ხცისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია

ხცისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია

ხცისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ხცისიდან 1,5 კმ-ის დაშორებით. იგი XI საუკუნის I ნახევრით თარიღდება. ეკლესიის ლაპიდარული წარწერების თანახმად, ტაძრის აშენება ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში, 1002 წელს, გურანდუხტ დედოფალთან დაახლოებულ პირს – ანანია მთავარეპისკოპოსს დაუწყია. წარწერები შემდეგნაირად იკითხება: I წარწერა (აღმ. ფასადი) – “სახელითა ღმრთისაითა, მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმინდასა და ამას ეკლესიასა საყოფელსა წმინდაისა ნათლისმცემლისასა სალოცავად. ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩუენისადა სახსრად ცოდვილისა და მამათა ჩემთათვის, ქორონიკონი იყო სკბ”, II წარწერა (დას. ფასადი) – “წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხტ დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა ქ. უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა… და ყოველი კურაპალატი მოეც ძლევაი მტერთა ზედა ხილულთა და უხილველთა”, III წარწერა (დას. ფასადი) – “ქრისტე შეიწყალე ანან მთავარ ეპისკოპოსი”. დასავლეთ ფასადზე კიდევ ერთი წარწერაა: “უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოვანე”. ხცისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია. ფასადთა დამუშავებაში XI საუკუნეში შემუშავებული მხატვრული სახეები გამოიყენება: დეკორაციული თაღები, ფართო ორნამენტული საპირეები, მრავალფეროვანი რელიეფური მოტივები. ტაძარი ხასიათდება აზიდული, დახვეწილი პროპორციებით. აზიდულობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე გამოყენებული დეკორატიული თაღები. მსგავსი გადაწყვეტით ხცისის ეკლესიას ენათესავება მომდევნო პერიოდის სავანისა და წინარეხის (მაღალაანთ ეკლესია) ეკლესიები. აღსანიშნავია შიდა სივრცის გადაწყვეტა. ინტერიერში სიხალვათე იგრძნობა, შთაბეჭდილებას ახდენს დინამიურობა, რასაც გრძივი კედლების დამანაწევრებელი სამსაფეხურიანი პილასტრები, დეკორატიული თაღები და საკურთხევლის შეწყვილებული ნიშები ქმნის. ტაძრის აგებულებასა და წყობაში მძაფრად იგრძნობა კომპოზიციის გააზრებულობა და შესრულების ოსტატობა. შესანიშნავია მაღალი ოსტატობით შესრულებული მორთულობა, ჩუქურთმები ცოცხალი და პლასტიკურია. გარდა ორნამენტული მოტივებისა ფასადებს ზოომორფული რელიეფებიც ამკობს, ფარშევანგები, მტაცებელი ცხოველების ნადირობის სცენები. განსაკუთრებით გამორჩეულია აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზევით მოთავსებული რელიეფი, რომელზეც ზღაპრულ ფრინველებს კლანჭებში ლომები ჰყავთ მოქცეული. აღნიშნულ რელიეფს ანალოგი არ მოეპოვება. რელიეფთა და ჩუქურთმათა დამუშავებაში სხვადასხვა ხელწერა შეინიშნება, როგორც ჩანს, ეკლესიის შემკობაზე ერთზე მეტი ოსტატი მუშაობდა. ხცისის ეკლესიამ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია, იგი 1990-იან წლებში მომხდარმა მიწისძვრამ დაანგრია, 2000-იან წლებში ძეგლზე განხორციელდა სარებილიტაციო სამუშაოები. კამარა ჩანგრეული იყო, აფსიდის კონქი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, განსაკუთრებით დაზიანებული იყო სამხრეთ ფასადი, სამკვეთლო და კარიბჭე, ძეგლი ამჟამად თითქმის მთლიანად აღდგენილია, აღუდგენელია სამხრეთის კარიბჭე და სამკვეთლოს დასავლეთ ნაწილი.

 

ძეგლის აღწერა

ხციხის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით (ჩრდილოეთით – სამკვეთლო, სამხრეთით – კარიბჭე). შესასვლელი ორია – სამხრეთითა (კარიბჭიდან) და დასავლეთით, ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან – თაღოვანი. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომლის წინ მცირე ბემაა. აფსიდის განაპირა მონაკვეთებში შეწყვილებული თაღოვანი ნიშებია. ნიშებს სადა, ზირითად სიბრტყეზე ჩაკვეთილი, მოჩარჩოება ევლება, რაც ამძაფრებს დასრულებულობის, სრულყოფის ეფექტს. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში სამკვეთლოსთან დამაკავშირებელი კარია გაჭრილი. დარბაზის გრძივი კედლები სამსაფეხურიანი პილასტრებითაა დანაწევრებული, ქვედა საფეხურებზე დეკორატიული თაღებია გადაყვანილი, ზედა საფეხურებზე კი ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. პილასტრებს სადა პროფილის მქონე (შეწყვილებული ლილვი) იმპოსტები ასრულებს. ეკლესია სამი თაღოვანი სარკმლით ნათდება, თითო სარკმელია გაჭრილი აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში. ტაძრის იატაკში მოწყობილია ორი სამალავი. ეკლესიას ორივე მინაშენი თავიდანვე ჰქონია, თუმცა სამხრეთის მინაშენის აგება, როგორც ჩანს, მას მერე გადაწყდა, რაც თავად ტაძრის მშენებლობა უკვე დაწყებული იყო. ეკლესიის სამხრეთის მინაშენი ორი თაღით გახსნილი კარიბჭეა, რომელიც მთავარ შესასვლელს წარმოადგენდა. მის აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდალური კვადრატული სათავსია. კარიბჭე გადახურული იყო ცილინდრული კამარით, რომელიც სამ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. სამხრეთის მინაშენში მოწყობილია საძვალე. ჩრდილოეთის მინაშენი სამკვეთლოსა და ერთ მცირე სათავსს მოიცავს. თავიდან ეს მინაშენი ეკლესიაზე უფრო მოკლე იყო, მცირე სათავსი მოგვიანებით მიუმატებიათ. თუ სამკვეთლოს სარკმლის მორთულობის შესრულებით ვიმსჯელებთ იგი მოგვიანებით უნდა იყოს აღდგენილი. მინაშენის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები კრონშტეინებს ეყრდნობა. მინაშენს ორი სარკმელი აქვს, ერთი – სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელში, მეორე კი – მცირე სათავსის დასავლეთ კედელში. ტაძარი უხვადაა დეკორირებული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებს გრეხილი ლილვებისგან შექმნილი დეკორატიული სამთაღედები ამკობს, შუა თაღები გვერდითებზე მაღალია. როგორც ჩანს, თაღებით იყო დეკორირებული სამხრეთის ფასადიც, თუმცა მისგან მხოლოდ მცირე ფრაგმენტია შემორჩენილი. დეკორატიული თეღების საყრდენი კაპიტელები რელიეფებითაა შემკული. სარკმლებს მოჩუქურთმებული, ფართო საპირეები აქვს და ასევე მოჩუქურთმებული, ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი, თაღოვანი სათაურები ამკობს, რელიეფებითაა შემკული სარკმლების მოჩარჩოებასა და სათაურებს შორის არსებული სივრცეებიც. ამგვარივე სათაურებითაა გამოყოფილი შესასვლელების ტიმპანის ერეები. დასავლეთის ტიმპანში რელიეფური ჯვარია მოთავსებული. აღმოსავლეთ ფასადის შუა თაღში, ერთმანეთის თავზე მოთავსებულია ფრინველებისა და ლომების რელიეფი და კბილანა თაღში მოქცეული ჯვრის რელიეფი, რელიეფური ჯვრებია მოთავსებული ამავე ფასადის განაპირა ნაწილებშიც. დასავლეთ ფასადის სარკმლის ქვემოთ აყვავებული ჯვარია გამოსახული, დეკორატიული თაღების პილასტრების ბაზისებზე მტაცებელთა ნადირობის სცენებია გამოსახული. სამხრეთ ფასადზე, დეკორატიული თაღის შემორჩენილი ფრაგმენტის არეში ფარშევანგებისა ჯვრის რელიეფებია მოთავსებული. ეკლესიის ფასადებიცა და ინტერიერიც მოპირკეთებულია სუფთად თლილი მოყვითალო-მოვარდისფრო და რუხი ქვის კვადრებით.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *