გერგეტის სამება

გერგეტის სამება

გერგეტის სამება XIV საუკუნის პირველი ნახევრის გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამონასტრო კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და საბჭეო. გერგეტის სამება და მასთან არსებული მონასტერი 1392 წლით დათარიღებულ სითარხნის გუჯარში იხსენიება.  ვახუშტი ბატონიშვილი სამების ეკლესიას მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმინდა ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად მიიჩნევს. ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიქვიის – წმინდა ნინოს ჯვრის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტების კრებულს, იგი შეიცავს საინტერესო ცნობებს ხევისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ ტაძრის ინტერიერი ზეთის საღებავით გადახატა. 2006 წელს კანკელის ნალესობის ქვეშ XVI საუკუნით დათარიღებული მხატვრობა გამოჩნდა. გამოიკვეთა ღვთისმშობლის, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლისა და წმ. ნინოს გამოსახულებები. 1966 წელს სოფელი გერგეტი დაბა ყაზბეგს შეუერთდა, თუმცა ეკლესიის სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.

 

არქიტექტურა

გერგეტის სამება გეგმით სწორკუთხა, ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარია. ნაგებია თლილი ქვით, გუმბათი შიგნიდან გამოყვანილია აგურით. ტაძრის შიდა სივრცეს ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი აგვირგვინებს, რომელიც საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის პილონებს ეყრდნობა. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია კანკელით. ჯვრის სამი მკლავი ოთკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა კი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის ორივე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა განთავსებული. ამ სათავსების თავზე, მეორე სართულზე, სამალავებია მოწყობილი. მათში ასვლა სადიაკვნის კამარაში მოწყობილი ხვრელიდანაა შესაძლებელი. დასავლეთის მკლავი გვერდითი მონაკვეთებისაგან თითო თაღითაა გამოყოფილი. ამ მონაკვეთების თავზეც სამალავებია. დარბაზის ოთხივე მკლავში თითო სარკმელია გაჭრილი, გუმბათის ყელში – ხუთი. კამარები და თაღები ნახევარწრიული ან შეისრულია. აღმოსავლეთის ფასადის სარკმელს ლილვებით შედგენილი სწორკუთხა მოჩარჩოება აქვს. სარკმლის თავზე ლილვებითვე შექმნილი ჯვრის რელიეფია. ფასადის მარჯვენა ნაწილში მოზრდილი სწორკუთხა სარკმელია, ზემოთ, გვერდითა მონაკვეთზე – თითო მცირე სარკმელი. სარკმლებს მოჩუქურთმებული არშია შემოუყვება. შეწყვილებული ლილვები და მოჩუქურთმებული არშია აქვს დასავლეთის ფასადის მაღალ, თაღოვან სარკმელსაც. ამ სარკმლის თავზეც, აღმოსავლეთის ფასადის მსგავსად, ლილვებითვე გამოყვანილი მოზრდილი ჯვარია, თუმცა ის აღმოსავლეთის ფასადის ჯვარზე უფრო მცირე ზომისაა. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ორივე მათგანი სწორკუთხაა. დასავლეთის შესასვლელს შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული არშია აქვს შემოვლებული. სამხრეთის ფასადის კარი ღონიერი ლილვებითაა შემოფარგლული. ამავე კედლის მარჯვენა ნაწილში მცირე მრგვალი მოჩუქურთმებული სარკმელია. ლილვებს შორის ორნამენტებია. ეკლესიის ფასადებზე ჩართულია ორნამენტული ქვები. ჩრდილოეთის ფასადი შედარებით ნაკლებადაა მორთული. დაბალი, მასიური გუმბათი ზემოთ ოდნავ ვიწროვდება. გუმბათის ყელი ათწახნაგაა და თითოეულ წახნაგს თაღოვანი მოჩარჩოება აქვს. ათი სარკმლიდან ხუთი ცრუა. სარკმლებს მოჩუქურთმებული საპირეები და შეწყვილებული ლილვები შემოუყვება. XV საუკუნის დასასრულს ან XVI საუკუნის I ნახევარში ტაძრის სამხრეთ კარზე თლილი ქვის კამაროვანი სათავსი მიაშენეს, რომელიც კარიბჭის როლს ასრულებდა და სამხრეთით ღია იყო. მომდევნო პერიოდში სათავსს სამხრეთით კედელი მიუშენეს და კარი გაჭრეს, ტაძრის კარი ამოქოლეს. ამის შემდეგ ეს სათავსი დახურულ საკრებულოდ – “საბჭეოდ” იქცა. 
ტაძრის სამხრეთით XIV საუკუნის II ნახევრით დათარიღებული ორსართულიანი სამრეკლო დგას. სამრეკლოს პირველი სართული გალავანში შესასვლელი იყო. სართული გადახურულია კამარით, რომელიც შუაში და კიდეებშისაბჯენ თაღებს ეყრდნობა. სამრეკლოს შიდა კედლები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მცირე სარკმლებია. მეორე სართული თაღოვან ფანჩატურს წარმოადგენს. შეისრული თაღები მაღალი და განიერია. ფანჩატური რვაწახნაგაა, თუმცა წიბოები ცუდად აქვს ჩამოკვეთილი და ცილინდრულს ჰგავს. თაღებს ზემოთ ორ ლილვს შორის მოქცეული მოჩუქურთმებული არშია გასდევს. არშიის ზემოთ, წიბოებზე ზემოთ გაყოლებულია ორ ლილვს შორის მოქცეული ფრიზი. ფრიზის თავზე მარტივი ლავგარდანია. სამრეკლოს ქვედა კორპუსის სამხრეთის ფასადი შედარებით უფრო საზეიმოა – აქედანაა ტაძრის ეზოში შესასვლელი. კარი ჩასმულია სწორკუთხა, მოჩუქურთმებულ ჩარჩოში. კარის მარჯნივ ორი ჩუქურთმიანი ქვაა ჩასმული. დასავლეთის ფასადის სარკმელი გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ჩუქურთმითაა მორთული. სარკმლის თაღზე ორი ხვლიკისებრი ცხოველის გამოსახულებაა. სარკმლის მარჯნივ გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, რომლის ირგლივ ასომთავრულით შესრულებული წარწერაა. ეკლესია და სამრეკლო გადახურულია ლორფნით.
გალავანი უახლესი პერიოდისაა, თუმცა შესაძლოა მოჰყვებოდეს ძველი გალავნის საძირკველს.

 

 

ერთი კომენტარი პოსტზე - “გერგეტის სამება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *