ივრის სიონის ბაზილიკა (სიონის წყალსაცავის ტაძარი)

ივრის სიონის ბაზილიკა (სიონის წყალსაცავის ტაძარი)

ივრის სიონის ბაზილიკა (სიონის წყალსაცავის ტაძარი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა, სოფელ სიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, სადაც ამჟამად სიონის წყალსაცავია. ძეგლი 1948 წელს აღმოაჩინეს. 1951 წელს, წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ შეისწავლა ბაზილიკის არქიტექტურა. 1961 წელს ძეგლთა დაცვის სარესტავრაციო სახელოსნომ დეტალურად აზომა ნაგებობა, დაინომრა საპირე ქვები და ყველა დეტალი. 1962 წელს ისტორიის ინსტიტუტის სიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორია გათხარა და გამოიკვლია ასზე მეტი სამარხი, მათ შორის მიწისქვეშა კამაროვანი აკლდამა. იმავე წელს ბაზილიკა და აკლდამა დაშალეს და გადმოიტანეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რათა წყალსაცავით დატბორვას გადარჩენილიყო.

ივრის სიონის ბაზილიკა (სიონის წყალსაცავის ტაძარი) V საუკუნის II ნახევრით თარიღდება (არსებობს VIII-IX საუკუნეებით დათარიღების ვერსიაც). იგი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ნიმუშია. ძეგლი გარედან გარკვეულად სიმძიმის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა შიგა სივრცე ხალვათი და ჰარმონიულია. ძეგლი ყურადღებას იქცევს, როგორც გეგმარების თავისებურებით, ასევე რელიეფური მორთულობით. ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომელიც ერთიან, ორკალთა გადახურვაში იყო მოქცეული. აფსიდის წახნაგოვან შვერილსა და გვიანდელ გრძივ მინაშენებს დამოუკიდებელი გადახურვა აქვს (გრძივი მინაშენები აღარ არსებობს). შესასვლელი ორია – სამხრეთითა და ჩრდილოეთით, ორივე არქიტრავულია. ეკლესია ჩრდილოეთის მინაშენს კარით უკავშირდება. ნავები ერთმანეთისგან წრიული გეგმის მქონე ბურჯებითა და ნალისებრი თაღებით იყო გამოყოფილი. მთავარი ნავი, გვერდითა ნავებთან შედარებით, განიერია და ღრმა, შვერილი, ნალისებრი აფსიდით სრულდება, აფსიდი გარედან ხუთწახნაგაა. საკურთხევლის ბაქანი ორი საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხევლის სივრცე დარბაზისგან შირიმის კანკელით ყოფილა გამოყოფილი. აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ჩრდილოეთით მცირე ზომის თაღოვანი ნიშია. აფსიდს ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს. ტაძარს პასტოფორიუმები არ აქვს. ეკლესია ფაქტობრივად დარბაზულ სამი ნავით დაყოფილ დარბაზულ სივრცეს წარმოადგენს. ეკლესიის სვეტისთავები და კონქის თაღის იმპოსტები ზოომორფული, მცენარეული და გეომეტრიული მოტივებითაა მორთული.  ერთ-ერთ კაპიტელზე გამოსახულია ტოტებდაშვებული ხე, რომელსაც ცხოველები ეტანებიან, რელიეფზე გამოსახულია ფრინველებიც. ორნამენტაციაში გვხვდება ვაზის სტილიზემული გამოსახულება, გეომეტრიული ორნამენტები კი წრეხაზებისა და ვარდულებისაგან შედგება. სამხრეთისა და ჩრდილოეთის გვიანდელი მინაშენები აღმოსავლეთით აფსიდებით სრულდებოდა. ორივე მინაშენის კამაროვანი გადახურვის დასაყრდნობად ბაზილიკის სიგრძივ კედლებზე ყრუ თაღედი ყოფილა მიშენებული. ნაგებობის ფასადები სადაა, მოურთველი. კედლები მოპერანგებულია შირიმის თლილი ქვით, ყველა სვეტი, კონტსრუქციული და არქიტექტურული დეტალი ქვიშაქვისაა. ფასადებს თაროსა და ლილვისგან შექმნილი შირიმის დაბალი ლავგარდანი ასრულებს, რომელიც მოგვიანო უნდა იყოს. ეკლესიას ეტყობა მრავალგზის საფუძვლიანი შეკეთების კვალი.

ბაზილიკის გარშემო სამაროვანი იყო გამართული. სამარხები V-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნებოდა. ეკლესიის აღმოსავლეთის და სამხრეთის ფასადების გასწვრივ სოციალურად დაწინაურებულ პირთა ქვისსამარხები სჭარბობდა, დასავლეთის ფასადის გასწვრივ კი შედარებით ღარიბული სამარხები იყო თავმოყრილი. სამარხებს შორის გამოვლინდა კამაროვანი აკლდამა, რომელიც ტაძრის თანადროულია.

 

 

იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒ 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *