ჟაბეშის მაცხოვრის ეკლესია

ჟაბეშის ეკლესია

ჟაბეშის მაცხოვრის ეკლესია X-XI საუკუნეების ძეგლია, რომელიც სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჟაბეშში მდებარეობს, სოფლის განაპირას, შემაღლებულ ბორცვზე. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს და ნაგებია თლილი შირიმის კვადრებით. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადებს მთის ფერდობი ესაზღვრება, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ფასადები ადვილად მისასვლელი და აღქმადია. აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებული ეკლესია მწყობრი პროპორციებით იქცევს ყურადღებას. სრულიად უნიკალურია სწორკუთხა გეგმარებით ამოყვანილი და ორფერდა საბურავის ქვეშ მოქცეული საფასადო კედლების მხატვრული გადაწყვეტა, რომელიც თაღედის არქიტექტურულ კომპოზიციას ეფუძნება. ეს უკანასკნელი, როგორც ეპოქისთვის ნიშნეული მხატვრული ტენდეცია და ტაძრის დამათარიღებელი ერთ-ერთი გარემოება, ამავდროულად, აღნიშნული არქიტექტურული მოტივის რეგიონალური სახესხვაობის წარმომჩენიცაა. ეკლესიის მკაცრად განსაზღვრულ აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძს დამატებით გამოკვეთს სწორედ საკურთხევლისა და ცენტრალური შესასვლელის გასწვრივ, კედლის სიბრტყეზე გაშლილი სამთაღედი. თაღედის მოხაზულობა კედლის ზედა ნაწილში მრავალმნიშვნელოვნად იმეორებს სვანური კოშკების გვირგვინებისთვის დამახასიათებელ, დაკბილულთაღებიანი სალოდეების მონახაზს, როდესაც თითოეული ფასადის შესაბამისად, სალოდეები სამთაღოვან პარაპეტშია ჩასმული. სწორედ სამთაღედის კომპოზიცია უდევს საფუძვლად ეკლესიის საფასადო გაფორმებას: სამთაღედის შიდა წყვილი ,,კბილი“ შეწყვილებული ლილვებით ,,უკავშირდება“ საფასადო კედლის ქვედა მხარეს – ცოკოლს. აღმოსავლეთ ფასადის შუა თაღში (სამივე თაღი ერთი სიმაღლისაა), ასევე თაღოვანი მოხაზულობის, მაღალი და ვიწრო, ტაძრის ერთადერთი სარკმელია გაჭრილი, ხოლო დასავლეთ კედლის შუა თაღი (შუა თაღი სიმაღლით აღემატება დანარჩენ ორს) შესასვლელს ეთმობა, რომელშიც სწორკუთხა, რკინის შეჭედილი კარია შებმული. ამჟამად, ეკლესიის შესასვლელს უხეშად ფარავს უახლოეს წარსულში მიშენებული სტოა, რომლის იატაკი და კიბის საფეხურები მეტლახის ფილებით არის მოპირკეთებული. ეს უკანასკნელი გარემოება ტაძარზე განხორციელებული უკანონო არქიტექტურული ჩარევის სავალალო შედეგია, რომელმაც დასავლეთ ფასადის გარდა, მოიცვა სამხრეთ ფასადიც. სამხრეთ ფასადზე ცალქანობა გადახურვის ქვეშ მოქცეული მინაშენი მიედგა. ორივე მინაშენი ნაგებია ბლოკითა და ბეტონით და გადახურულია თუნუქით; თუნუქით გადახურულია ტაძრის განახლებული საბურავიც, რომელიც ხის ახალ კონსტრუქციებზეა გადაყვანილი. ცუდად ხვდება თვალს საფასადო წყობაზე გამოვლენილი ბზარების ცემენტით ამოლესილი ნაპრალები და ეკლესიის ცოკოლის ბეტონით გადალესილი ზედაპირი (ჩრდილოეთ ფასადზე). მაცხოვრის ეკლესიის ინტერიერის ნახვა ვერ მოხერხდა. თუმცა ცნობილია, რომ ტაძარი მე-12 საუკუნით დათარიღებული ფრესკული მხატვრობით იყო შემკული, რომლის კვალიც თითქმის აღარაა დარჩენილი. არ შემორჩა ტაძრის დროინდელი ჯვარ-ხატებიც. სოფელ ჟაბეშის მაცხოვრის სახელობის (სვანურად – მაცხვარ) დარბაზული ეკლესიის მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობა სცილდება ლოკალური რეგიონის საზღვრებს და ის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად მოიაზრება, რომლის დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობისათვის.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *