კალაურის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი

კალაურის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი

კალაურის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მდებარეობს. იგი IX საუკუნით თარიღდება. არსებობს მოსაზრება, რომ მონასტრის დაარსება ილარიონ ქართველის მოღვაწეობას უკავშირდება. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ნაგებობას, ესენია: სამეკლესიიანი ბაზილიკა, სატრაპეზო, მარანი, საძვალე, კარიბჭე და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები.  ეკლესია აზიდული, დახვეწილი პროპორციებით ხასიათდება. მთავარი ეკლესია ბევრად მაღალია გვერდითა ეკლესიებთან შედარებით, რაც კონტრასტულობას სძენს ძეგლს. მთავარი ეკლესიის გრძივ ფასადებს დეკორატიული თაღედები რიტმულად ანაწევრებს. მხატვრულ აქცენტს ქმნის ასევე აღმოსავლეთ ფასადის დიდი დეკორატიული თაღი და სამხრეთის ეკლესიის მსხვილ ბურჯებზე დაყრდნობილი თაღედი. ყურადღებას იქცევს პატრონიკე, რომლის შუა ნაწილის კამარა დასავლეთით კონქით სრულდება და კონქი გარედან სამწახნაგაშია მოქცეული. პატრონიკეს ასეთი სპეციფიკური გადაწყვეტა ინდივიდუალურობას ანიჭებს ძეგლს. კალაურის ეკლესიაში აშკარად შეინიშნება ფორმებისა და გამომსახველობითი ხერხების ძიება. გარდა თავად ტაძრისა, გამორჩეული ნაგებობაა საინტერესო გეგმარების მქონე სატრაპეზო, რომელიც უნიკალურია შესასვლელისა და მცირე სათავსის თაღის დეკორით. ნათლისმცემლის ეკლესია ძალიან დაზიანებული იყო, ამჟამად აღდგენილია, სატრაპეზო კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ეკლესიის აღდგენისას დუღაბად გამოყენებული ცემენტი და შელესილი სამხრეთის თაღედის ბურჯები არღვევს ესთეტიკას და აკნინებს ძეგლის მხატვრულ სახეს, ასეთივე უხეში ჩარევები გვხვდება ინტერიერშიც. 2017 წელს, სარეაბილიტაციო სამუსაოებისას, სამხრეთის ეკლესიაში აღმოჩენდა საფლავი წარწერით, რომელიც წარწერის შესწავლის საფუძველზე, კახეთ-ჰერეთის მეფის – კვირიკე III-ს შვილის – ელენეს საფლავად მიიჩნევა. წარწერის შემორჩენილი ფრაგმენტები შემდეგნაირად იკითხება: “განგებითა საღმრთოითა, მსგავსად წოდებულსა მის ადამის ნაშობთაისა, გარდაიცვალა ელენე დედოფალი, ასული ყოვლად დიდებულისა კვირიკე მეფისა, ცოლი დემეტრე უფლისწულისა… …[მ(ა)კ(ა)]რი წინამძღუარი ამის წმიდის საყდრისაი. დღესა შინა შეუნდენ მას ჯუარითა. დედოფლისაი ნებითა და ბრძანებითა მათითა, ენება დამარხვაი წმიდასა საყდარსა ნათლისმცემლისასა. დაიდვა ლი[…] გუამი მათი საფლავსა ამას… ყოვლად უძლეველისა კვირიკე რანთა და კახთა მეფისა. ნებითა მათისასა. აწ, ვინ რაითაცა მიზეზითა შემუსროს ესე საფლავი კრულიმც არს ღმრთისა პირითა, აქა და საუკუნოსა”. კალაურის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ძეგლია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სათანადო ყურადღებას. 

 

არქიტექტურა

კალაურის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს: იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას, სატრაპეზოს, მარანს, საძვალეს, კარიბჭეს და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაა. კომპლექსს რიყის ქვით ნაგები გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომლის ფრაგმენტები თითქმის მთელ პერიმეტრზეა შემორჩენილი. გალავანში ჩართული კარიბჭისგან მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ნაწილებია შერმორჩენილი. მონასტრის დასავლეთით სამოც-სამოცდაათ მეტრზე, ქვითკირის კედლის ნაწილია შემორჩენილი, რომელიც შესაძლოა მონასტრამდე წყლის მისაყვანად ყოფილიყო განკუთვნილი.

კალაურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს. მთავარი ეკლესია, გვერდითა ეკლესიებთან შედარებით, მაღალი და განიერია. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, სამივე შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია, გარედან კი – არქიტრავული. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომლის წინ მოკლე ბემაა. ასფიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. კონქის თაღი ნალისებრი ფორმისაა და აგურის იმპოსტებს ეყრდნობა, რომლის პროფილსაც თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. აფსიდის მხრები თავისებურად არის გადაწყვეტილი, დაახლოებით 3,5 მ. სიმაღლეზე, ისინი “გატეხილია” – ზედა ნაწილი, ქვედას მიმართ, დაახლოებით 20 სმ-ით გადმოშვერილია და საფეხურს ქმნის. ასეთივე საფეხური აქვს ბემის კედლებსაც. საკურთხევლის იატაკი მოგვიანებით აუმაღლებიათ, აფსიდის გვერდებზე აგურის ნატეხებით ნაწყობი თხელი ფენა მიუშენებიათ, რომელშიც თითო განიერი ოდნავ შეისრულთაღოვანი ნიშაა მოწყობილი. აფსიდის ცენტრალურ ღერძზე ნალისებრთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. დარბაზის გრძივი კედლებზე, შუაში და დასავლეთ კიდეებში, ორსაფეხურიანი პილასტრებია. ზედა საფეხურს კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა, ქვედა საფეხურს კი პილასტრებს შორის გარაყვანილი დეკორატიული თაღები. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ჩრდილოეთის ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა სამკვეთლოა მოწყობილი, რომელიც აღმოსავლეთის სარკმლით ნათდება. სამკვეთლოს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, მოგვიანებით საკურთხეველთან დამაკვშირებელი მცირე ზომის გასასვლელიც გაუჭრიათ. ჩრდილოეთიდან ეკლესიას ორი შესასვლელი ჰქონია, რომლებიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთ ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ძირითადი სივრცე გადახურულია ცილინდრული კამარით, აფსიდი კი – ქონქით. ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილი მოგვიანებით კედლით გაუმიჯნავთ დანარჩენი ნაწილისგან. სამხრეთის ეკლესიის სამხრეთ კედელი ორ ბურჯზე გადაყვანილი სამი თაღითაა გახსნილი. დასავლეთით სამივე ეკლესიას ნართექსი აკრავს, რომელსაც დასავლეთიდან თაღოვანი შესასვლელი აქვს. ნართექსის მეორე სართულზე პატრონიკეა მოწყობილი, რომელიც, ერთმანეთთან ნალისებრთაღოვანი გასასვლელებით დაკავშირებული, სამი ნაწილისგან შედგება. პატრონიკეს შუა ნაწილი, გვერდით ნაწილებთან შედარებით, ბევრად უფრო მაღალია. იგი მთავარი ეკლესიის სივრცეში სამი ფართო, მაღალი, ნალისებრთღოვანი ღიობითაა გახსნილი და დასავლეთის განიერი, ნალისებრთაღოვანი სარკმლით ნათდება. პატრონიკეს შუა ნაწილის კამარა დასავლეთით კონქით სრულდება. კვადრატიდან კონქის ნახევარწრიულ საფუძველზე გადასვლა ტრომპებით ხორციელდება. გარედან ქონქი სამწახნაგაშია მოქცეული. პატრონიკეს გვერდის ნაწილები ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. როგორც ჩანს, დასავლეთ ფასადსაც ბაზილიკისთვის ტიპური მოხაზულობა ჰქონდა – მაღალი შუა ნაწილი და შედარებით დაბალი გვერდითა ნაწილები, თუმცა პატრონიკეს გვერდითა ნაწილები გვერდითა ეკლესიებზე მაღალი უნდა ყოფილიყო. ეკლესიის ფასადები სადაა. მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთ სარკმლის ნალისებრი თაღი ერთიან შირიმის ქვაშია გამოჭრილი. სარკმლის თავზე აგურით გამოყვანილი, ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი სწორკუთხა სათაურია. სარკმლის ზევით, ფასადის თითქმის მთელს სიგანეზე, სიბრტყის შეწევით მიღებული, აგურით გამოყვანილი დიდი დეკორატიული თაღია. მთავარი ეკლესიის გრძივი ფასადები აგურის ორმაგი ლილვით შექმნილი დეკორატიული თაღებითაა მორთული. ფასადებს აგურის საფეხუროვანი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია ასევე აგური და შირიმის ქვა. ეკლესიას ჩრდილოეთიდან რიყის ქვით ნაგები მცირე ზომის სამლოცველო ეკვრის, რომლისგანაც შემორჩენილია აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილი კონქთან ერთად, საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთ წირთხლის მცირე ნაწილი და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნახევარი.

ეკლესიის დასავლეთით სატრაპეზო დგას. ნაგებობა სამხრეთ-ჩრდილოეთ ღერძზეა წაგრძელებული და ორი სათავსისგან შედგება. სატრაპეზოს შესასვლელი არმოსავლეთიდან აქვს. შესასვლელი თაღოვანია და ინტერიერის მხრიდან მოქცეულია სიბრტყის შეწევით მიღებულ სწორკუთხედში, გარედან კი – დიდ თაღში, რომელიც პატარა, ერთმანეთზე გადაბმული თაღების მწკრივითაა დეკორირებული. შესასვლელის თავზე სიბრტყის შეწევით მიღებული ჯვარია გამოსახული. ჩრდილოეთით მდებარე სათავსიუფრო დიდია. სათავსები ერთმანეთთან სქელი კედლითაა გამიჯნული, რომელშიც ორი მაღალი და განიერი ოდნავ შეისრულთაღოვანი ღიობია მოწყობილი. აღმოსავლეთით მდებარე ღიობი მოგვიანებით აგურით ამოუშენებიათ და დაბალი სწორკუთხა გასასვლელი მოუწყვიათ. ასეთივე მოხაზულობის ორ-ორი ყრუ თაღითაა დეკორირებული დარბაზის დასავლეთის, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები. დეკორატიულ თაღებში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. დასავლეთის თაღებს შორის მაღალი და განიერი, ოდნავ შეისრული ღია თაღია, რომლითაც დარბაზი პატარა განცალკევებულ სათავსს უკავშირდება. თაღი დარბაზის მხრიდან ორსაფეხურიანია, შირიმის მარტივპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა და გაფორმებულია პატარა, ერთმანეთზე ბოლოებით გადაბმული ნახევარწრიული თაღების უწყვეტი მწკრივით, სატრაპეზოს შესასვლელის თაღის მსგავსად. სათავსი შენობის დასავლეთ კედლის ხაზიდან მთლიანად გარეთაა გასული და დამოუკიდებელი ორფერდა გადახურვა აქვს. ოთახი გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით, რომლის მთელი ზედაპირი დამუშავებულია წყობაში ოდნავ შეღრმავებული და ერთმანეთზე მიყრდნობილი რომბებით. კამარა დასავლეთით ნახევარპილასტრებზე (პილასტრებისგან მცირე ნაწილია შემორჩენილი) გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. თაღის ქუსლებთან გამოყოფილია შირიმის მაღალი იმპოსტები, რომელთა პროფილს თარო და ოდნავ შეზნექილი ზედაპირი ქმნის. სათავსის დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში ორი საფეხურით შეღრმავებული თაღოვანი ნიშია. ნიშის ზემოთ თაღოვანი სარკმელი ყოფილა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე თითო დეკორატიული თაღია. კონსტრუქციის მდგრადობის მიზნით სათავსის კედლები დარბაზის კედლებთან წყობაში დატანებული ხის ძელებით ყოფილა დაკავშირებული. დარბაზის ჩრდილოეთის კედლის ერთ თაღში, როგორც ჩანს, ადრე დარბაზზე ჩრდილოეთიდან მიშენებულ ნაგებობაში გასასავლელი კარი ყოფილა, რომელიც მოგვიანებით გაუუქმებიათ და მის ნაცვლად ბუხარი მოუწყვიათ. დარბაზს ხის კოჭოვანი გადახურვა ჰქონია. ინტერიერში შემორჩენილია გრძელი მაგიდებისა და დასაჯდომების ნაშთები. დარბაზის ტავზე მოგვიანებით მეორე სართული მოუწყვიათ, სადაც აღმოსავლეთ კედელზე გარედან მიშენებული ქვის კიბით ადიოდნენ. სამხრეთით მდებარე სათავსი გეგმით თითქმის კვადრატულია. სათავსის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია გარეთ ნახევარწრული გამოშვერილი მოზრდილი ბუხარი. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ კიდესთან ვიწრო კარია, ხოლო დასავლეთ ნაწილში მაღალი სწორკუთხა ნიშაა, რომელშიც სწორკუთხა სარკმელია მოწყობილი. სათავსის დასავლეთ კედელი ამჟამად თითქმის მთლიანადაა დანგრეული. სათავსის შუაში შემორჩა რიყის და ნატეხი ქვით ნაგები კვადრატული ბოძი, რომელსაც როგორც ჩანს, გადახურვის ხის კოჭები ეყრდნობოდა. ოთახის შემორჩენილი კედლებიდან ჩანს, რომ იგი დარბაზზე უფრო დაბალი ყოფილა და ცალფერდა სახურავი ეხურა. მოგვიანებით სათავსის მხრიდან დარბაზის სამხრეთ კედელზე მიუშენებიათ კედელი რომელშიც ამოშენებული და გარედან შელესილი ღიობის კვალია. სატრაპეზოს სამხრეთის ოთახი გეგმით თითქმის კვადრატულია. აღმოსავლეთ კედელში მოზრდილი ბუხარია მოწყობილი, რომელიც გარეთ ნახევარწრულადაა შვერილი. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ კიდესთან ვიწრო კარია, ხოლო დასავლეთ ნაწილში – მაღალი სწორკუთხა ნიშა, რომელშიც სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სათავსის შუაში რიყის და ნატეხი ქვით ნაგები კვადრატული ბოძია შემორჩენილი, რომელსაც როგორც ჩანს, გადახურვის ხის კოჭები ეყრდნობოდა. მოგვიანებით სათავსის მხრიდან დარბაზის სამხრეთ კედელზე მიუშენებიათ კედელი, რომელშიც ამოშენებული ღიობის კვალია. ოთახის შემორჩენილი კედლებიდან ჩანს, რომ იგი დარბაზზე უფრო დაბალი ყოფილა და ცალფერდა სახურავი ეჰქონდა. ფასადები სადაა, მხატვრულად აქცენტირებულია მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადი, სადაც მთავარი ელემენტი პორტალია, პორტალის ორივე მხარეს განიერი და მაღალი, ოდნავ შეისრული მოხაზულობის დეკორატიული თაღია. სატრაპეზო ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. კედლების ზედაპირი შიგნით და გარეთ გასწორებული ყოფილა ბათქაშით. სატრაპეზოს ჩრდილოეთიდან მოზრდილი ნაგებობა ეკვროდა. სადგომს შესასვლელი აღმოსავლეთიდან ჰქონდა მოწყობილი. ოთახის ინტერიერი დაფარულია ნანგრევებითა და ხშირი მცენარეულობით. ეზოში ჩანს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები.

ეკლესიის აღმოსავლეთით სანახევროდ მიწაში ჩაფლული კამაროვანი საძვალეა. იგი მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები და კრამიტის ორფერდა გადახურვა ჰქონდა. ნაგებობის დასავლეთ კვადრატული ხვრელობია მოწყობილი, რომელიც მიცვალებულის შესასვენებლად იყო განკუთვნილი. ხვრელობის ქვემოთ მიცვალებულის დასასვენებელი ტახტია.

 

 

იხილეთ ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *