კალაურის წმინდა გიორგის ეკლესია

კალაურის წმინდა გიორგის ეკლესია

კალაურის წმინდა გიორგის ეკლესია კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მდებარეობს. იგი აგებულია VI-VII საუკუნეებში, განახლებულია XVI საუკუნეში (ამ პერიოდს მიეკუთვნება გარშემოსავლელის დიდი ნაწილი, ფანჩატური და მოხატულობა). ნაგებობა ჰარმონიული პროპორციებით ხასიათდება. გეგმარებითა და მასების გადაწყვეტით იგი მიემსგავსება კახეთში გავრცელებულ სამეკლესიიან ბაზილიკებს და ასახავს თავისი პერიოდის ტენდენციებს. მხატვრულ ეფექტს მთავარი და დაქვემდებარებული მოცულობების პროპორციათა კონტრასტი ქმნის, კომპოზიცია ჰორიზონტალურადაც იშელება და ამავდროულად აზიდულობა და სიმსუბუქე ახასიათებს. კალაურის წმინდა გიორგის ეკლესია სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს. შესასვლელი ერთია – დასავლეთიდან, იგი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი – თაღოვანი. მეორე შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. ტაძარს დასავლეთით დერეფანი ეკვრის, რომელიც სამხრეთისა და ჩედილოეთის ეკლესიებს აერთიანებს. მინაშენების უმეტესი ნაწილი XVI საუკუნით თარიღდება და მთავარ ეკლესიას წყობით არ უკავშირდება, თუმცა ეკლესიის თანადროული ფენაც შემორჩენილია, რომელსაც მთავარი ნაგებობის ანალოგიური წყობა აქვს. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ეკლესია ერთი აღმოსავლეთისა და ორი სამხრეთის სარკმლით ნათდება. აღმოსავლეთის სარკმელს ნალისებრი მოხაზულობა აქვს. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო სწორკუთხა ნიშაა. საკურთხეველში ნატეხი ქვით ნაგები, შელესილი, ოთხწახნაგა ტრაპეზი დგას. სატრიუმფო თაღი აფსიდის მხრების კაპიტელებს ეყრდნობა, რომლებიც თაროსა და დახრილი სიბრტყისგან შედგება. საკურთხეველი ძირითადი სივრცისგან გვიანდელი კანკელითაა გამოყოფილი. დარბაზი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია XVI საუკუნის მოხატულობა. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება, შუა რეგისტრში – მოციქულთა ზიარება, მესამე რეგისტრში – ეკლესიის მამების გამოსახულებები. კედლებზე გვხვდება ხარების, შობის, ყრმის განბანვის,  ლაზარეს აღდგინების, იერუსალიმში შესვლის, ჯვარცმის, გარდამოხსნის, ამაღლების, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის კომპოზიციები, წმინდა გიორგის ცხოვრების სცენები და წმინდანთა გამოსახულებები. კომპოზიციები ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული არ არის. მოხატულობას ახასიათებს ხალხური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. გამოსახულებები სიბრტყობრივია, პროპორციები და ფორმები მოუხეშავი, თუმცა აქვს ექსპრესიულობა. კოლორიტი მოლურჯო რუხის, თეთრისა და მოწითალო-მონარინჯისფრო ტონალობებისგან შედგება. ტაძრის ჩრდილოეთის ფრთა ორ ნაწილადაა გაყოფილი, აღმოსავლეთ ნაწილში უაფსიდო სამკვეთლოა მოწყობილი, დასავლეთით კი – ეკლესია. სამხრეთის ფრთა აფსიდალური ეკლესიაა. სამკვეთლოს ერთი სარკმელი აქვს, ჩრდილოეთის ეკლესია უსარკმლოა, სამხრეთისას კი ერთი სარკმელი აქვს სამხრეთ კედელში. მინაშენის სამივე ფრთა სხმული, ამორფული კამარითაა გადახურული, რომელიც მთავარი ეკლესიის შესაბამის კედელზე მოწყობილ საფეხურს ეყრდნობა. ფასადები სადაა და აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით სრულდება, ლავგარდანი გვიანდელია. დასავლეთ ფასადზე დიდი თაღია, რომელშიც რელიეფური ჯვარია მოთავსებული. ტაძრის სახურავის კეხზე, დასავლეთით, გვიანდელი სამრეკლო-ფანჩატურია აღმართული. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, წყობაში ლოდებიც არის ჩართული. მოგვიანებით აღდგენილ ნაწილებში გამოყენებულია კვადრატული აგურიც. სოფელ კალაურის მიდამოებში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ კალაურის ნათლისმცემლის ეკლესია და შაშიანის სამება.

 

 

იხილეთ ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *