კაცხის სვეტი იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნივიპალიტეტის სოფელ კაცხში მდებარეობს. იგი კირქვის, 40 მეტრის სიმაღლის, სვეტისებრ კლდოვან მასას წარმოადგენს, რომლის თავზეც მცირე ზომის სამონასტრო კომპლექსია განლაგებული. სვეტის თხემის ფართობი დაახლოებით 150 კვადრატული მეტრია. ვახუშტი ბატონიშვილი სვეტის შესახებ წერს: “ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი, მის კლდის თხემზედ არის ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა”. არსებობს მოსაზრება, რომ კაცხის სვეტი წინარექრისტიანულ ხანაში წარმართული კულტის თაყვანისცემის ობიექტი იყო. აკადემიკოს აკაკი შანიძის მიხედვით ტერმინი კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს ნიშნავს. კაცხის სვეტი ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობილია “ძელი ცხოვლის”, “სვეტი ცხოვლის” სახელით. სვეტი რომ ნამდვილად “ძელი ცხოვლის”, წმ. ჯვრის სახელობისა ყოფილა 2007 წელს სვეტზე აღმოჩენილი XIII საუკუნის ლაპიდარული წარწერით დასტურდება: “ქ(რისტ)ე ღ(მერთ)ო, მ(ეო)ხ(ე)ბითა მშ(ო)ბლისა შ(ე)ნ(ი)ს(ა)ითა, ძ(ა)ლითა ჯ(უა)რის(ა)ჲთა, წ(მიდა)თა ზ(ე)ცისა ძ(ა)ლთაჲთა და ყ(ოვე)ლთა წ(მიდა)თა შ(ე)ნთაჲთა, შ(ეიწყალ)ე ს(უ)ლი ფ(რია)დ ც(ო)დვილისა გ(იორგ)ისი, რ(ომელმა)ნ აღ[აშ]ენნა სამნი ესე სახლნი [სადი]დებ(ე)ლად, შ(ე)წ(ევნა)დ დაყ(უ)დ(ებუ)ლთ[ა] შ(ე)ნთა წ(მიდ)ისა ძ(ე)ლისა ცხ(ო)რ(ე)ბისადა გ(ა)ნსას(უე)ნ(ე)ბ(ე)ლად მს(ა)ხ(უ)რთა მი[ს]თა”. ამის დასტურად მიიჩნევენ მკვლევარები კლდის აღმოსავლეთ მხარეს, მის ძირში გამოკვეთილ ტოლმკლავა, მედალიონში ჩასმულ, ე.წ. ბოლნური ტიპის ჯვრის გამოსახულებასაც, რომელიც ადრეული შუა საუკუნეებით (IV-VI სს.) თარიღდება. ჯვარი სამსაფეხურიან პოსტამენტზე მდგარ ბუნზეა დამყარებული. როგორც ჩანს, სვეტს სახელწოდება ძელი ცხოველი, სვეტი ცხოველი არაუგვიანეს VI საუკუნისა უკვე ჰქონია. გ. გაგოშიძის აზრით, სვეტის სახელობა მცხეთის უპირველეს სიწმინდეებს, სვეტიცხოველსა და ჯვარს უკავშირდება. კაცხის სვეტს სვიმეონ მესვიტის სახელსაც უწოდებენ. ადგილობრივად დამკვიდრებული გადმოცემის მიხედვით ამ სვეტზე გაუტარებია უკანასკნელი დღეები სვიმეონ მესვეტეს და აქვე თურმე წმ. სვიმეონის ხატიც ინახებოდა. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ წარწერაში წმ. სვიმეონი არ იხსენიება, ვინმე გიორგი ამ წმინდან არ შესთხოვს მეოხებას, გ. გაგოშიძე თვლის, რომ ძეგლს სვიმეონ მესვეტის სახელი გვიან ხანაში მიეკუთვნა. ვ. ცინცაძემ სვეტი და მასზე განლაგებული კომპლექსი სირიულ მესვეტეობას, უკიდურესად ასკეტურ საბერმონაზვნო ცხოვრების წესს დაუკავშირა, რასაც საფუძველი წმ. სვიმეონ მესვეტე უფროსმა ჩაუყარა. 2006 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით, გ. გაგოშიძე მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტის მცირე მონასტერი, თავისი სამონასტრო მეურნეობით, ძალიან განსხვავდება სირიული მესვეტეობისგან. ის თვლის, რომ კაცხის კომპლექსი, სადაც სავარაუდოდ ორი ან სამი ბერი მოღვაწეობდა, დიდი მონასტრიდან გამოყოფილი მცირე სამარტომყოფლო უნდა იყოს. კაცხის სვეტის მეცნიერული შესწავლა XX საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. 1944 წელს შედგა პირველი ექსპედიცია რომელშიც მონაწილეობდნენ: ალპინისტი ალ. ჯაფარიძე, ხელოვნებათმცოდნე ვ. ცინცაძე, მწერლები ლ. გოთუა და ა. ბელიაშვილი. მათ მცირე გათხრები ჩაატარეს სვეტის თხემზე. ვ. ცინცაძემ სვეტის კვლევისას ჩათვალა, რომ კომპლექსი ორ დარბაზულ ეკლესიას მოიცავს, ნახევრად კლდეში ნაკვეთსა და ქვით ნაშენს. ნახევრად კლდეში ნაკვეთი მან V საუკუნით დაათარიღა, ნაშენი კი — VI საუკუნით. ნ. ჩუბინაშვილი ნაგებ სამლოცველოს V საუკუნის II ნახევრით ათარიღებს და უადრეს დარბაზულ ეკლესიათა შორის ათავსებს, ნახევრად კლდეში ნაკვეთ სათავსს კი ბერის სენაკად მიიჩნევს. 2000-იან წლებში სვეტზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით, გ. გაგოშიძე ადასტურებს, რომ ნახევრად კლდეში ნაკვეთი სათავსი სენაკია და არა — დარბაზული ეკლესია. იგი არ ეთანხმება ნაგები ეკლესიის ადრეული შუა საუკუნეებით დათარიღებას და ძეგლს IX-X საუკუნეებით, უფრო კი X საუკუნით ათარიღებს.
ძეგლის აღწერა
კაცხის სვეტის კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: სვეტის ეკლესია კრიპტით, სენაკები, მარანი, გალავანი, სვეტის ძირას არსებული სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესია, გალავნის ნაშთი, სამრეკლო. მოედანს, რომელზეც სვეტი და მცირე ზომის, სვიმეონ მესვეტის სახელობის დარბაზული ეკლესია დგას, გალავანი საზღვრავდა. უხეშად ნათალი ქვის გალავანი ევლებოდა სვეტის თხემსაც (შემორჩენილია ნაწილობრივ). თხემზე არსებული ამოზიდული კლდის მასივი, რომელთანაც გალავანი წყდება, კარის ღიობის კვალს ავლენს. გ. გაგოშიძე ფიქრობს, რომ აქ ჯალამბარი უნდა ყოფილიყო მოწყობილი და სვეტზე მოღვაწე ბერებიც სწორედ აქედან უკავშირდებოდნენ გარე სამყაროს, ამ ადგილას უნდა ყოფილიყო სვეტზე ამოსასვლელი. თხემის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ეკლესია დგას. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ორსათავსიანი, ნატეხი ქვით ნაგები სენაკია, რომლის აღმოსავლეთ ნაწილი რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ამოზიდულ კლდეშია გამოკვეთილი. გ. გაგოშიძე ვარაუდობს, რომ სენაკი გვიან შუა საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. სამხრეთ სათავსის შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი, ირეგულარული გეგმარების ჩრდილოეთ სათავსს კი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. როგორც ჩანს, ეკლესია და სენაკის სამხრეთ სათავსი ხის პორტიკით უკავშირდებოდა ერთმანეთს. სენაკის სამხრეთ სათავსის დასავლეთით წყლის რეზერვუარია, რომელშიც სენაკების ქანობიანი სახურავიდან ჩამოდენილი წყალი უნდა დაგროვილიყო. სვეტის დასავლეთ კიდეში რამდენიმე ქვევრია ჩადგმული. მარნის ჩასწვრივ, თხემიდან 10 მეტრით ქვემოთ კლდეში გამოკვეთილი მცირე ზომის სწორკუთხა სენაკია, კარითა და ორი სარკმლით.
კაცხის სვეტის ეკლესია (სვეტის თხემზე მდებარე) მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა (ზომები: 4.5X3.5 მ.). მას ვ. ცინცაძე VI საუკუნით ათარიღებს, ნ. ჩუბინაშვილი — V ს-ის II ნახევრით, გ. გაგოშიძე კი — IX-X საუკუნეებით. სამლოცველო მცირე ზომის, სუფთად თლილი შირიმის ქვითაა ამოყვანილი. წყობა რეგულარულია. შესასვლელი ერთია, ჩრდილოეთიდან. როგორც ჩანს, შესასვლელს ხის პორტიკი ჰქონია მიდგმული, რითაც ჩრდილოეთით მდებარე სენაკს უკავშირდებოდა. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული ღრმა აფსიდით სრულდება. საკურთხეველი დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდის ნაწილი კლდიდან მოწყვეტილია, სავარაუდოდ, ეს მონაკვეთი სუბსტრუქციაზე იდგა. დასავლეთ კედლის სამხრეთ კუთხის წყობაც და მასალაც (კირქვა) დანარჩენი ნაწილისგან განსხვავდება, როგორც ჩანს ეს ნაწილი მოგვიანებით, სავარაუდოდ XIII ს-ში, აღუდგენიათ. ძეგლი ძალიან დაზიანებული იყო, ამჟამად აღდგენილია. ეკლესიის ქვეშ გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის კამაროვანი კრიპტაა. მასში დასავლეთ კედელში გაჭრილი, ტიმპანით გადახურული დაბალი კარით შევდივართ. კრიპტის დასავლეთი კედელი მასზე დაშენებული ეკლესიის კედელთან შედარებით მცირედით დასავლეთითაა გაწეული და მისგან წაგრძელებული ქვათლილებით გამოყვანილი ხარისხითაა გამოყოფილი. კრიპტა ნაგებია სუფთად თლილი, ერთმანეთს კარგად მორგებული კვადრებით და გადახურულია ნახევარწრიული კამარით.
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ვ. ბერიძე – ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. 1974, თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ვ. ბერიძე – ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტომი I, ტომი II. 2014, თბილისი. (მიჰყევით ბმულს: ტომი I ⇒, ტომი II ⇒).
- გ. გაგოშიძე – “კაცხის სვეტი”. აკადემია N1. 2010. (მიჰყევით ბმულს).
- Н. Г. Чубинашвили – Шашианис Самеба: Композиция зальной церкви, осложненная вспомогательными помещениями. 1983, Тбилиси. (მიჰყევით ბმულს).
- ვ. ცინცაძე – “კაცხის სვეტი: V-VI საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი”. ძეგლის მეგობარი N3. 1964. (მიჰყევით ბმულს).
- ვ. ცინცაძე – “კაცხის სვეტი”. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე N8. 1946. (მიჰყევით ბმულს).
- გ. წერეთელი – კაცხის სვეტი. კვალი N40. 1895. (მიჰყევით ბმულს).
რესურსები ინტერნეტში:
- კაცხის სვეტი. ძეგლის ბიბლიოგრაფია. nplg.gov.ge ⇒
- კაცხის სვეტის კომპლექსი. memkvidreoba.gov.ge ⇒
- კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი. dzeglebi.ge ⇒
- კაცხი – სვეტი და ეკლესია. saunje.ge ⇒
- კაცხის სვეტი. ka.wikipedia.org ⇒
- კაცხის სვეტი. novators.ge ⇒