რომლის თაღებიც სხვადასხვა ფორმის ოთხ ბოძს ეყრდნობა. თაღები მოჩუქურთმებულია. ერთ-ერთი ბოძის კაპიტელზე ამოკვეთილია ლომი. კარიბჭე დიდ დარბაზს უკავშირდება. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომებია, რომლებიც აკადემიის მსმენელთათვის იყო გათვალისწინებული. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით შუა კედელთან დგას თაღებიანი ოთკუთხა მაგიდა. ნაგებობის შიდა სივრცე კარგადაა განათებული.
გელათის სამრეკლო სამსართულიანი ნაგებობაა. პირველი ორი სართული მონასტრის თანადროულია, მესამე კი – ღიასარკმლიანი გუმბათი – შედარებით გვიანდელია (XIVს). პირველ სართულზე გამოყვანილია წყალი. ისტორიული წყაროების თანახმად, ადრე წყალი მილებით მოეწოდებოდა ყველა პალატსა და სადგომს.