ხევი და ხევსურეთი, ორი ულამაზესი კუთხე, მუდმივად იზიდავს მოგზაურებს და თავგადასავლების მაძიებლებს. საქართველოს ორი განსაკუთრებულად პოპულარული სალაშქრო ადგილი ჯუთის ჭაუხი და აბუდელაურის ტბებია. ორივე მათგანის ერთ მარშრუტში გაერთიანება კი ზღაპრულად და დაუჯერებლადაც ჟღერს. თუმცა ეს ის ზღაპარია, რომელიც შეგიძლიათ რეალობად აქციოთ. ჯუთა – აბუდელაურის ტბების ბილიკი სოფელ ჯუთაში იწყება და ჭაუხის უღელტეხილით გადადის აბუდელაურის ტბებზე. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 22კმ-ა. ბილიკი მარკირებული არ არის, თუმცა პერიოდულად გხის მანიშნებელი “ქვაკაცები” შეგხვდებათ. მარშრუტს იწყებთ ზღვის დონიდან 2158 მეტრზე, ადიხართ 3338 მეტრზე და საბოლოოდ 1460 მეტრზე ასრულებთ. წყლის დიდი მარაგის ტარება არ დაგჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ჯუთაში მობილური კავშირი არ არის. აბუდელაურის ტბები მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში. ტბები ზღვის დონიდან დაახლოებით 2800 მეტრზეა განლაგებული. აქ სამ ტბას ნახავთ, მწვანეს, ლურჯსა და თეთრს. ყინულიან კლდეებში მოქცეული ალპური ტბები, აყვავებული დეკა და გამჭვირვალე ჰაერი სამოთხეს მოგაგონებთ. ჭაუხი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონზე, სოფელ ჯუთაში მდებარე მთაა. მისი სიმაღლე 3688 მეტრია. აზიდული, მონუმენტური კლდეთა მასივი და ნისლების მოძრაობა საოცარი სანახაობაა. შეარჩიეთ ზაფხულის მზიანი დღე, ჩაალაგეთ ზურგჩანთა, შეუდექით მთის ბილიკებს და გაემართეთ ახალი სამყაროების საძიებლად.
დღე პირველი
ჯუთაში მოსახვედრად სტეფანწმინდის სამარშრუტოს უნდა გაყვეთ. შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ სნოს გადასახვევთან ჯუთაში ავტოსტოპით წახვიდეთ. თუმცა აქ თავისუფალი ტრანსპორტი იშვიათად დადის და შესაძლოა რამდენიმე საათი დაკარგოთ მოლოდინში. 10 კმ მტვრიანი გზის ფეხით გავლა ზაფხულის სიცხეში კი არცთუ სასიამოვნოა. თუკი გამვლელი მანქანის მოლოდინში დროის დაკარგვა არ გსურთ შეგიძლიათ სამარშრუტოს სტეფანწმინდამდე გაყვეთ და იქ დაიქირაოთ ტაქსი. ჯუთაში მოხვედრის შემდეგ ბანაკი ზეთასკენ მიმავალ ბილიკს უნდა აუყვეთ. სულ მალე ამოიმართება თქვენს თვალწინ ჭაუხის კლდეები მთელი თავისი დიდებულებით. ბანაკს ჩაუვლით და ჭაუხებისკენ განაგრძობთ გზას. პირველ საბანაკემდე ბილიკი ძალიან მარტივია. ღამისთევა ზეთა კემპინგსა და სასტუმრო მეხუთე სეზონშიც შეგიძლიათ. აქვე ცხენების დაქირავების ალპურ ველებზე განავარდების შესაძლებლობაც გექნებათ. ჭაუხებთან რომ მიხვალთ შესანიშნავი საკარვე ადგილები დაგხვდებათ და შეგიძლიათ დაბანაკდეთ მშვენიერი ხედებით დატკბეთ. თუმცა თუკი ამ ადგილამდე ადრიანად მოხვედით სჯობს გზა განაგრძოთ (ბილიკი მარცხნივ უხვევს) და მეორე დღისთვის ბილიკი შეიმოკლოთ, რადგან საკმაოდ გრძელი და რთული გზა გელით. მომდევნო საბანაკე დაახლოებით სამი კილომეტრის შემდეგ შეგხვდებათ. ეს ადგილი ჭაუხის უღელტეხილის ყველაზე რთულ აღმართთანაა, რომელსაც მეორე დღეს უნდა აუყვეთ. პირველ დღეს ჯუთიდან ფეხით გასავლელი გექნებათ 4-დან 7 კმ-მდე, თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად.
დღე მეორე
მეორე დღეს ჭაუხის უღელტეხილს უნდა გაუყვეთ. თუ პირველ საბანაკეზე გაათიეთ ღამე, ჩრდილო-აღმოსავლეთით (თქვენგან მარცხნივ) მიმავალ ბილიკს უნდა გაყვეთ მეორე საბანაკეს მიმართულებით. ხოლო თუკი უღელეტეხილის მისადგომებთან დაბანაკდით, მკვეთრ აღმართს უნდა აყვეთ, ისევ ჩრდილო-აღმოსავლეთით. ჭაუხის უღელტეხილის მაქსიმალური სიმაღლე 3338 მეტრია და საოცარი, თვალუწვდენელი ხედებით დატკბებით. ერთ მხარეს უმშვენიერეს მყინვარწვერს დაინახავთ, მეორე მხარეს კი ხევსურეთსა და აბუდელაურის სამივე ტბას გადახედავთ. უღელტეხილიდან შეგიძლიათ ან თეთრ ტბასთან დაეშვათ, ან შედარებით უფრო იოლი ბილიკით ლურჯ ტბასთან და თეთრი ტბა მოგვიანებით მოინახულოთ. უღელტეხილიდან დაშვებისას ფრთხილად უნდა იყოთ, დაღმართი ძალიან მკვეთრია და ნაშალით არის მოფენილი. თეთრი ტბა ლურჯი და მწვანე ტბებისგან დაახლოებით ერთი კილომეტრითაა დაშორებული. ულამაზესი ფერადი ტბებით ტკბობის შემდეგ შეგიძლიათ ლურჯ ტბასთან დაბანაკდეთ ან სოფელ როშკისკენ განაგრძოთ გზა და იქ გაათიოთ ღამე. სოფელი როშკა ტბებიდან 7 კმ-ში მდებარეობს, ბილიკი მარტივია. მეორე დღეს როშკამდე ფეხით გასავლელი გექნებათ დაახლოებით 16-18 კმ. შინ დასაბრუნებლად კი შეგიძლიათ როშკიდანვე სცადოთ ავტოსტოპი, თუმცა თუ ჟინვალი-შატილის გზამდე მიხვალთ გაცილებით მეტი შანსია ავტოსტოპით გამომგზავრების. ჟინვალი-შატილის გზა როშკიდან 5 კმ-ითაა დაშორებული.