სამონასტრო კომპლექსი ჰუჯაბი (ხუჯაბი) ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ახკერპის მახლობლად, მდინარე ფოლადაურის სათავეებში. ძეგლი დღესდღეობით სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზეა და მისთვის თვალის შევლება მხოლოდ შორიდან შეგვიძლია, სადახლო-ახკერპის გზიდან. ჰუჯაბის კომპლექსი მოიცავს XIII საუკუნის გუმბათოვან ტაძარს, ადრეული შუა საუკუნეების დარბაზულ ეკლესიას, გალავანსა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. იგი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც საქართველო-სომხეთის საზღვართან დაკავშირებული პრობლემების გამო უპატრონოდაა მიტოვებული და დღითიდღე ნადგურდება. 1988 წელს ჟურნალ ძეგლის მეგობარში გამოქვეყნებულ სტატიაში მიხეილ ვარაზაშვილი აღნიშნავს, რომ ტაძარს ეტყობა განზრახ დაზიანების კვალი, კარიბჭის ზღუდარზე, სადაც ხშირ შემთხვევაში ქართულ ტაძრებზე ვრცელი წარწერაა განთავსებული, ამომტვრეულია ქვის ფილა. კომპლექსი ზოგადად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და აუცილებლად საჭიროებს სათანადო ყურადღებას. ჰუჯაბის შესახებ ადრეულ წყაროებში ინფორმაცია არ გვხვდება, იგი პირველად XVIII საუკუნეში იხსენიება “ხუჯაბის” სახელით 1721 წლის ხალხის აღწერის დავთარსა და დასტურლამალში. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ჰუჯაბი (ხუჯაბი) მოგვიანებით შერქმეული სახელია, თუმცა მისი ძველი სახელწოდება უცნობია. ივანე ჯავახიშვილის განმარტებით ჰუჯაბი არაბული სიტყვაა, ჰაჯიბის მრავლობითი ფორმა, რაც მეკარეს, კარის მცველს ნიშნავს (ეჯიბი). XVII საუკუნის წყაროებიდან ცნობილია, რომ ფოლადაურის ზემო წელზე, ჰუჯაბის სიახლოვეს მდებარე სოფლები ეჯიბისშვილებისთვის უბოძებიათ. შესაძლოა ნასოფლარად ქცეული ჰუჯაბი ეჯიბისშვილებმა გააცოხლეს და მოაშენეს და სოფელმა და მონასტერმაც აქედან მიიღო სახელი. თუ გავიხსენებთ, რომ აქვე გადიოდა მნიშვნელოვანი გზა, რომელიც მგლის კარის უღელტეხილით ლორე-ტაშირში გადადიოდა, კიდევ უფრო ლოგიკური ხდება ჰუჯაბის სახელწოდების ზემოთ აღნიშნული განმარტება, რადგან საფიქრებელია, რომ ამ ტერიტორიის მფლობელები იქნებოდნენ ამ გზისა და უღელტეხილის მცველები. 1905 წელს ჰუჯაბის კომპლექსში რუსული დედათა მონასტერი ჩამოყალიბდა, რომელმაც 1935 წლამდე იარსება. დედები მონასტრიდან გაურკვეველი მიზეზით განდევნეს. ეს ისტორია მონასტრის მაშინდელი იღუმენის – პავლას მონათხრობიდანაა ცნობილი. სამონასტრო კომპლექსი ჰუჯაბი (ხუჯაბი) ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო და ღირებული ძეგლია. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს XIII საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც სტილისტური ნიშნებით ბეთანია–ქვათახევის ჯგუფის ძეგლებს მიეკუთვნება. დიდ შთაბეჭდილებას ახდენს პერანგის ძირითად მოღვინისფრო ტონალობასთან შეხამებული მოყვითალო ქვის აქცენტები, დახვეწილი საფასადო გადაწყვეტა და მაღალი ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმები. ნაგებობის გეგმარებასა და მორთულობაში თვალსაჩინოა ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ტენდენციები, თუმცა აშკარად შესამჩნევია ინდივიდუალურობა, უნიკალურობა და ხუროთმოძღვრის შემოქმედებითი აზროვნება. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკებისა და ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები. ჰუჯაბის გუმბათოვანი ეკლესიის რესტავრაციის პროექტი ჯერ კიდევ 80-იან წლებში ყოფილა დამუშავებული, თუმცა ძეგლი ჯერ კიდევ სავალალო მდგომარეობაშია და უფრო და უფრო ზიანდება.
არქიტექტურა
სამონასტრო კომპლექსი ჰუჯაბი (ხუჯაბი) მოიცავს XIII საუკუნის გუმბათოვან ეკლესიას, ადრეული შუა საუკუნეების დარბაზულ ეკლესიას, სატრაპეზოს, გალავნისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს.
ჰუჯაბის გუმბათოვანი ტაძარი წყლისკენ დაქანებული ფერდობის ხელოვნურად შექმნილ ბაქანზეა აღმართული, რომლის აღმოსავლეთ ფასადი მკვეთრად დახრილ კლდოვან ზედაპირს ებჯინება. იგი სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც დასავლეთით თაღებით გახსნილი სამნაწილიანი კარიბჭეა მიშენებული. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხორცილდება. გუმბათი ორ თავისუფლად მდგომ რვაწახნაგა ბურჯსა და საკურთხევლის ბემის კედლებს ეყრდნობა. ტაძრის საკურთხეველი აფსიდალურია და გასასვლელით სამკვეთლოს უერთდება. საკურთხევლიდან ასეთივე გასასვლელი უნდა ყოფილიყო სადიაკვნეში, თუმცა ამ ადგილას მოგვიანებით ნიშა გაუკეთებიათ. პასტოფორიუმები დარბაზის მხარეს თაღოვანი ღიობებითაა გახსნილი, სადიაკვნეს თაღი მოგვიანებით ნაწილობრივ ამოუშენებიათ და უფრო მცირე ზომის შესასვლელი დაუტოვებიათ. პასტოფორიუმები ორსართულიანია. ტაძარში ყველა თაღი შეისრული ფორმისაა, გარდა სადიაკვნეს შესასვლელის თაღისა. ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა, თუმცა ფრესკების მცირე ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი: კამარებზე გაირჩევა საუფლო დღესასწაულთა ფრაგმენტული სცენები, ჩრდილოეთ კედელზე საქტიტორო გამოსახულება, აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებზე კი – ქართული ასომთავრული წარწერების კვალი. ფასადები ღვინისფერი თლილი ქვის ფილებითაა მოპერანგებული, რომელშიც აქცენტებად მოყვითალო ქვებია გამოყენებული. აღმოსავლეთ ფასადზე ფესტონებით შემკული მცირე სიღრმის სამკუთხა ნიშებია. ნიშებს შორის სამი სარკმელია, ცენტრალური სარკმელი სხვებზე მაღალია და მის ზემოთ კიდევ ერთი მრკვალი ღიობია გაჭრილი. სარკმლები მოჩუქურთმებული საპირეებითა და ლილვებითაა დეკორირებული. სამხრეთ ფასადზე წყვილ სარკმელს შორის მოთავსებული ჯვრის კომპოზიციაა, რომელიც მოყვითალო ქვითაა აქცენტირებული. ჩრდილოეთის ფასადს მხოლოდ მხოლოდ ერთი მოჩუქურთმებული სარკმელი ამკობს. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს, დასავლეთისა და სამხრეთის შესასვლელებს სარკმლების შესაბამისი მორთულობა აქვთ. გუმბათის ყელი თორმეტსარკმლიანია. სარკმლებს თაღედი ევლება და მოჩუქურთმებული საპირეები აქვს. გუმბათის ლავგარდანსა და თაღედს შორის რელიეფური გამოსახულებებია ჩასმული.
ჰუჯაბის დარბაზული ეკლესია გუმბათოვანი ტაძრის ჩრდილოეთით, გალავნის შესასვლელთან დგას. იგი ადრეული შუა საუკუნეების (სავარაუდოდ V-VI სს) ნაგებობაა. ეკლესიას სამხრეთითა და ჩრდილოეთით მინაშენები აქვს მიდგმული. სამხრეთის მინაშენი დარბაზს კარით უკავშირდება, ჩრდილოეთისა კი იზოლირებულია. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდით სრულდება. საკურთხეველში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდში ასევე ორი ღრმა ნიშაა განლაგებული. მინაშენები კედლით ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი რომლებიც ერთმანეთს თაღოვანი კარით უკავშირდებოდა. მინაშენებში შემორჩენილია თლილი ქვის კამარის საყრდენი თაღები. ეკლესია ნაგებია ადგილობრივი შირიმის თანაბარი ზომის ქვებით, ჰორიზონტალური რიგების დაცვით.