ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია

ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია

ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჟამუშში მდებარეობს. იგი XI საუკუნით თარიღდება. ტაძარი კოშკებისა და საცხევრებელი სახლების კომპლექსში დგას. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია თლილი ქვით, ფასადებიცა და ინტერიერიც შელესილია. შესასვლელი ორია, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე მათგანი შიგნიდან თაღოვანია, გარედან კი — არქიტრავული. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. საკურთხევლის იატაკი ორი საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდი გადახურულია კონქით. საკურთხეველს დარბაზისგან ქვის მოხატული კანკელი მიჯნავს. დარბაზის გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. პილასტრებს ნახევარწრეებისგან შედგენილი არშიით დეკორირებული კაპიტელები ასრულებს, რომლებიც საფასადო პილასტრების დეკორს ეხმიანებიან. ტაძრის სივრცე ორი ვიწრო, თაღოვანი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი, მეორე კი — დასავლეთ კედელში. ინტერიერში შემორჩენილია XII-XIII საუკუნეების მოხატულობა. მოხატულობის კვალი შემორჩენილია აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზეც. ეკლესიის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები ერთნაირადაა დეკორირებული, სამივე ფასადს თანაბარი სიმაღლის დეკორატიული თაღედი შემოსდევს. სახასიათოა, რომ თანაბარი სიმაღლისაა აღმოსავლეთ ფასადის ხუთი თაღიც, განსხვავებით ტრადიციული ცენტრისკენ ამაღლებული გადაწყვეტისგან. პილასტრებს ასრულებს ზედა სიბრტყისგან გადმოდებული სამ-სამი ნახევრწრისგან შედგენილი დეკორი. თუკი აღმოსავლეთ ფასადის მხატვრულ სახეს გრძივი ფასადებისგან მხოლოდ ცენტრალურ ღერძზე გაჭრილი სარკმელი განასხვავებს, გამორჩეულადაა გადაწყვეტილი დასავლეთ ფასადი. დასავლეთ ფასადზე მხოლოდ ორი დეკორატიული თაღია, თითო სარკმლის ორივე მხარეს. სარკმელი თავისებურადაა მორთული, მის გარშემო კედლის სიბრტყე ჩაწეულია. ჩაწეული სიბრტყის ზევით კი თაღოვანი, სრულიად სადა თავსართია მოთავსებული. ფასადებს თაროსებრი ლავგარდანი ასრულებს. განვითარებულ შუა საუკუნეებში სვანეთში აქტიურად შემოდის ფასადის დეკორატიული თაღედით მორთვის სისტემა, ადგილობრივ სამშენებლო ტრადიციებს ერწყმის და თავისებურ მხატვრულ სახეებს იძენს. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ნიმუში სწორედ ჟამუშის ეკლესიაა. აღსანიშნავია ასევე სიბრტყეთა მონაცვლეობა, რასაც სვანურ არქიტექტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჟამუშის ეკლესიის მხატვრულ სახესაც ტეკორატიული თაღედი სიბრტყეთა სხვადასხვა დონეები ქმნის. თავისთავად მაღალი, დახვეწილი პროპორციების ნაგებობის აზიდულობას კიდევ უფრო აძლიერებს ვიწრო და მაღალი დეკორატიული თაღები. თუმცა ამასთანავე ის არ კარგავს ზომიერებას და სიმყარეს. აღსანიშნავია ასევე თაღედით დეკორირებული ტაძრის კავშირი გვერდით მდებარე თაღებით დამუშავებულ საცხოვრებელ კომპლექსთან, რომელთან ერთადაც ის მთლიან ანსამბლს ქმნის. ტაძარს დასავლეთიდან გვიანდელი მინაშენი აქვს, რომელიც საკმაოდ მდარედაა ნაშენი. ეკლესიას თანადროული მინაშენი ჰქონია ჩრდილოეთიდან, თუმცა ამჟამად მისი კვალი აღარ ჩანს. 

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  • ძეგლის სააღრიცხვო ბარათი. შემდგენლები: თ. ღვინერია, ნ. ჭინჭარაული. 2016. (მიჰყევით ბმულს)
  • რ. მეფისაშვილი, ვ. ცინცაძე. “ზემო სვანეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები”. საქართველოს სიძველენი N16. 2013. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *