გველეთის ჩანჩქერები მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთში მდებარეობს, დაბა ყაზბეგიდან 7 კმ-ის დაშორებით. სოფელში მიდის სამანქანო გზა. გველეთში ორი ჩანჩქერია, ერთმანეთთან ძალიან ახლოს, ერთი უფრო პატარა, მეორე დიდი. სოფელში კიდევ ერთი პატარა, თუმცა ძალიან ლამაზი ჩანჩქერიც არის, რომელიც ნაკლებად ცნობილია. ეს პატარა ჩანჩქერი მთავარი ჩანჩქერების საპირისპირო მხარეს მდებარეობს, გზასთან ძალიან ახლოს. მანძილი გზიდან გველეთის ჩანჩქერებამდე დაახლოებით 1 კმ-ა, ბილიკი ძალიან მარტივია. გველეთის ჩანჩქერების ბილიკზე არის გზის მაჩვენებელი აბრები, ასე რომ გზას ადვილად გაიგნებთ. ეს ჩანჩქერები ნამდვილად ერთ-ერთი ულამაზესია საქართველოში. დარიალის ცადაზიდული კლდეები საოცრად ზღაპრულ გარემოს ქმნის. ეს ადგილები განსაკუთრებით ლამაზია ასკილის ყვავილობისას და როცა კოწახურისა და ქაცვის ხეებიც დახუნძლულია. ჩანჩქერების მიმდებარედ საკარვე ადგილებსაც ადვილად იპოვნით, სადაც შეძლებთ ულამაზესი ხედებით დატკბეთ, ცეცხლთან კომფორტულად მოიკალათოთ, ღამით კი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის შორეულ გალაქტიკებში გადაინაცვლოთ. გველეთი შესანიშნავი ადგილია საპიკნიკედ და ბუნებაში განტვირთვისთვის. თუკი თვალუწვდენი კლდეებისა და ჩანჩქერების ჯადოსნურ სამეფოში მოგზაურობა გსურთ გველეთს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. სოფელში ასევე შუასაუკუნეების გველეთის ციხის მონახულებაც შეგიძლიათ.