გურიის უდაბნოს მონასტერი

გურიის უდაბნოს მონასტერი

გურიის უდაბნოს მონასტერი გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, სოფელ შუაგანახლების ჩრდილოეთით, გურიის სერის სამხრეთ ციცაბო კალთაზე მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მოიცავდა ორ ეკლესიას და კლდეში ნაკვეთ სენაკებს ბერთათვის. უდაბნოს მონასტერი ერთ-ერთი უძველესია გურიაში, მე-18 საუკუნის შუა ხანებში მონასტერი იოსებ ტუსკიას განუახლებია, რომელიც ისტორიულ საბუთებში “გურიელის კარის მოძღვრად”, აგრეთვე “საჯუმათლოს მოწესედ, ქორეპისკოპოსად და მეომოფორედ” იხსენიება.
განსაკუთრებით საინტერესოა კლდეში ნაკვეთი ეკლესია. მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით ტაძარი მე-6 საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. მისი შესასვლელის თავზე ნახევრად წრიულ ორნამენტში ჩასმულია ჯვარი. ორივე მხარეს ქვის საჯდომებია მოწყობილი. საკურთხეველი ქვისაა. აფსიდისა და სამხრეთის მხარე მასიური კლდეა. მეორე ეკლესიის შესახებ ცნობილია, რომ ყოფილა ლამაზი, საკმაოდ ვრცელი, თლილი ქვისგან ნაგები, უგუმბათო, დარბაზული ტიპის. წარწერის მიხედვით იგი 1858 წელს აუგიათ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე, არქიმანდრიტ გაბრიელ ტუსკიას წინამძღვრობის დროს. უდაბნოს მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო. აქ იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა, ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები და მიმდინარეობდა ხელნაწერთა გადაწერა-გამრავლება. მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა. აქ ინახებოდა “უდაბნოს მრავალთავის” სახელით ცნობილი IX საუკუნის ხელნაწერი, რომელმაც ჩვენამდე არასრული სახით მოაღწია. მონასტერი თავისი საგანმანათლებლო საქმიანობითაც ცნობილი იყო. იმ პერიოდისთვის სოფლებში სკოლები არ იყო და მსურველები აქ იღებდნენ განათლებას, სწავლობდნენ საღვთო სჯულს, ფილოსოფიას, ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას და სხვა. უდაბნოს მონასტერი ფლობდა ყმა-მამულებს არა მარტო საერისთაოში, არამედ, მის ფარგლებს გარეთაც – ჩრდილო-დასავლეთ გურიაში (სოფ. ჩოჩხათი), საჯავახოში (ტოლები), ოდიშში (საჭილაო), იმერეთში და სხვ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *