ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი)

ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი)

ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი) მცხეთა-მთიანეთის მხარეშიმცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კლდოვანი მთის წვერზე, მტკვრისა და არაგვის შესართავთან. იგი VI საუკუნით თარიღდება და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მცხეთის ჯვარი შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მან ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ახალ საფეხურს ჩაუყარა საფუძველი. ის  წინა პერიოდების ქართული ხუროთმოძღვრების ძიებათა დამაგვირგვინებელი ნიმუშია. მცხეთის ჯვრის არქიტექტურამ საქართველოში „ჯვრის ტიპის“ ტაძრების მშენებლობას დაუდო სათავე, როგორიცაა: ატენის სიონი, ძველი შუამთა, მარტვილის ტაძარი. ტაძრის სახელწოდება ამ ადგილას მირიან მეფის მიერ აღმართულ ჯვარს უკავშირდება. მირიან III-ს ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდანვე აღუმართავს აქ ხის მაღალი ჯვარი, რომელსაც არამხოლოდ ქართველები, კავკასიის სხვა ქრიატიანი ერებიც სცემდნენ თაყვანს. VI საუკუნის II ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს ჯვრის მცირე ტაძარს ან “მცირე ჯვარს” უწოდებენ. VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში კი გუარამის ძემ – ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით დიდი ტაძარი ააგო. ხის ჯვარი ტაძრის შიგნით მოექცა, მისი კვარცხლბეკი ეკლესიაში დღემდეა შემორჩენილი. კლდეებს შეზრდილი ჯვრის მონასტერი თავისი არქიტექტურით, მორთულობით, გარემოთი თუ მცხეთის საოცარი ხედებით დღემდე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. 

 

არქიტექტურა

ჯვრის მონასტრის კომლექსი მთავარი ტაძრის, მცირე ეკლესიის, გალავნის, კოშკის ნანგრევებისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებისგან შედგება. მთავარი ტაძარი ჯვარ–გუმბათოვანი ნაგებობაა და 584–604 წლებით თარიღდება. ეკლესიის გეგმის საფუძველი კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქია. ფასადები და ინტერიერი ღია ვარდისფერი, ზოგან კი შედარებით მუქი, კარგად გათლილი ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებითაა ამოყვანილი. კედლის წყობის ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება მკაცრადაა დაცული. ტაძარი თავისი მასშტაბითა და დანაწევრებით მთის კლდოვან დაბოლოებასა და მთლიანად გარემოს ორგანულად ერწყმის. ეკლესიას ორსაფეხურიანი ცოკოლი აქვს და მოსწორებულ სწორკუთხა მოედანზე დგას. ნაგებობის კომპოზიციური ცენტრი გუმბათქვეშა კვადრატი და მასზე აღმართული სფერული გუმბათია. გუმბათქვეშა სივრცე ოთმხრივ გახსნილია აფსიდებით, რომლებიც გეგმაში ჯვარს ქმნიან. აღმოსავლეთის აფსიდი იატაკის დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. რვაწახნაგა გუმბათის ყელი აფსიდის შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია სამ წყებად განლაგებული ტრომპების მეშვეობით. გუმბათის ნახევარსფეროს ცენტრში გამოსახულია რელიეფური ჯვარი, რომელსაც მხატვრული და კონსტრუქციული დანიშნულება აქვს. ჯვრის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი წაგრძელებულია აფსიდებზე დამატებული ნახევარწრიული კამარებით გადახურული ბემებით. ჯვრის მკლავებს შორის მოთავსებულ სივრცეებში განთავსებულია კუთხის ოთახები. საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ განლაგებული ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. ყოველი ოთახი ტაძრის ძირითად სივრცეს მცირე ზომის, წრის სამი მეოთხედის მოხაზულობის ნიშით უკავშირდება. ტაძრის ცენტრში რვაწახნაგა, მოგვიანებით გადაკეთებული ნაგებობა დგას, სადაც მირიან მეფის აღმართული ხის ჯვარი იყო. ნაგებობა წარმოადგენდა საკურთხევლის წინა ჯვრის პოსტამენტს, რომლის წყობაში წარწერიანი ქვა იყო ჩართული. წარწერაში მოხსენიებული არიან ტაძრის ქტიტორები. ეს ქვა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. აღმოსავლეთის აფსიდში სამი სარკმელია, სამხრეთისა და დასავლეთის აფსიდებში – თითო, ჩრდილოეთის აფსიდი კი უსარკმლოა. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი თავიდან მოუხატავი იყო, მოგვიანებით მოუხატავთ. დღესდღეობით შემორჩენილია მხატვრობის მცირე ფრაგმენტები. გარეგანი ფორმები სრულიად შეესაბამება შიდა სივრცეს. ფასადებს სადა ლავგარდანი გასდევს. ფართო, შედარებით მცირე სიმაღლის რვაწახნაგა გუმბათის ყელი წვრილი თაღებით გაწყობილი ლავგარდნით სრულდება. სახურავის პროფილი სფერული გადახურვის ფორმას იმეორებს. ოთხივე აფსიდი გარედან ჩაწერილია კედლის სიბრტყიდან წინ წამოწეულ სამწახნაგოვან შვერილებში, რომლებიც გარე მასებში ჯვაროვან გეგმას იმეორებენ. სამხრეთის ფასადის ცენტრალურ შვერილში არსებულ შესასვლელს კარიბჭე ეკვროდა. მორთულობისა და ორგანიზების თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აღმოსავლეთ ფასადს. მისი ცენტრალური შვერილის ყოველ წახნაგზე თითო სარკმელია. სამივე სარკმელი საერთო, მოჩუქურთმებული სათაურით ერთიანდება. სარკმლების თავზე ქტიტორთა სამი რელიეფური გამოსახულებაა. აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადებზე ჩარჩოებით შემოფარგლული რელიეფებია. თითეულ რელიეფში მოქცეულია ფიგურები და ასომთავრული წარწერები. ჯვრის დიდი ტაძრის წარწერები ქართული ეპიგრაფიკის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ძეგლია. ტაძრის რელიეფები ქართულ ქანდაკებაში ადამიანის გამოსახულების ადრეული ნიმუშია. რელიეფებს ერთი მხრივ ელინისტური ხანიდან შემორჩენილი პლასტიკურობა, მეორე მხრივ კი პირობითობა, შებოჭილობა ახასიათებს. აქ ადამიანის გამოსახვა დამოუკიდებელი ამოცანა არ არის, რელიეფები მთლიანობაში მხოლოდ არქიტექტურასთან ერთად აღიქმება, როგორც საჭირო მხატვრული აქცენტები. სამხრეთის შსასვლელის ტიმპანზე ჯვრის ამაღლების სცენაა გამოსახული. აღმოსავლეთ ფასადის შუაში ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი ქართლის ეპისკოპოსი – სტეფანოზია გამოსახული, მარცხნივ – დემეტრე, მარჯვნივ – ადარნესე, თავისი შვილით ქობულით. ადარნერსესა და დემეტრეს ფიგურებს ზემოთ კი მფრინავი მთავარ ანგელოზების – გაბრიელისა და მიქელის გამოსახულებებია. ჯვრის დიდი ტაძრის არქიტექტურაში დასრულებული სახითაა წარმოდგენილი ქართული ადრინდელი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ნიშნები: ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტურობა, შენობის ცალკეული ნაწილების ურთიერთშერწყმა და პროპორციების დახვეწილობა. კომპოზიცია მშვიდი და გაწონასწორებულია. პროპორციები მასიურობის მიუხედავად მძიმე არ არის. კედლის წყობა შესანიშნავადაა შესრულებული. ზომიერი დეკორატიული მორთულობა ორგანულად ერწყმის არქიტექტურას. შთამბეჭდავი და საყურადღებოა შიდა სივრცისა და გარეგნული სახის სრული მხატვრული შესატყვისობა, ორგანული კავშირი გარემოსთან და კონსტრუქციული გადაწყვეტის ლოგიკურობა. 

ჯვრის მცირე ეკლესია დიდი ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს. იგი VI საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ტაძარი გარედან სწორკუთხა ნაგებობაა, შიგნით კი ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს. ნაგებია კარგად გათლილი მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი კვადრებით. წყობის ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება ფასადებზე და ინტერიერში მკაცრად არის დაცული. ეკლესიის ცენტრალური კვადრატი ჯვაროვანი კამარით ყოფილა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია განიერი ბემით. ჯვრის მკლავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მოზრდილი სარკმლებია, დანარჩენ ორ კედელში კი – ტიმპანებიანი გასასვლელები. ნაგებობის სამხრეთით და ჩრდილოეთით კარიბჭეებია. სამხრეთის კარიბჭე დიდსა და მცირე ტაძრებს აერთიანებს. კარიბჭეების შესასვლელები თაღოვანია. თაღები ნახევარსვეტებს ეყრდბა. ჩრდილოეთის კარიბჭისთვის მოგვიანებით აღმოსავლეთიდან აფსიდი მიუშენებიათ. აფსიდის კონქი მოზაიკით იყო შემკული. ეკლესიის დასავლეთ კედლის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს თაღოვანი ნიშია განედლებული ჯვრის გამოსახულებით. სავარაუდოდ აქ კათოლიკოსის ტახტი იდგა. კარიბჭეების ნახევარსვეტები პროფილირებული ბაზისებითა და კოვზისებრი ორნამენტით შემკული კაპიტელებითაა დეკორირებული. კარიბჭეებს ქვის საზეიმო, მაღალი, ღია კიბეები ჰქონდა. ეკლესია მაღალ, თლილი ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე დგას, რომელიც შენობას საზეიმოიერს ანიჭებს. ეკლესიაში ოთხი სამარხია. ტაძარი ძალიან დაზიანებული სახითაა მოღწეული. 

კომპლექსს სამი მხრიდან გალავანი ერტყა, რომელიც გეგმით არაწესიერი მრავალგვერდაა და მთის რთულ რელიეფს მიჰყვება. მისგან მხოლოდ XVI-XVII საუკუნეების მცირე ფრაგმენტმა მოაღწია. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში კოშკია, შემორჩენილია სამი სართული. კოშკი ყორე ქვითაა ნაგები და გეგმით ტრაპეციას წარმოადგენს. გარედან კოშკის კუთხეები მომრგვალებულია. შეიმჩნევა სართულშუა კოჭოვანი გადახურვის ნაშთები. პირველი სართულის კედლებში სამი სათოფურია, მეორე სართულზე კი – ორი სარკმელი და ორი ოთკუთხა ნიში. მეორე სართულზე, აღმოსავლეთით პატარა სათავსია კამაროვანი გადახურვითა და ერთი სარკმლით. სათავსის კარის შეისრული თაღი და კამარა აგურითაა ნაგები. მესამე სართულიდან შემორჩენილია მხოლოდ 1 მეტრის სიმაღლის კედლები. დიდი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მეორე კოშკის ნანგრევებია. შემორჩენილია კოშკის ორი სართული. პირველი სართული ცილინდრულია, მეორე კი – ოთკუთხა.
ჯვრის კომპლექსის სამხრეთით შეიმჩნევა მეორე გალავნის კვალი. 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *