იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია

იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლედან დაახლოებით 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, მთის წვერზე. იგი VI-VII საუკუნეებშია აგებული, XI-XIV საუკუნეებში კი განუახლებიათ. იიციხის ეკლესია შიდა ქართლის ერთ-ერთი საინტერესო და საყურადღებო ნიმუშია. ნაგებობა დამჯდარი, გაწონასწორებული პროპორციებით ხასიათდება. ინტერიერში შემორჩენილია შუა საუკუნეების კანკელი და მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ძეგლი ძალიან დაზიანებულია და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას, მინაშენის კამარა ჩანგრეულია, ფასადებს აღარ აქვს შერჩენილი ლავგარდანი და ტაძარს აღარ აქვს გადახურვა. იიციხის (ხოვლეს) წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთის მინაშენით. ნაგებობას სამი შესასვლელი ჰქონია – სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით, თუმცა დასავლეთისა და ჩრდილოეთის შესასვლელები მოგვიანებით ამოუშენებიათ. სამხრეთისა და დასავლეთის შესასვლელები გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი, ჩრდილოეთისა კი შიგნიდანაც არქიტრავული ყოფილა. ჩრდილოეთის კედელი მოგვიანებით გარედან კედლის დამატებითი სისქით გაუმაგრებიათ. დარბაზიცა და მინაშენიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით სრულდება. საკურთხეველში ტრაპეზის ქვა დევს. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშია მოწყობილი. დარბახს საფეხური შემოუყვება. აფსიდის კონქი იმპოსტებზე გადაყვანილ თაღს ეყრდნობა. დარბაზი კამარითაა გადახურული. საკურთხეველი დარბაზისგან კანკელითაა გამოყოფილი. კანკელი თავიდან XI-XII საუკუნეებში გაუკეთებიათ, მისგან ქვის პროფილირებული სვეტები და მცირე ორნამენტირებული ფრამგენტი შემორჩა. აღნიშნული ფრაგმენტი მინაშენის კონქის საბჯენი თაღის სამხრეთის იმპოსტად გამოუყენებიათ. XIV საუკუნეში კანკელი განუახლებიათ: თაბაშირით შეულესავთ და ხეზე დამაგრებული თაბაშირისავე თაღებით დაუსრულებიათ. თაღები კუწუბოებით ყოფილა დეკორირებული, რომლებიც ამჟამად ჩამომტვრეულია. კანკელის ქვედა ნაწილი ორნამენტირებულია, ზედა ნაწილი მოხატულიც არის. ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა, ნალესობა და ფრესკები მცირედი ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. მოხატულობის შედარებით დიდი ფრაგმენტი დასავლეთ კედელზეა გამოსახული. კარგად გაირჩევა იოანე ნათლისმცემლის ფიგურა, შეიმჩნევა ტახტზე მჯდომი ქრისტეს სილუეტიც, როგორც ჩანს, აქ განკითხვის დღის სცენა უნდა ყოფილიყო გამოსახული. ფასადები მოურთველია, მთავარ მხატვრულ ეფექტს სუფთად დამუშავებული ქვის წყობა და ფერი და დიდი ზომის არქიტრავები ქმნის. მინაშენში არსებულ ნანგრევებში ჩანს ლავგარდნის ქვები, ფასადები წრეთარგის მოხაზულობის სადა ლავგარდნით სრულდებოდა. ტაძარი ნაგებია ქვიშაქვის, ტუფისა და შირიმის ქვებით. თავდაპირველი წყობა ქვიშაქვის კარგად დამუშავებული კვადრებისგან შედგება, აღდგენის დროს კი პატარა ზომის ნატეხი ქვაა გამოყენებული. ეკლესია გადახურული ყოფილა ფიქლითა და მასზე დაწყობილი კრამიტით. ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით შემორჩენილია ნაგებობათა მცირე ნაშთები.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *